არჩევნები 2020

დეგნანი: NDI-ის გამოკითხვაში ითქვა, რომ ქართველებს პარლამენტის წევრების ერთად მუშაობა სურთ

კელი დეგნანი

"75%-ზე მეტმა ქართველმა NDI-ს გამოკითხვაში თქვა, რომ სურთ მათი პარლამენტის წევრებმა ერთად იმუშაონ და იმუშაონ პარლამენტში ამ საკითხებზე". – ამის შესახებ საქართველოში აშშ ის ელჩმა, კელი დეგნანმა პარლამენტში ვიზიტის დროს ისაუბრა. აშშ-ს ელჩმა ასევე კომენტარი გააკეთა გუშინ პარლამენტის მიერ ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტაზე და თქვა, რომ მხარეებს მიეცათ დამატებით დრო, აღმოფხვრან მათი განსხვავებები.

"მე ვფიქრობ, რომ გუშინდელი დღე იყო საშუალება: მხარეებს მიეცეთ დამატებითი დრო, აღმოფხვრან მათი განსხვავებები, თუ შეუძლიათ. ვფიქრობ, რეზოლუცია მიღწევადია, თუ მხარეები საქართველოს ინტერესებს დააყენებენ პირველ ადგილზე. ქართველმა ხალხმა რამდენიმე გამოკითხვაში აჩვენა, რა სურთ, რა ადარდებთ: მაღალი ფასები, სიღარიბე. 75%-ზე მეტი ქართველმა NDI-ს გამოკითხვაში თქვა, რომ სურთ, მათი პარლამენტის წევრებმა ერთად იმუშაონ და იმუშაონ პარლამენტში ამ საკითხებზე". – განაცხადა დეგნანმა

ოპოზიციის ძირითადი ნაწილი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ გაყალბებისა და დაშინების ფონზე, არჩევნები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. 

ოპოზიციურ ბოიკოტზე ამ დროისთვის მხოლოდ ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებმა თქვეს უარი, რომლებიც 2 თებერვალს პარლამენტში შევიდნენ.

მანდატზე უარი არ უთქვამს და არც პარლამენტში შესულა იაგო ხვიჩიას გირჩი. ლიბერტარიანულ იდეებზე დაფუძნებულმა პარტიამ პარლამენტს მიმართა და სთხოვა, კოლეგებს უფლებამოსილება არ შეუჩერონ. იაგო ხვიჩია დარწმუნებულია, რომ ის მოახერხებს და პარლამენტში იმდენ ოპოზიციონერ დეპუტატს შეიყვანს, რამდენიც საჭირო იქნება 113 ხმის მოსაგროვებლად, რაც აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. 

ოპოზიციური პარტიები მმართველი გუნდისგან მოითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო კოდექსის რეფორმირებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ამ მიზნით ოპოზიციურმა პარტიებმა, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, ხელისუფლებასთან დიალოგის ოთხი რაუნდი გამართეს, თუმცა, არცერთ ამ შემთხვევაში არსებითი შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. 

ამ დრომდე არ არის ცნობილი, როდის შედგება და შედგება თუ არა მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი. 

 

კომენტარები