არჩევნები 2020

ბარამიძე: სამადაშვილს და გოცირიძეს ბოდიში აქვთ მოსახდელი ნაგვის ინციდენტის შეფასებებისთვის

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ბარამიძის აზრით, პარტიის წევრებს, სალომე სამადაშვილსა და რომან გოცირიძეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე შეფასებებისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი. ბარამიძის თქმით, მათ დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს, როდესაც მხარდამჭერებს "თავს დაესხნენ".

"მე ვფიქრობ, რომ მათ [სალომე სამადაშვილს და რომან გოცირიძეს] აქვთ ბოდიში მოსახდელი. ჩემთვის საპატივცემულო ადამიანები იყვნენ და არიან, მიუხედავად ამ შეცდომისა, თუ ისინი სხვა რაღაცას არ იზამენ, თუმცა მათ ამ ქმედებას პატივს ვერ ვცემ ვერანაირად. ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს, როდესაც ბრბო ეძახეს ჩვენს ხალხს და თავს დაესხნენ ჩვენს ალალ მებრძოლებს, პატიოსან, პატრიოტ ადამიანებს, რომლებიც გამოხატავდნენ თავიანთ აღშფოთებას და არა განსხვავებული აზრის, ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართ, არამედ იმ ადამიანის წინააღმდეგ გამოხატეს, რომელიც მჯიღს ირტყამდა მკერდზე და ამბობდა რომ მე უსამართლობას თქვენთან ერთად შევებრძოლები, იყო 5 ნომრის სიაში და ჩვენი, ამ ხალხის ხმებით მოიპოვა მანდატი". – თქვა ბარამიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

სალომე სამადაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის საარჩევნო სიით შესულ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრასთან დაკავშირებით დაწერა, რომ "ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება". რომან გოცირიძემ კი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ძალადობას ბოლშევიზმი უწოდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი 23 იანვარს  დააყარეს. ფაქტზე არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრი, ირაკლი ფანგანი 24 იანვარს დააკავეს. ფანგანი გირაოს მოთხოვნით უკვე გაათავისუფლეს.

ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ენმ-ძალა ერთობაშიას საარჩევნო სიით. ჩავლეიშვილი ენმ-ძალა ერთობაშიას სიაში რესპუბლიკური პარტიიდან მოხვდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატის მიღების შემდეგ მან დატოვა რესპუბლიკური პარტიაც.

კომენტარები