კორონავირუსი და შეზღუდვები

ჯაფარიძე: ვაპირებ, ბარი დღესაც ჩვეულებრივად გავხსნა – იმუშავებს მანამ, სანამ არ დამაკავებენ

ტაბულა

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ბარი ჯაფარასთან, რომელიც პოლიტიკური დაუმორჩილებლობის ნიშნად გაიხსნა, დალუქვის მიუხედავად, მაინც გაიხსნება და მანამ იმუშავებს, სანამ მას არ დააკავებენ 

"ამ წუთის მდგომარეობით ბარი დალუქულია, ვაპირებ, რომ ჩვეულებრივად გავხსნა. როცა თავიდან გავხსენი,  ვთქვი, იმუშავებს მანამ, სანამ მე ფიზიკურად არ დამაკავებენ. ჩემთვის ეს არის პრინციპული საკითხი. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი, რომლის მიზანია, არა ხელისუფლებას გავაგებინო რამე, იმიტომ, რომ მაგის იმედი არ მაქვს, უბრალოდ ამ ქვეყნის მოქალქეებს გავაგებინო, რომ ასე მონურ მორჩილებაში ცხოვრება არ შეიძლება". – თქვა ზურა ჯაფარიძემ.

15 თებერვლის დილის საათებში ბარი ჯაფარასთან პოლიციამ დალუქა. დალუქვამდე ბარში პოლიცია და შრომის ინსპექცია ღამის საათებშიც მივიდა. ზურა ჯაფარიძის თქმით, შრომის ინსპექციამ გადაამოწმა უნებართვო ეკონომიკური საქმიანობის განმეორებითობა, რის შესახებაც ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზურა ჯაფარიძის ბარის დალუქვასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს. 

ჯაფარიძემ ბარი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად 13 თებერვალს გახსნა. შრომის ინსპექციამ ის 2 000 ლარით დააჯარიმა თუმცა, როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს. 

კომენტარები