არჩევნები 2020

მეგრელიშვილი რიგგარეშე არჩევნებზე უარის თქმის ერთ-ერთ მიზეზად ეკონომიკურ კრიზისს ასახელებს

ON.GE

გირჩის ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნაზე უარის თქმის მიზეზად ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს და პარტიების დაფინანსების არარსებობას ასახელებს. 

"სინამდვილეში არავის არ უნდა ეს რიგგარეშე არჩევნები. წარმოიდგინეთ, ასეთ განადგურებულ ქვეყანაში, სადაც კატასტროფული კრიზისია, მართლა რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. [...] ოპოზიციას უნდა ახალი არჩევნების ჩატარება გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე? რა ფულით უნდათ? ვინ აძლევთ მაგათ ფულს?". – თქვა  ვახტანგ მეგრელიშვილმა 3 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

ტაბულა დაინტერესდა აპირებს თუ არა გირჩი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და რა პოზიცია აქვს პარტიას თვითმმართველობისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ერთად ჩატარებასთან დაკავშირებით.

"ჯერ არ გვაქვს წარმოდგენა, ფაქტობრივად, როგორც ქვეყანაა კრიზისში და გაუგებარიაб რა გველოდება, გირჩიც დაახლოებით იმავე სიტუაციაშია. მონაწილეობა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, როგორ დასრულდება პერიპეტიები პარლამენტთან დაკავშირებით. [...] თუ პარლამენტში არ შევედით, ანუ არ მოხდა შეთანხმება, რა გვესაქმება საკრებულოს არჩევნებში". – ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.

ტაბულას კითხვას, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის პირობებში ხარჯების შესამცირებლად რა წინააღმდეგობებს ხედავს თვითმმართველობისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ერთად ჩატარებაში, მეგრელიშვილი პასუხობს, რომ ამ პოზიციას ქართული ოცნება ეწინააღმდეგება.

"ჩემი შეფასებით, ეგ ამბავი უბრალოდ შეუძლებელია დღეს. შეუძლებელია იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნების ოფიციალური პოზიციაა ასეთი, და რანაირად შეიძლება ის აიძულო, შეცვალოს თავისი პოზიცია, დღეს არანაირი წინაპირობა ამისი არ გვაქვს". – თქვა მეგრელიშვლმა

ტაბულას სურდა დაეზუსტებინა, ვახტანგ მეგრელიშვილი რიგგარეშე არჩევნებზე უარის თქმის ძირითად მიზეზად ეკონომიკურ კრიზისს ასახელებს თუ ქართული ოცნების საპირისპირო პოზიციას. მეგრელიშვილმა კითხვას მკაფიო პასუხი არ გასცა და თქვა, რომ არსებული კონფლიქტი ოპოზიციასა და ხელისუფლებას ხელს არ უწყობს პარტიების დაფინანსებას, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც. 

"მე რომ ვნახე 2020 წლის არჩევნებზე პარტიები, როგორც ისინი მონაწილეობდნენ, რა ხარჯებიც გასწიეს, შემდეგ რა ვალები დარჩათ, რა მდგომარეობაში არიან დღეს, რომ წარმოიდგინოთ ეს კონფლიქტი, რომელიც პარტიების დაფინანსებას ხელს არ შეუწყობს. წარმოიდგინეთ პარტიები, რომლებიც ელოდნენ 20-30%-ს და მიიღეს 3%, ის პარტიები რომ გავლენ ახლიდან არჩევნებზე უკეთეს შედეგს მიიღებენ თუ უარესს შედეგს მიიღებენ? უნდათ ამ პარტიებს ახლა არჩევნები, თუ არ უნდათ?". – ამბობს მეგრელიშვილი. 

60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 51-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოპოვებულ მანდატებზე უკვე თქვა უარი, თუმცა პარლამენტს მანდატების გაუქმების შესახებ მათი განცხადებები ჯერ არ დაუკმაყოფილებია. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. 

ევროპელი სოციალისტებისა და მოქალაქეების გარდა, ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომლის წევრებსაც მანდატებზე უარი არ უთქვამთ, გირჩია

კომენტარები