დავითგარეჯის საქმე

მელაშვილი: პატიმრობიდან გაგვათავისუფლეს – ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!

Tabula/ტაბულა

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილმა წევრებმა, ივერი მელაშვილიმა და ნატალია ილიჩოვამ საპატიმრო დატოვეს.

საქალაქო სასამართლოს შენობიდან გამოსულმა მელაშვილმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და მან საზოგადოებასა და თავის ადვოკატებს მადლობა გადაუხადა.

"დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის სულ ყველას! ჩატარდა პროცესი... საზოგადოების დამსახურებაცაა და, პირველ რიგში, ჩემი ადვოკატების, რომ მოხდა ის, რომ გაგვათავისუფლეს პატიმრობიდან. იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ!". – თქვა ივერი მელაშვილმა საქალაქო სასამართლოს შენობის დატოვებისას.

ჟურნალისტების კითხვაზე, ელოდა თუ არა, რომ სასამართლო ამ გადაწყვეტილებას გამოიტანდა და კარტოგრაფებს გაათავისუფლებდა, ივერი მელაშვილი პასუხობს:

"კიც და არაც, რადგან დაკავების შანსი არ არსებობდა, არავითარი საფუძველი არ იყო. მეორეს მხრივ, საერთოდ არ იყო თავიდანვე დაპატიმრების საფუძველი, მაგრამ დამაპატიმრეს, ასე რომ, ყველაფერს ველოდებოდი, მაგრამ კარგია, რომ გამომიშვეს". – ამბობს მელაშვილი. 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე დააყენა, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ.  დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, თავდებობას ან "ადეკვატურ გირაოს" ითხოვდა, პროკურატურა კი - 30 000-ლარიან გირაოს, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას და დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებას. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.


პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურამ მელაშვილს და ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

28 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის გარშემო გამოძიება ამოწურულია, ხოლო ბრალეულობა -  "მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით გამყარებული". პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, ამის გამო, საგამოძიებო უწყება მთავარ აქცენტს დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზე მიმართავს, ხოლო მელაშვილი-ილიჩოვას გათავისუფლებას მოითხოვს.

კომენტარები