ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე

პროკურორი მელაშვილი-ილიჩოვას საქმეზე: აქცენტი დავალების გამცემთა დადგენაზე მივმართეთ

"ამ ეტაპისთვის გამოძიების მთელი აქცენტი მიმართულია დავალების გამცემი პირების ინდენტიფიცირებისთვის" - განაცხადა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ . 

პროკურორის მტკიცებით, საზღვრის დამდგენი კომისიის დაკავებული წევრების ბრალეულობა "მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული" და "პრაქტიკულად ყველაფერი ზედაპირზეა". მიხეილ სადრაძე ამბობს, რომ ამის გამო, პროკურატურა პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვს.

"მოვიპოვეთ უტყუარი მტკიცებულებები, მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება სრულად ამოვწურეთ. მტკიცებულებების ნაწილი გავასაჯაროეთ და ყველამ ერთად ვნახეთ ბრალდებულის აღიარება. ამავდროულად, ჩვენ დავადგინეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებით. 

აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის მთელი აქცენტი გამოძიების მიმართულია სწორედ დავალების გამცემი პირების ინდენტიფიცირებისთვის და ამ მიმართულებით ყველა ღონისძიებას ატარებს საგამოძიებო ორგანო, მათ შორის, ერთი პირი გამოკითხვაზეა" - აცხადებს პროკურორი.

მიხეილ სადრაძე არ აკონკრეტებს, ვინ იმყოფება გამოკითხვაზე, თუმცა, სამთავრობო მედიის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე დაიბარეს. მანჯგალაძე 2006-2007 წლებში, რომლითაც გამოძიებაა დაინტერესებული, სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიას ხელმძღვანელობდა.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურამ მელაშვილს და ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

21 იანვარს, საქართველოს პროკურატურამ დავითგარეჯის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული კარტოგრაფის ივერი მელაშვილის ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა.  ჩანაწერში ივერი მელაშვილისა და საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ.-ს საუბარია ასახული. დაკავებულის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, ზოგიერთი სპეციფიკური ტერმინის იგნორირებით პროკურატურა ცდილობს, მანიპულაციურად წარმოაჩინოს ჩანაწერში არსებული შინაარსი.

კომენტარები