დავითგარეჯის საქმე

პროკურატურა: სასამართლოს მივმართავთ შუამდგომლობით, მელაშვილსა და ილიჩოვას გირაო შეეფარდოთ

პროკურატურის ინფორმაციით, დღეს სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით, რომ საქართველო-აზებაიჯანის საზღვრის დელიმიტალია-დემარკაციის კომისიის უფროსს, ივერი მელაშვილსა და წევრს, ნატალია ილიჩოვას დავითგარეჯის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, გირაოთი შეეცვალოთ. 

"ბრალდებულების ბრალეულობა საკმაოდ მაღალი სტანდარტით არის დადასტურებული, ყველაფერი არის ზედაპირზე და ჩვენ ვიხილეთ მათი აღიარება. 

შესაბამისად, რადგან მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით სრულად არის ამოწურული, დღეს მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოთ გირაოთი. ამ ეტაპისათვის მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას.". - ამბობს პროკურორი, მიხეილ სადრაძე. 

საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პარალელურად, სამოქალაქო მოძრაობები დაკავებულების მხარდამჭერ აქციას მართავენ. აქციის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო მოძრაობები სირცხვილია და რუსეთი ოკუპანტია.


პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურამ მელაშვილს და ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კომენტარები