დავითგარეჯის საქმე

ადმინისტრაცია: სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიების მუშაობაში პრეზიდენტი არ ერევა

29 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული პრემიით თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ნოდარ ხორბალაძე და თედო გორგოძე დააჯილდოვა. ისტორიკოსმა ბეკა კობახიძემ ამ ფაქტს საკუთარ Facebook-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ორივე, ნოდარ ხორბალაძე და თედო გორგოძე ე.წ კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი ინიციატორები არიან. 

დღეს, 3 იანვარს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, პრეზიდენტი არ ერევა სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიის საქმიანობაში.

"სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიები მუშაობენ სრულიად დამოუკიდებლად და მათ საქმიანობასა და გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი არ ერევა. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო პრემიებს. პრეზიდენტი სახელმწიფო პრემიების მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს და ქმნის საკონკურსო კომისიებს პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით. კომისიის თავმჯდომარეები და წევრები სამეცნიერო, სახელოვნებო და სალიტერატურო სფეროების ცნობილი წარმომადგენლები არიან". – წერია განცხადებაში
 

 

კომენტარები