ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: დათო ხიდაშელი ჩემზე არანაკლები ქველმოქმედი და პატრიოტია, ის გმირია

ბიძინა ივანიშვილი / დავით ხიდაშელი

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედი, გმირი და პატრიოტი უწოდა დავით ხიდაშელს, ბიზნესმენს, რომელმაც პროკურატურას გადასცა რუკები, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილის და წევრის, ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ფიგურირებს.

"დათო ხიდაშელი, რომელმაც რუკები მოიპოვა, გაგიგიათ ალბათ. მე ვიცი მეტი, როგორი საშუალებებით მოიპოვა მან ეს რუკები სხვადასხვა ქვეყნებიდან. საკუთარი კაპიტალი საკმაოდ ბევრი დახარჯა და იმის იქითაც ქვეყანას საკმაოდ ბევრს ახმარს. თუკი ვინმეს აქვს განცდა, რომ მე რამე განსაკუთრებული გავაკეთე, არანაკლები ქველმოქმედია ჩემზე და არანაკლები პატრიოტი და არანაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. მის ყველა ქმედებას მე გმირობად ვთვლი. ნიუანსებს, თუ მოუნდება თვითონ იტყვის, მაგრამ რაც მან გაუკეთა ქვეყანას, ვთვლი რომ ჭეშმარიტი გმირობაა. ჩვენს მეზობელთან კამათსაც გადაგვარჩინა და სირცხვილსაც, რადგან ჩვენი კულტურის ძეგლი ლამის შუაზე იჭრებოდა. ეს გააკეთა გულწრფელად, თავისი გონებით, თავისი შემართებით, რესურსებით, ფინანსებით და ჩემი აზრით, ის არის ჭეშმარიტი გმირი, ნამდვილი პატრიოტი და ძალიან საყვარელი ადამიანი."

 ხიდაშელი წლების განმავლობაში მუშაობდა მსხვილ რუსულ საინვესტიციო კორპორაცია Sistema JSFC-ში, სადაც რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან დაკავშირებული არაერთი პირი იკავებს წამყვან თანამდებობებს.

ვრცლად: რა ვიცით პირზე, ვინც ამბობს, რომ დავით-გარეჯის რუკები სახელმწიფოს გადასცა

პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი და სპეციალურ სამთავრობო კომისიაში ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი - ივერი მელაშვილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურა მელაშვილის და ილიჩოვასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კომენტარები