კორონავირუსი და შეზღუდვები

ზურა ჯაფარიძის ბარი პოლიციამ დალუქა – ორი თანამშრომელი გამოკითხვაზე წაიყვანეს 

Tabula

ბარი ჯაფარასთან, რომელიც გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ პოლიტიკური დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნა, პოლიციამ დალუქა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს უთხრა, ბარში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და დაილუქა. მისივე თქმით, ბარის ორი თანამშრომელი პოლიციამ გამოკითხვაზე წაიყვანა. 

"საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მენეჯერი და სტაფი წაიყვანეს გამოსაკითხად უბრალოდ და გამოუშვებენ, 248-ე მუხლის მიხედვით. ის [ბარი] დალუქულია, ვერ შეხვალთ". – თქვა ადგილზე მყოფმა შსს-ს თანამშრომელმა. 

საქართველოს სისხლის სამართლის 248-ე პრიმა მუხლი ითვალისწინებს იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევას. 

ამ დროისთვის ზურა ჯაფარიძე ადგილზე არ იმყოფება. ჯაფარიძე ბარის გახსნისას ამბობდა, რომ დალუქვის შემთხვევაში ის ლუქს ახსნიდა და მუშაობს მანამ გააგრძელებდა, სანამ არ დააპატიმრებდნენ. 

ბარში ჯაფარასთან პოლიცია და შრომის ინსპექცია ღამის საათებშიც მივიდა. ზურა ჯაფარიძის თქმით, შრომის ინსპექციამ გადაამოწმა არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განმეორებითობა, რის შესახებაც ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეწოდება. 

ჯაფარიძემ ბარი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად 13 თებერვალს გახსნა. შრომის ინსპექციამ ის 2 000 ლარით დააჯარიმა თუმცა, როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ბარი დღეს, 14 თებერვალსაც გაიხსნა. 

კომენტარები