დავითგარეჯის საქმე

"გამიზნული ტრიუკი იყო ივანიშვილის მიერ" – მელაშვილი დავითგარეჯის საქმეზე

Tabula/ტაბულა

"ეს იყო გამიზნული ტრიუკი ივანიშვილის მიერ". - ამბობს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის უფროსი, ივერი მელაშვილი ფორმულასთან ინტერვიუში.

"ბატონმა ივანიშვილმა თავისი წასვლის დროს გააკეთა განაცხადი და აქცენტი ხიდაშელზე, რომ, თურმე, ხიდაშელს გაუკეთებია... ჩემი ღრმა რწმენით, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყო გამიზნული და თავიდანვე კარგად მოფიქრებული ტრიუკი ბატონი ივანიშვილის მიერ.   

სხვა ამ ქვეყანაში მე არ მეგულება ვინმე, რომ გასცეს მითითება და მას დაემორჩილოს მთელი მართლმსაჯულება, პროკურატურა, სასამართლო". - ამბობს მელაშვილი. 

12 იანვარს, ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედი, გმირი და პატრიოტი უწოდა დავით ხიდაშელს, ბიზნესმენს, რომელმაც პროკურატურას გადასცა რუკები, რომლებიც ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ფიგურირებს. 

"არანაკლები ქველმოქმედია ჩემზე და არანაკლები პატრიოტი და არანაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. მის ყველა ქმედებას მე გმირობად ვთვლი. ნიუანსებს, თუ მოუნდება თვითონ იტყვის, მაგრამ რაც მან გაუკეთა ქვეყანას, ვთვლი რომ ჭეშმარიტი გმირობაა". – თქვა ივანიშვილმა.  

ხიდაშელი წლების განმავლობაში მუშაობდა მსხვილ რუსულ საინვესტიციო კორპორაცია Sistema JSFC-ში, სადაც რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან დაკავშირებული არაერთი პირი იკავებს წამყვან თანამდებობებს.

დღეს, 28 იანვარს, მელაშვილი და ილიჩოვა სასამართლომ 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე დააყენა, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ.  დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, თავდებობას ან "ადეკვატურ გირაოს" ითხოვდა, პროკურატურა კი - 30 000-ლარიან გირაოს, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას და დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებას. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.

ბრალდებულებმა გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. 


პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურამ მელაშვილს და ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

28 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის გარშემო გამოძიება ამოწურულია, ხოლო ბრალეულობა -  "მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით გამყარებული". პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, ამის გამო, საგამოძიებო უწყება მთავარ აქცენტს დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზე მიმართავს, ხოლო მელაშვილი-ილიჩოვას გათავისუფლებას მოითხოვს. 

კომენტარები