რეკორდული ვარდნა 26 წელში - 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა

განახლდა:
საიმონ დოუსონი / Bloomberg

2020 წლის საშუალო რეალური ზრდა -6.1 პროცენტით განისაზღვრა. ეს ყველაზე მაღალი ვარდნაა 1994 წლის შემდეგ, მაშინ ქვეყნის მშპ 10.4%-ით შემცირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებული წინასწარი მონაცემებიდან ხდება ცნობილი. 

ეს არის პირველი შემთხვევა 2009 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს ეკონომიკა შემცირდა, 2009 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიისა და გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე საქართველოს ეკონომიკა 3.6%-ით შემცირდა. 

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • 1991 წელი – -21.1%;
  • 1992 წელი – -44.%;
  • 1993 წელი – -29.3%;
  • 1994 წელი – -10.4%;
  • 1995 წელი – 2.6%;
  • 1996 წელი – 11.2%
  • 1997 წელი – 10.5%;
  • 1998 წლი – 3.1%;
  • 1999 წელი – 2.8%;
  • 2000 წელი – 1.8%;
  • 2001 წელი – 4.8%;
  • 2002 წელი – 5.4%;
  • 2003 წელი – 11%;
  • 2004 წელი – 5.7%;
  • 2005 წელი – 11%;
  • 2006 წელი – 9.4%;
  • 2007 წელი – 12.5%;
  • 2008 წელი – 2.4%;
  • 2009 წელი – 3.6%;
  • 2010 წელი – 6.2%;
  • 2011 წელი – 7.4%;
  • 2012 წელი – 6.3%;
  • 2013 წელი – -3.6%;
  • 2014 წელი – 4.4%;
  • 2015 წელი – 3%;
  • 2016 წელი – 2.9%;
  • 2017 წელი – 4.8%;
  • 2018 წელი – 4.8%;
  • 2019 წელი – 4.9%;

კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები საქართველოს 5%-იან ეკონომიკურ ვარდნას უწინასწარმეტყველებდნენ. საგრძნობლად უფრო ოპტიმისტურად იყო განწყობილი მთავრობა და 2020 წლის განმავლობაში წლის განმავლობაში 4%-იან შემცირებას ვარაუდობდა, სწორედ ამ ნიშნულზე დაიგეგმა საგანგებო ბიუჯეტი. 

პანდემიის პირველი ტალღის დროს ხელისუფლების უმაღლესი პირები გასცემდნენ დაპირებას, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნიდა საზღვრებს ტურისტებისთვის. ფრენების განახლების და სავარაუდო გახსნის თარიღად მთავრობა პირველ ივლისს ასახელებდა, თუმცა ქვეყანა ამ დრომდე პრაქტიკულად დახურულია და რეგულარული ფრენების აღდგენა მხოლოდ პირველი თებერვლიდან იგეგმება. 

გასულ წელს, მხოლოდ ტურიზმიდან შემოსული თანხის სახით საქართველოს ეკონომიკამ დაახლოებით 2.7 მილიარდი დოლარი დაკარგა. 2020 წლის პირველ ნახევარში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10-წლიანი მინიმუმამდე შემცირდა და ჯამურად 237 მილიონი დოლარი შეადგინა.  ვითარების რეალური სიმძიმე  უფრო კარგად ჩანს იმის ფონზე, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პირდაპირი ინვესტიციები ისედაც მკვეთრად მცირდებოდა. მაგალითად, 2018 წლის მეორე კვარტალში სულ 406,1 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც მიმდინარე მაჩვენებელს 41%-ით აღემატება. 

ბოლო 10 წლის განმავლობაში წლის პირველ ნახევარში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2010 წლი - $387,6 მილიონი;
  • 2011 წელი - $495,7 მილიონი;
  • 2012 წელი - $560 მილიონი;
  • 2013 წელი - $515,9 მილიონი;
  • 2014 წელი - $549,5 მილიონი;
  • 2015 წელი - $836 მილიონი;
  • 2016 წელი - $845 მილიონი;
  • 2017 წელი - $808,9 მილიონი; 
  • 2018 წელი - $734,7 მილიონი;
  • 2019 წელი - $550,3 მილიონი;
  • 2020 წელი - $409,6 მილიონი;

წლის მეორე ნახევარში ეკონომიკის შესაძლო შემცირების მაჩვენებელი მთავრობამ, -5%-ზე დაგეგმა, თუმცა მას შემდეგ, რაც ნოემბრის ბოლოს მთავრობამ მასშტაბური შეზღუდვების ახალი სერია დააწესა, გასაგები გახდა, რომ ზარალი უფრო დიდი იქნებოდა. 

უცხოეთიდან განხორციელებული პირდაპირი ფულადი გზავნილები პრაქტიკულად ქვეყნის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, რომელიც გასული წლის განმავლობაში არათუ არ შემცირებულა, არამედ გაიზარდა კიდეც. გასულ წელს საქართველოში ჯამურად 1.88 მილიარდი დოლარის პირდაპირი ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მაგალითად, 2019 წელს იმავე მაჩვენებელმა 1.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ზრდა 188 მილიონი დოლარია. 

მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა 2020 წლის მარტის შემდეგ განუწყვეტლივ, ყოველთვიურად მცირდებოდა. თვეების მიხედვით საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვებლები შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • იანვარი – 5.1%;
  • თებერვალი – 2.2;
  • მარტი – -2.7%;
  • აპრილი – -13.5%;
  • მაისი – -16.6%;
  • ივნისი – -7.7%;
  • ივლისი – -5.5%;
  • აგვისტო – -5.3%;
  • სექტემბერი – -0.7%;
  • ოქტომბერი – -3.9%;
  • ნოემბერი – -7.7%;
  • დეკემბერი –  7.9%;

 

კომენტარები