მე-10 მოწვევის პარლამენტი

ხვიჩია: მდინარაძეს ვთხოვე, არ უყარონ კენჭი, ან ჩააგდონ ოპოზიციის განცხადებების განხილვა

ტაბულა

გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს სთხოვა, რომ კენჭი არ უყარონ, ან ჩააგდონ ოპოზიციის განცხადებების განხილვა საპარლამენტო მანდატების გაუქმების შესახებ. მისივე თქმით, მოლაპარაკებების შესახებ დისკუსიები სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

"2 თებერვლამდე გამორიცხულია, იაგო ხვიჩია პარლამენტში შევიდეს. ჩემი აზრით, ჩვენი ამოცანა ამწუთას არის ის, რომ მთელი ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში. გირჩის ჩათვლით და დანარჩენებიც. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ და მე როდესაც შევხვდი ბატონ მდინარაძეს, მას ვთხოვე კიდეც, რომ არ უყარონ კენჭი, ან, სიტყვაზე, ჩააგდონ ამ შემთხვევაში განცხადებების განხილვა ოპოზიციის, იმიტომ, რომ დისკუსიები ამ თემაზე, რა ხდებოდა მოლაპარაკებების მაგიდასთან, დავიწყეთ ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ. მე პირობას ვდებ, რომ იქ [პარლამენტში] იქნება 113 დეპუტატი". – თქვა რუსთავი 2-თან ეთერში იაგო ხვიჩიამ. 

იაგო ხვიჩია მამუკა მდინარაძეს 27 იანვარს შეხვდა. ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მიზეზი ბოლო პერიოდში მხოლოდ ოპოზიციის შიგნით "მოხარშვა" და წარმოქმნილი პრობლემები იყო.

29 იანვარს მოქალაქეების წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, რომლებმაც საპარლამენტო მანდატების მოპოვება შეძლეს, კიდევ ერთხელ შეხვდნენ ქართული ოცნების ლიდერებს. შეხვედრის შემდეგ პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ მათ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. 

60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან უმრავლესობამ მანდატებზე უარი თქვა. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტი კენჭს 2 თებერვალს უყრის. 

მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხ წევრს, რომლებიც პარლამენტში ევროპელი სოციალისტების სახელით შევიდნენ, პარლამენტისთვის განცხადებით ასევე არ მიუმართავთ გირჩის სამ და მოქალაქეების ორ წევრს.

კომენტარები