კორონავირუსი და შეზღუდვები

ჯაფარიძე: დღესაც გელოდებით, 19:00 საათიდან, ეს ბარი არ დაემორჩილება არცერთ შეზღუდვას

ტაბულა

ზურა ჯაფარიძის ბარი, JAPARASTAN დღესაც 19:00 საათიდან იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი Facebook-ზე თავად ავრცელებს. 

"დღესაც გელოდებით, 19.00 საათიდან, აღმაშენებლის 45-ში.

ეს ბარი არ დაემორჩილება არცერთ შეზღუდვას სანამ ყველა შეზღუდვა არ მოიხსნება

when injustice becomes law, resistance becomes duty - უცნობი ოსი ავტორი".- წერს ჯაფარიძე. 

ჯაფარიძემ ბარი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად 13 თებერვალს გახსნა. შრომის ინსპექციამ ის 2 000 ლარით დააჯარიმა თუმცა, როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს. მისივე თქმით, განმეორებითი შემთხვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

"გასაჩივრებასაც ვაპირებ ოქმის, თუმცა მთავარი გასაჩივრება არ არის, მთავარი არის ის, რომ ეს ბარი არ დაიხურება მანამ, სანამ ფიზიკურად რამენაირად არ დამაკავებენ. ჩემი დაკავება რთულია, რადგან დეპუტატის სტატუსი მაქვს, მათი დამსახურებით. მე მოვითხოვე დეპუტატის სტატუსის გაუქმება და არ გამიუქმეს. მეტიც, გასაჩივრებული მაქვს პარლამენტის დადგენილება, რომელიც, ალბათ, დროში გაიწელება".- თქვა ჯაფარიძე დაჯარიმების შემდეგ. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები. თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა. 

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები იხსნება 15 თებერვლიდან – სრულად

კომენტარები