ეკონომიკა

2020 წელს ექსპლუატაციაში შესული შენობა-ნაგებობების ფართობი მესამედით შემცირდა

ფოტო: Shih-Wei , iStock, Getty Images

ეკონომიკური კრიზისის გამო 2020 წელს ექსპლუატაციაში შესული შენობა-ნაგებობების ფართობი მესამედით შემცირდა. 2019 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობაც. 

ქვეყანაში არსებულმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ ნეგატიური ზეგავლენა იქონია მშენებლობების ნებართვებზეც.  

ინფორმაციას 2020 წლის განმავლობაში მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ საქართველოს საქსტატი ავრცელებს.

2020 წელს ნებართვა გაიცა 5 206,3 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, ეს მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 30.9%-ით ნაკლებია.

ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 694.3 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი [2 134 ობიექტი], რაც წინა წელთან შედარებით 33.5%-ით, ხოლო რაოდენობრივად 14.9%-ით ნაკლებია. 

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2020 წელს მშენებლობის სულ 9 564 ნებართვა გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია. 

ნებართვების 77%  ქვეყნის ოთხ რეგიონზე მოდის:

  • 53.5% - თბილისი, 
  • 9.6% - ქვემო ქართლი, 
  • 7% - მცხეთა-მთიანეთი
  • 6.9% - იმერეთის რეგიონი.
     

 

გაცემული ნებართვების შედარებით მაღალი წილი  მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის. 

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი ქვეყნის ოთხ რეგიონზე ნაწილდება. 

  • 27.8% - თბილისი, 
  • 14.6%  - კახეთი,
  • 10.1% - ქვემო ქართლი
  •  9.5% - იმერეთი.

 

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის საშუალო რეალური ზრდა -6.1 პროცენტით განისაზღვრა. ეს ყველაზე მაღალი ვარდნაა 1994 წლის შემდეგ. მაშინ ქვეყნის მშპ 10.4%-ით შემცირდა.

ეს არის პირველი შემთხვევა 2009 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს ეკონომიკა შემცირდა, 2009 წელს, რუსეთის სამხედრო აგრესიისა და გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე, საქართველოს ეკონომიკა 3.6%-ით შემცირდა. 

კომენტარები