ახლო აღმოსავლეთი

ირანის სტრატეგიული მარტოობა - ვინ გუშაგობს რევოლუციას და როგორ მუშაობს თეოკრატია

ახლო აღმოსავლეთი

ირანის სტრატეგიული მარტოობა - ვინ გუშაგობს რევოლუციას და როგორ მუშაობს თეოკრატია

"შიიტები არ ცნობენ ისტორიის მიერ არჩეულ გზას. ისინი უარყოფენ ბატონებს, რომლებიც დომინირებდნენ ისტორიის განმავლობაში, ისინი უარყოფენ გზიდან აცდენილ უმრავლესობას [სუნიტებს]  და მათ ამბიციას მოციქულის მემკვიდრეობაზე. შიიტებმა ზურგი აქციეს ხალიფების მდიდრულ მეჩეთებს, მომაჯადოებელ სასახლეებს და თავისი მზერა ფატიმას [მუჰამედის ქალიშვილი] განმარტოებული, უბრალო სახლისკენ მიაპყრეს. ამ სახლში, შიიტებმა, რომლებიც ხალიფატის სისტემაში ჩაგრულ და სამართლიანობის მაძიებელ კლასს წარმოადგენენ, იპოვეს ყველაფერი, რაც არსებული წესრიგის დასამხობად სჭირდებათ". - ალი შარიათი.

განახლდა:

ისლამური ფუნდამენტალიზმი ხშირად ძველ, ისტორიულ ფენომენად მიიჩნევა, თუმცა ეს მცდარი წარმოდგენაა. თანამედროვე ისლამისტურ ფუნდამენტალიზმს სათავე 1979 წელს ირანში დაედო. 1970-იან წლებამდე ახლო აღმოსავლეთის არცერთ სახელმწიფოში ისლამისტურ რადიკალიზმს ან პოლიტიკურ ისლამს სერიოზული პოლიტიკური დასაყრდენი არ გააჩნდა. რეგიონის ქვეყნების უმეტესობა დეკლარირებულად სოციალისტურ კურსს ატარებდა, ხოლო რელიგია ხშირად მარგინალიზებული იყო. 

ოსმალური ხალიფატის დაშლის შემდეგ ირანის რევოლუცია ახლო აღმოსავლეთში ბოლო 100 წლის მანძილზე მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ირანის რევოლუცია სეისმური მნიშვნელობის იყო არამხოლოდ  რეგიონის, არამედ გეოპოლიტიკის კონტექსტშიც. ახლო აღმოსავლეთის დღევანდელი პოლიტიკური თუ სოციალური წესრიგი უმთავრესად 1979 წლის რევოლუციამ განაპირობა. რევოლუციის შედეგად, ახალი, უნიკალური თეოკრატიული რეჟიმის წარმოშობამ საფუძველი დაუდო მოვლენებს, რომელიც დღემდე ცვლის რეგიონისა და მსოფლიოს ყოველდღიურობას.

ირანთან დაკავშირებული საკითხები, ისლამური რესპუბლიკის დაარსების წუთიდან, მსოფლიოს პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი და ხშირად ცენტრალური ნაწილია. მიუხედავად ამისა, ფართო მასებისთვის ირანი მაინც ამოუცნობ, მისტიკურ და ბოლომდე გაუგებარ სამყაროდ რჩება. ისლამური რესპუბლიკა დაარსების მომენტიდან ხაზგასმულ მარტოობაშია, საიმედო მოკავშირეებისა და მუდმივი პარტნიორების გარეშე. ამას თან ახლავს დაძაბულობა გარე სამყაროსთან და დემონსტრაციული დაპირისპირება მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან. ამის მიზეზი კი დიდწილად ქვეყნის მეტად განსხვავებულ, ისტორიულ ცნობიერებაში, ასევე, გამორჩეულ პოლიტიკურ, სოციალურ თუ რელიგიურ მოცემულობაშია.

შიიტები - დაბადებიდან გარიყულები

ქარბალას ბრძოლის ამსახველი ნახატი.

მოჩვენებითი სიამაყე და სიჯიუტე იმ ხალხის ცხოვრების მეორე მხარეა, რომლებიც თავს მუდმივად გარიყულ, დევნილ და დამცირებულ სექტად მიიჩნევენ. ირანელები იზრდებიან შეგნებით, რომ ისინი დიდი უსამართლობისა და შეთქმულების მსხვერპლნი არიან. მსოფლიოს მუსლიმური თემის აბსოლუტური უმრავლესობა, 87-90% სუნიტური ისლამის მიმდევარია და მხოლოდ 10-13% - შიიტურის. 

სუნიტების დიდი ნაწილი შიიტებს სქიზმატიკოსების სექტად მიიჩნევს, საუდიელი ვაჰაბიტები მათ საერთოდაც არ ცნობენ მუსლიმებად. ამის საპირისპიროდ, თავად შიიტები დარწმუნებულები არიან, რომ მხოლოდ თავად არიან მართლმორწმუნე მუსლიმები. სუნიტურ ორთოდოქსულ კონცეფციას შიიტებმა  წინასწარმატყველური, ჩაკეტილი, საიდუმლო რწმენა დაუპირისპირეს. ამ კონცეფციაში რელიგიური თემის ლიდერი იმამია, რომელიც ხალხს მისთვის გაცხადებულ ღვთიურ საიდუმლოებას გადასცემს. თემი მის მიერ დასაცავი საიდუმლოს ირგვლივ ერთიანდება. შიიზმი არამხოლოდ რელიგიური, არამედ კულტურული ცნებაა. 

ქვეყნის ანტიკური ისტორიის გათვალისწინებით ეს ყველაფერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ანტიკურ სამყაროში სპარსეთი უძლეველი სახელმწიფო იყო, მათ დაამარცხეს ბაბილონის, რომის, სირიის, ეგვიპტის ლაშქარი. სპარსელებმა მსოფლიოში პირველი იმპერია შექმნეს, რომელიც თანამედროვე ლიბიიდან ეთიოპიამდე და ბულგარეთიდან ინდოეთამდე იყო გადაჭიმული, და ეს დიდება მოულოდენლად დაკარგეს. ირანელები არასდროს უშვებენ შანსს, აღნიშნონ, რომ ისინი არ არიან არაბები, რომ მათი ცივილიზაცია ისლამის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. 

არაბებმა დაიპყრეს  სპარსეთი და ჩაიტანეს ისლამი, ირანელები ამაყობენ იმით, რომ ისინი წინ აღუდგნენ ქვეყნის არაბიზაციას. მათ მიიღეს ისლამი, თუმცა შეინარჩუნეს თავიანთი კულტურა. ირანი ისლამური სახელმწიფოა, მაგრამ არა არაბული. ირანისა და დანარჩენი მუსლიმური სამყაროს დაპირისპირება სწორედ ამ პერიოდში, ისლამის განვითარების ადრეულ ეტაპზე იწყება. დაპირისპირებამ დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბური სახე მიიღო.  

საქმე ის არის, რომ ქრისტიანობისგან განსხვავებით, ისლამში სქიზმა არა თეოლოგიურ საფუძველზე, არამედ პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. წინააღმდეგობა მანამდე  ერთიან ისლამურ უმაში [თემში], მუჰამედის მემკვიდრის საკითხის ირგვლივ წარმოიშვა. მუჰამედს ვაჟები ნაადრევ ასაკში გარდაეცვალა და მხოლოდ ქალიშვილები ჰყავდა. გასაგები იყო, რომ პატრიარქალური ისლამური უმის ლიდერად ქალს არავინ აირჩევდა.

მუჰამედის სიკვდილის შემდეგ, 632 წელს ისლამური თემი ახალი ლიდერის ასარჩევად შეიკრიბა, აზრები გაიყო, ერთ მხარეს აღმოჩნდნენ იმამი ალი და მისი მხარდამჭერები, ხოლო მეორე მხარეს წინასწარმეტყველის მშობლიური ტომის, ყურეიშიტების ლიდერები. ვინაიდან ისლამი არ მიჯნავს სახელწმიფოსა და რელიგიას, ხალიფა, ანუ მუჰამედის მემკვიდრე, გახდებოდა არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ სულიერი ლიდერიც. 

ალის მხარდამჭერები თვლიდნენ, რომ მუჰამედის მემკვიდრე მისი უშუალო ნათესავი უნდა გამხდარიყო, ალი კი მუჰამედის ბიძაშვილი და ამავდროულად მისი სიძე იყო. მეორე მხარეს მიიჩნევდნენ, რომ ხალიფობა შეეძლო ნებისმიერს ყურეიშიტების ტომიდან. როგორც ჩანს, კრებაზე უმრავლესობა სწორედ მათ ეკუთვნოდათ, ამიტომაც ხალიფა მათ მიერ მხარდაჭერილი აბუ ბაქრი გახდა. ამ გაყოფით იწყება შიიზმის განცალკევება დანარჩენი ისლამისგან. კამათი მუჰამედის მემკვიდრეზე ფუძემდებლურია შიიზმისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ესმოდათ ეს კამათი თავად შიიტებს და რა გავლენა იქონია პროცესმა მათი მსოფლმხედველობისა და კულტურის განვითარებაზე. 

კამათში ალისა და მის მომხრეებს რამდენიმე ისლამური თქმულება [ჰადისი] უმაგრებდა ზურგს, რომლებსაც სუნიტებიც აღიარებდნენ. მათ შორის ცნობილია მბავი, რომელიც მუჰამედის ცხოვრების ბოლო წელს მოხდა, როდესაც მედინაში მისი მხარდამჭერების წინაშე მის საყვარელ მოსწავლედ და მემკვიდრედ სწორედ ალი დაასახელა. ასევე, ცნობილია ე.წ. ქაღალდისა და კალმის ამბავი, როდესაც სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა მუჰამედმა ანდერძის დაწერა მოინდომა, რომელშიც თითქოს მემკვიდრედ  ალის ასახელებდა. დავრდომილი მუჰამედის ნების აღსრულებას ხელი მომავალმა ხალიფამ, ომარმა შეუშალა. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კრება მაშინ ჩატარდა, როდესაც ალი წინასწარმეტყველის ცხედარს დასაკრძალად ამზადებდა და კრებას არ ესწრებოდა. მოცემული ფაქტორების ერთობლიობამ, ომარისა და ოსმანის მიერ აბუ ბაქრის არჩევამ, ალის მომხრეებში გააჩინა კონსპირაციული თეორია, რომლის მიხედვითაც მათ წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ამასთანავე, ალის მხარდამჭერები არცთუ უსაფუძვლოდ ფიქრობდნენ, რომ აბუ ბაქრის არჩევით ოსმანი და ომარი მუჰამედის ნების წინააღმდეგ წავიდნენ, ამან წინააღმდეგობა კიდევ უფრო გააღრმავა. შიიტური მოძვრებით მიიჩნევა, რომ ალიმ ტახტზე უარი უმის ერთიანობის შენარჩუნების მიზნით თქვა. 

მუსლიმების პირველი 3 ხალიფას აბუ ბაქრის, ომარისა და ოსმანის მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა, სამივე დახოცეს. ოსმანის მკვლელობის შემდეგ ალიმ უკვე ღიად გამოთქვა ამბიცია ხალიფობაზე და გახდა კიდეც მუსლიმთა მეოთხე ხალიფა. ალის გამარჯვებამ წინააღმდეგობა გამოიწვია, მას ოსმანის მშობლიური ომაელთა მძლავრი კლანი დაუპირისპირდა. მათ მხარი დაუჭირეს დამასკოს მმართველ მუავია სუფიანს. სისხლისღვრის ასარიდებლად ალიმ მუსლიმ ლიდერთა კრება მოიწვია და პრობლემის დიპლომატიურად გადაწყვეტა განიზრახა. საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტა ვერ მოხერხდა და ამბავი ისლამის კიდევ ერთი დანაყოფის ხარიჯიტების მიერ ალის მკვლელობით დასრულდა. 

ხარიჯიტები მიიჩნევდნენ, რომ ალის მხრიდან საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტის მცდელობა ღმერთის ნების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო და ამგვარად, ის აღარ იყო მართლმორწმუნე მუსლიმი. ალის გარდაცვალებით დასრულდა ერთადერთი მონაკვეთი ისლამის ისტორიაში, როდესაც მუსლიმთა თემს შიიტი ხალიფა მართავდა. ალის სიკვდილის შემდეგ მისი მხარდამჭერები ალის შვილებისკენ ჰასანისა და ჰუსეინისკენ შემობრუნდნენ. ალის უფროსმა შვილმა, ჰასანმა სისხლისღვრის ასარიდებლად უარი თქვა ამბიციებზე. ჰასანი 8 წლის შემდეგ მოკლეს, შიიტები მიიჩნევენ, რომ ჰასანი მისმა ცოლმა ომაელთა დავალებით მოწამლა.

ამგვარად, შიიტების უკანასკნელი საყრდენი მუჰამედის შვილიშვილი და ალის უმცროსი ვაჟი ჰუსეინი იყო. სწორედ ჰუსეინის ცხოვრებასა და გარდაცვალებას უკავშირდება ამბავი, რომელმაც საბოლოოდ დაასრულა სქიზმა და წარმოშვა დამოუკიდებელი შიიტური რელიგია. 

შიიტებისთვის ხელსაყრელი მომენტი 680 წელს, მუავია სუფიანის გარდაცვალების შემდეგ დადგა. მუავია ხალიფის პოსტზე მისმა ვაჟმა, იაზიდმა შეცვალა. სწორედ ამ დროს ჰუსეინმა ძალაუფლების ხელში აღება გადაწყვიტა და თავისი მომხრეების მცირე ჯგუფთან ერთად ერაყში, ქალაქ ქუფასკენ გაემართა. გეგმის მიხედვით, აქ ჰუსეინი თავისი მომხრეების რამდენიმე ათასიან ლაშქარს შეურთდებოდა და დაიწყებდა კამპანიას იაზიდის წინააღმდეგ. ჰუსეინის გეგმის შესახებ გაიგო ერაყის ომაელმა მმართველმა, რომელმაც მალევე დახოცა ჰუსეინის მთავარი მხარდამჭერები და არმია ქალაქის შემოსასვლელში განათავსა. 

ჰუსეინმა ამის შესახებ იცოდა, თუმცა ქუფასკენ მსვლელობა არ შეუწყვეტია. ომაელთა არმიამ ჰუსეინი და მისი მხარდამჭერები ქალაქ ქარბალასთან ალყაში მოაქცია. მომდევნო დღეების განმავლობაში ომაელები სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ, ეძულებინათ ჰუსეინი, უარი ეთქვა ამბიციებზე. ომაელებმა მოკლეს ჰუსეინის ნახევარძმა, მისი ძმიშვილი, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, ტყვეობის მეათე დღეს ომაელებმა ჰუსეინის კარავს შეუტიეს და იგი მომხრეებთან ერთად მოკლეს. შიიზმში - ეს მოვლენა აშურას სახელითაა ცნობილი, რაც თარგმანში მეათეს ნიშნავს, ტყვეობის დღეების აღსანიშნავად.

ქარბალას ტრაგედია შიიზმის ადრეული ფორმირების ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ამბავია. ისლამის მკვლევარი ჰაინზ ჰელმი მიიჩნევს, რომ ეს იყო "დიდი აფეთქება, რომელმაც წარმოშვა შიიტური კოსმოსი და მოძრაობაში მოიყვანა ის." ამ მომენტამდე შიიტები იმავე ფორმის ისლამს მისდევდნენ, რასაც მათი არაშიიტი მოწინააღმდეგეები, თუმცა ქარბალას მოვლენებმა ამას წერტილი დაუსვა. საფუძველი ჩაეყარა განსხვავებულ შიიტურ ტრადიციას. ქუფელმა შიიტებმა, რომლებიც ამხნევებდნენ ჰუსეინს და მხარდაჭერას აღუთქვამდნენ მას, ომაელთა ლაშქარის შიშის გამო ჰუსეინი მიატოვეს და მის დასახმარებლად არ მივიდნენ. 

ამის ფონზე, ჯგუფი ჰუსეინის სიკვდილში თავს დამნაშავედ მიიჩნევდა, მთელი თემი სინანულმა მოიცვა. ჰუსეინის სიკვდილიდან მალევე ქუფელმა შიიტებმა საფუძველი ჩაუყარეს აშურას ტრადიციას, რაც ჰუსეინის მოწამეობრივი, ტრაგიკული სიკვდილის გახსენებას გულისხმობდა. მოგვიანებით ეს ტრადიცია არაფორმალურ შეკრებებზეც გავრცელდა, რაც დამოუკიდებელ რელიგიურ იდენტობაში გადაიზარდა. საბოლოოდ ჯგუფმა საკუთარი ტანჯვის დასასრულებლად და ცოდვის გამოსასყიდად ომაელთა წინააღმდეგ განწირული აჯანყება წამოიწყო. მათი ლაშქარი მრავალრიცხოვან ომაელთა ჯარს 685 წელს დაუპირისპირდა, ბრძოლა ისე დასრულდა, როგორც შიიტები იმედოვნებდნენ - ომაელებმა თითოეული მათგანი მოკლეს. 

ისლამის ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სინანულში ჩავარდნილი ქუფელების მოძრაობა შიიტური რელიგიის დასაწყისია, რომელიც მოძღვრებისთვის დამახასიათებელ ცენტრალურ ელემენტებს შეიცავს. მათ შორის უპირველესია თავგანწირვისა და მოწამეობის სურვილი და მზაობა, რაც შიიზმს ისლამის სხვა მიმდინარეობებისგან გამოარჩევს. თავგანწირვა შიიტების რწმენისა და რელიგიური კულტურის ყოვლისმომცველ სიმბოლოდ იქცა.

აშურას რიტუალი  სწრაფად გავრცელდა სხვა ტერიტორიაზე მცხოვრებ შიიტებშიც. ამ გზით მოხდა ქარბალაში წამებულების კანონიზაცია, განსაკუთრებულია ჰუსეინის სიკვდილი, რაც დროთა განმავლობაში შიიზმის ცენტრალურ ამბად იქცა.

ქარბალაში განვითარებული მოვლენების შემდეგ შიიტებმა დაკარგეს პოლიტიკური დასაყრდენი, რამაც მათი მარგინალიზაცია გამოიწვია. ჰუსეინის შემდეგ კიდევ 8 შიიტი იმამი იყო, თუმცა მათი აბსოლუტური უმეტესობა სუნიტური ბატონობის ქვეშ, ერთგვარ შინაპატიმრობაში ცხოვრობდა. შიიტების მოძღვრების  მიხედვით, 7 მათგანი სუნიტებმა მოკლეს, თუმცა განსხვავებულია მეთორმეტე იმამის, მოჰამედ ალ-მაჰდის ამბავი. შიიტებს სჯერათ, რომ მაჰდი არასდროს მომკვდარა და იგი გაუჩინარდა. მათ ასევე სწამთ, რომ მაჰდი ერთ დღესაც დაბრუნდება და გაუძღვება აპოკალიპტურ ბრძოლას, ბრძოლას ბოროტების წინააღმდეგ, იგი აღადგენს ისლამის სიწმინდესა და სამართლიანობას. 

მეთორმეტე იმამის გაუჩინარებამ დაასრულა შიიტი იმამების ხაზი, რომელიც ალისგან მომდინარეობდა, ამან შიიზმში განგრძობითი სპირიტუალური და პოლიტიკური კრიზისი წარმოშვა. შიიტებს სჯეროდათ, რომ მხოლოდ ღვთის მიერ რჩეულ იმამს უნდა ემართა უმა, ასევე, მხოლოდ იმამს შეეძლო აღესრულებინა პარასკევის ლოცვა, გამოეცხადებინა ჯიჰადი [საღვთო ომი] გაევრცელებინა ისლამი და დაეპყრო ახალი ტერიტორიები. განსხეულებული, უცოდველი იმამის არყოფნაში შიიტმა სწავლულებმა ეჭვი შეიტანეს არსებულ საერო  მმართველობის ლეგიტიმურობაში. ამ სირთულეებმა განაპირობა ულამას, ანუ შიიტი სამღვდელოების გაძლიერება, იმამის არყოფნაში ისინი შიიტური თემის დეფაქტო ლიდერები გახდნენ. 

მომდევნო საუკუნეების განმავლობაში სამღვდელოებამ, სუნიტების მსგავსად, შეიმუშავა თავისი სამართლებრივი სისტემა. ამავე პერიოდში შეიქმნა მდიდარი ინტელექტუალური ტრადიცია, რომელიც რაციონალიზაციას და ტექსტურ მტკიცებულებებს ეყრდნობოდა..  შიიტური იდენტობისა და აქტივიზმის მთავარი გამოხატულება კვლავ იმამ ჰუსეინის გახსენება და ამასთან დაკავშირებული რიტუალები იყო. სამღვდელოების ძალაუფლება ძირითადად სოფლებზე და პერიფერიებზე ვრცელდებოდა, ქვეყნის ურბანულ ცენტრებში ისინი კვლავ მარგინალებად აღიქმებოდნენ. 

შემოტრიალების წერტილი შიიზმისთვის 1501 წელს დადგა, როდესაც ირანის სათავეში შიიტური სუფისტების საძმოს სულიერი ლიდერი, ისმაილ საფავი მოვიდა. საფავის მიერ წარმოებული აჯანყება წარმატებით დასრულდა, რის შემდეგაც კონტროლი მთელ ირანზე დაამყარა. ისმაილი ადრე ამტკიცებდა, რომ სწორედ ის იყო მაჰდი, მეთორმეტე გაუჩინარებული იმამი. ამის მიუხედავად, მან თავი შაჰად გამოაცხადა, ხოლო შიიზმი სახელმწიფო რელიგიად.

ისმაილის და ფარუხ იასარის ბრძოლა შირვანთან
​​

მეთორმეტე იმამობის შესახებ ისმაილის ამბიცია მალევე დავიწყებას მიეცა, თუმცა საფავიდებმა მეტად მოხერხებული თეორია შეიმუშავეს. მათი თქმით, ისინი მეთორმეტე იმამის წარმომადგენლები იყვნენ დედამიწაზე. ამგვარად, ისინი მართავდნენ ქვეყანას, მაგრამ კვლავ რჩებოდნენ გაუჩინარებული იმამის მოლოდინში. ეს საერო ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის პრობლემის იდეალური გადაწყვეტა იყო. 

ამ პერიოდში ირანის მოსახლეობის უმეტესობა ჯერ კიდევ სუნიტური ისლამის მიმდევარი იყო, თუმცა საფავიდებმა ეს შეცვალეს. მათ შესთავაზეს პროტექტორატი და უსაფრთხოება შიიტ მღვდლებს არაბეთიდან და ისინი ქვეყანაში შიიზმის გასავრცელებლად მოიწვიეს. პოლიტიკურ სცენაზე სამღვდელობის გამოჩენამ ხელი შეუწყო შიიტური რელიგიური პრაქტიკის, სამართლის, ტრადიციისა და ეთიკის გავრცელებას და დამკვიდრებას. შედეგად, სამღვდელოებამ პოლიტიკური ძალაუფლება მიიღო, რასაც მანამდე მოკლებულები იყვნენ, ეს იყო ერთგვარი შეთანხმება ძალაუფლების გაყოფის შესახებ - სამღვედლოებამ რელიგიურ საქმეებში დიდი ავტონომია მიიღო, ხოლო საფავიდებმა პოლიტიკური ძალაუფლება გაიმყარეს. 

დროთა განმავლობაში ირანი შიიტური უმრავლესობის სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რამაც კიდევ უფრო მეტად გაავრცელა რელიგიური ნარატივი ალისა და ჰუსეინის შესახებ. სამღვდელოება ერთ-ერთ წამყვან და ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ჯგუფად მოგვევლინა. მოგვიანებით მათ შიიზმის ცენტრალიზაცია გადაწყვიტეს, რაც მარჯა ე ტაქლიდის ინსტიტუტის შემოღებაში გადაიზარდა, ეს გულისხმობდა ერთგვარი იერარქიული სტრუქტურის შემოღებას და მთავარი იმამის თანამდებობის დაწესებას. რეფორმა განხორციელდა, თუმცა მეოცე საუკენეში სამღვდელოებას სხვა სახის პრობლემები შეექმნა. 

იმამ ალისა და ჰუსეინის ამბავი, გაუჩინარებული იმამის მუდმივ მოლოდინთან ერთად, არამხოლოდ ფუძემდებლურია შიიტური ტრადიციისთვის, არამედ თანამედროვე ირანის პოლიტიკური ცნობიერების ცენტრალური ელემენტია. ქარბალას ამბავი შიიზმის მთავარი მეტაფორაა, რაც მათთვის სიკეთისა და ბოროტების, სამართლიანობისა და უსამართლობის ბრძოლას განასახიერებს. სხვადასხვა სოციალური თუ პოლიტიკური არეულობის დროს, ქარბალაში მებრძოლი ჰუსეინის სახე პირველია, რასაც რელიგიური ლიდერები თემის შთაგონებისთვის იყენებდნენ. მეტაფორის სიმდიდრე, მისი რელიგიური და კულტურული სიღრმე საშუალებას იძლევა აღწერო ნებისმიერი კონფლიქტი, რომელიც შიიტებს ეხება. 

ეს სახე/ხატი განსაკუთრებით აქტუალური გახდა რევოლუციურ და პოსტრევოლუციურ ირანში, სადაც ქარბალას ბრძოლა პოლიტიკური რიტორიკისა და პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი გახდა. ალისა და ჰუსეინის საწინააღმდეგო კონსპირაცია, ამ ამბის უსამართლობა, ჰუსეინის წამებულობა, მოგვიანებით შიიტური სამღვდელოების ინსტიტუციონალიზაცია არის ის მოვლენა, რამაც განსაზღვრა არამხოლოდ შიიზმის ისტორია, არამედ თანამედროვე ირანის პოლიტიკური ცნობიერება და გარე სამყაროს აღქმა ირანელებში.

ცხოვრება ღმერთის აჩრდილში

ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი

სწორედ ასე იწოდებოდნენ სპარსეთის იმპერატორები ანტიკურ დროში, ასე მოიხსენიებდა თავს მოჰამედ ფეჰლევიც.

ირანში მეოცე საუკუნე დიდი პოლიტიკური და სოციალური ცვლილებებით დაიწყო. მეზობელი რუსეთის იმპერიის გავლენით 1905 წელს ირანში საკონსტიტუციო რევოლუცია დაიწყო. ქვეყანაში გაჩნდა მეჯლისი [პარლამენტი], შეიქმნა კონსტიტუცია, ნათელი იყო, რომ ქვეყანა საკონსიტიტუციო მონარქიისკენ მიდიოდა. დასუსტებულმა ყაჯართა დინასტიამ პარლამენტთან ერთად დააწესა პრესის თავისუფლება, აიკრძალა სეგრეგაცია ეთნიკური ნიშნით, შეიქმნა სამოქალაქო სამართალი. ირანში იზრდებოდა უცხოური გავლენა, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის. 

ცხადია, სტატუს-კვოს შეცვლით უკმაყოფილო იყო სამღვდელოება, რადგან რეფორმები ამცირებდა მათ ავტორიტეტს და ეწინააღმდეგებოდა ისლამურ წესს. წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი, აიათოლა ფაზჰოლა ნური გახდა. საჯარო წერილების სერიაში იგი შაჰს წერდა -" ეს თქვენი სალუტები, ელჩების საზეიმო მიღება, თქვენი უცხოური ჩვევები, თქვენი ლოზუნგი - ძმობა, ერთობა, თავისუფლება არასწორია, რატომ არ უნდა იყოს ჩვენი ლოზუნგი, ისლამის წმინდა კანონი, ყურანი, რატომ არ უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების წესი ისლამი."

ნურის სურდა აღმოეფხვრა საფრთხეები, რომელიც რეფორმებმა ულამას ავტორიტეტს შეუქმნა. ორგანიზებული მასობრივი მოძრაობის შედეგად, ნურიმ შეძლო ზეწოლა მოეხდინა შაჰზე და საბოლოოდ ჩამოყალიბდა 5 სასულიერო პირისგან შემდგარი უმაღლესი კომიტეტი, რომელიც პარლამენტის მიერ მიღებული კანონების მიზანშეწონილებას ადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ნურის ფრაქცია მალევე დაიშალა, ხოლო თავად აიათოლა კონსტიტუციონალიზმის მომხრეებმა მოკლეს, მან შექმნა პრეცედენტი, სასულიერო პირების ორგანიზებული წინააღმდეგობის, რამაც 1979 წლის რევოლუციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 

ნურის სიკვდილის შემდეგ სამღვდელოების პოლიტიკური როლი კვლავ შემცირდა, თუმცა ისინი ინარჩუნებდნენ ავტონომიას რელიგიურ საკითხებზე. 1925 წელს ყაჯართა დინასტია ირანის არმიის ახალგაზრდა ოფიცერმა, რეზა შაჰ ფეჰლევიმ დაამხო. ირანის სათავეში ფეჰლევების დინასტია მოვიდა. ქემალისტური თურქეთის გავლენით რეზა შაჰმა მოდერნისტული რეფორმები განახორციელა, რაც ყველაზე მეტად რელიგიურ ცხოვრებას ეხებოდა - აიკრძალა რელიგიური თავსაბურავი როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის, უცხოური გავლენა ირანზე კიდევ უფრო გამყარდა. 

რეზა შაჰი არ მალავდა თავის სიმპათიებს გერმანელი ნაცისტების მიმართ. უკვე მეორე მსოფლიო ომის მიჯნაზე, ირანის საკვანძო სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე შაჰის სიმპათიები ნაცისტების მიმართ პრობლემად იქცა, როგორც ბრიტანელებისთვის, ასევე, საბჭოელებისთვის. 1941 წელს, იმის შიშით, რომ მეორე მსოფლიო ომში ირანი გერმანიისკენ გადაიხრებოდა, ირანში საბჭოთა და ბრიტანული არმია შევიდა. შედეგად, რეზა შაჰმა ტახტზე უარი თქვა და ირანი სამუდამოდ დატოვა.

ირანის შაჰი რეზა ფეჰლევი

 

ირანის ტახტი რეზას შვილმა, 21 წლის  მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ დაიკავა. ახალგაზრდა შაჰის ასაკიდან გამომდინარე მისი მმართველობის წლებში იგი პრაქტიკულად ძალიან შეზღუდულ ძალაუფლებას ფლობდა. ვითარება გაუარესდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ირანში კიდევ უფრო გაიზარდა დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის გავლენა, რომლებსაც ადგილზე თავისი ჯარები ჰყავდათ განლაგებული. ჰეგემონურ მდგომარეობაში დიდი ბრიტანეთი იყო, საბჭოთა კავშირმა შაჰის საწინააღმდეგო რამდენიმე უშედეგო აჯანყება მოაწყო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. შედარებით მცირე იყო აშშ-ს გავლენა და ძირითადად საკონსულტაციო საკითხებით შემოიფარგლებოდა. 

ბრიტანეთმა ირანში საკუთარი ჰეგემონია ჯერ კიდევ 1909 წელს გაიმყარა, როდესაც ყაჯარი  შაჰისგან სანავთობო კონცესია მიიღო, რითიც მთელი ირანის ნავთობის მოპოვებისა და გაყიდვის ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. ასე დაარსდა ანგლო-ირანული სანავთობო კომპანია, რომელიც დღეს BP-ის სახელით არის ცნობილი. ბრიტანული კონცესიის საწინააღმდეგო განწყობები ირანში ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე გაღვივდა და 1940-იანი წლების მიწურულს მთავარ პოლიტიკურ თემად იქცა. საკითხს სიმწვავეს სძენდა გარიგების უსამართლო, თითქმის კოლონიალური ხასიათი. 

საქმე ის არის, ანგლო-ირანული კომპანიისგან ქვეყანა გაყიდული ნავთობის ღირებულების მხოლოდ 25%-ს იღებდა. განსაკუთრებით  უსამართლო იყო აბადანში კომპანიის ჭაბურღილზე მომუშავე ირანელების მდგომარეობა. მაშინ, როდესაც ბრიტანელები პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ.

"ირანელების ანაზღაურება დღეში 50 ცენტი იყო, მათ არ ჰქონდათ ფასიანი შვებულების უფლება, მათ არ შეეძლოთ სამსახურის გაცდენა ავადმყოფობის გამო, არ გაიცემოდა კომპენსაცია დაინვალიდებული ან დაღუპული მუშების ოჯახებისთვის. ირანელები ცხოვრობდნენ ჭაბურღილის მახლობლად მდებარე სოფელში, უფრო სწორად ქაღალდის ქალაქში, რომელსაც არ მიეწოდებოდა არც წყალი და არც ელექტროობა. ზამთარში მათთან ისე ციოდა, როგორც გარეთ, თუმცა ზაფხულში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუსაძლისი იყო". - იხსენებს ირანელი მუშების მდგომარეობას ნავთობის ინსტიტუტის მაშინდელი ხელმძღვანელი. 

ანგლო-ირანული სანავთობო კომპანიაში დასაქმებული ირანელი მუშები

ირანელების დამცირებულმა მდგომარეობამ ანტიკოლონიალური სენტიმენტები მოსახლეობაში უფრო გაამწვავა, რაც საბოლოოდ მწვავე პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. კამპანიას სათავეში მეჯლისის წევრი მოჰამედ მოსადეყი ჩაუდგა. ასპარეზზე გამოჩნდა ისლამისტური ორგანიზაცია ფადაიან ე ისლამი. ჯგუფს მხარს უჭერდა სამღვდელოების ნაწილიც, რადგან ისინი რელიგიურ მმართველობას ემხრობოდნენ. რამდენიმე წლის განმავლობაში ჯგუფის წევრებმა რეჟიმის მომხრე პოლიტიკოსები და ინტელექტუალები დახოცეს. ორგანიზაციის წევრებმა მოკლეს პრემიერმინისტრი ალი რაზმარა. ეს იყო პირველი შიიტური ორგანიზაცია, რომელმაც ტერორისტული მეთოდები გამოიყენა. პრემიერის მკვლელობის შემდეგ სამღვდელოების დიდმა ნაწილმა ორგანიზაციას ზურგი აქცია. 

ქვეყნის ახალი პრემიერი, მათ შორის ფადაიანის მხარდაჭერით, მოჰამედ მოსადეყი გახდა, რომელმაც კონცესია გააუქმა და სანავთობო ინდუსტრიის ნაციონალიზაცია გამოაცხადა. ირანი პოლიტიკური კრიზისის ახალ ფაზაში შევიდა, შაჰი მოჰამედ ფეჰლევი, რომელსაც დაპატიმრების შეეშინდა, დროებით იტალიაში გაემგზავრა. მოსადეყის მოქმედებებმა დიდი ბრიტანეთის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგანაც ნაციონალიზაცია საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის ინტერესებს არამხოლოდ ირანში, არამედ მესამე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. პრობლემის გადასაჭრელად ბრიტანელებმა მოსადეყის დამხობის გეგმა შეიმუშავეს, თუმცა საკითხში აშშ ჩაერია. 

ჟურნალ TIME-ის გარეკანი მოჰამედ მოსადეყის გამოსახულებით 1951 წლის 4 ივნისის ნომერი

ამერიკის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი უთანგრძნობდა ირანელების მოთხოვნას და მხარეებს შორის კომპრომისის გამოძებნას შეეცადა. ერთის მხრივ, ბრიტანელების და მეორეს მხრივ, მოსადეყის ხისტი პოზიციის გამო კომპრომისის მიღწევა ვერ მოხერხდა. ბრიტანელებმა მალევე ბლოკადაში მოაქციეს, არამხოლოდ სანავთობო ინდუსტრია არამედ ირანის მთელი ეკონომიკაც. ქვეყანაში ეკონომიკური რეცესია დაიწყო, ამან კიდევ უფრო დაასუსტა მოსადეყის პოზიციები. საგარეო პრობლემების გარდა, მოსადეყმა ვერ შეძლო კომპრომისის გამონახვა ირანის პოლიტიკურ ელიტასთანაც, ბოლოსკენ მას დაუპირისპირდა სამღვდელოებაც. მათ მოსადეყის კომუნისტური მიდრეკილებები აშინებდათ. თავისი პრემიერობის ბოლო თვეებში მოსადეყი სრულ იზოლაციაში მოექცა. 

პარალელურად აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დუაით ეიზენჰაუერმა გაიმარჯვა, რომელიც უფრო აქტიური ჩარევის მომხრე იყო. შედეგად ბრიტანეთის და აშშ-ს სპეცსამსახურებმა დაგეგმეს ოპერაცია კოდური სახელით - აიაქსი, ეს იყო მოსადეყის მთვავრობის ორკესტრირებული გადატრიალება. ქვეყანაში მალევე ჩამოვიდა შავი ფეჰლევი, მოსადეყი დააპატიმრეს, მან დარჩენილი ცხოვრება შიდა პატიმრობაში, თეირანის მახლობლად მდებარე სახლში გაატარა. შაჰს ჰქონდა მოსადეყის გადაყენების სამართლებრივი უფლება, თუმცა ნათელი იყო, რომ ამას ვერ შეძლებდა უცხოელების დახმარების გარეშე. მოსადეყის მთავრობის დამხობის შემდეგ აშშ-მ ირანზე აბსოლუტური დომინაცია მოიპოვა. 

შაჰის ძირითადი პოლიტიკურ მიზანი იგივე იყო, რაც ქემალ ათათურქისა თურქეთში - მას უნდა მოეხდინა ჩამორჩენილი ფეოდალური ქვეყნის მოდერნიზაცია, უნდა გაემყარებინა საერო ხელისუფლება და გაეუმჯობესებინა არმიის მდგომარეობა. ამის საშუალებას შაჰს მზარდი სანავთობო შემოსავალი აძლევდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შაჰს მანამდე არ ჰქონდა ეფექტური საპოლიციო სტრუქტურები. ეფექტური სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებაში მას ამერიკელები ეხმარებოდნენ, სწორედ ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით შეიქმნა შაჰის საიდუმლო პოლიცია - სავაქი, რომელიც მომდევნო წლებში მთავარი რესპრესიული სტრუქტურა გახდა. მოსადეყის განეიტრალების შემდეგ შაჰს ჰქონდა სამღვდელოების მხარდაჭერაც. მათთვის მონარქია მმართვის უფრო მისაღებ ფორმას წარმოადგენდა.

ამ ფონზე, მოჰამედ ფეჰლევიმ ქვეყანაში მოდერნიზაციის ამბიციური პროგრამა წამოიწყო, რომელიც თეთრი რევოლუციის სახელით გახდა ცნობილი. ამ რეფორმის ფარგლებში  დაიწყო ირანის ვესტერნიზაცია, გაძლიერდა ქალების ემანსიპაციის პროცესი, მათ მიეცათ არამხოლოდ ხმის უფლება, არამედ შეეძლოთ კენჭი ეყარათ ადგილობრივ საკრებულოებში. დაიწყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის განკერძოება, მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში ირანელმა გლეხებმა 55 000 ოჯახმა საკუთარი მიწის ნაკვეთი მიიღო. დაიწყო პირველადი განათლების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში ირანის არმიის ოფიცრები იგზავნებოდნენ პროვინციებში, სადაც სოფლის მოსახლეობას წერა-კითხავს, თვლასა და ელემენტარულ მათემატიკას ასწავლიდნენ. 

შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი თეირანის ერთ-ერთ სკოლაში

გაიზარდა არმიის შემადგენლობა, რაც ყველაზე გაჭირვებული ფენის ბევრ წარმომადგენელს სტაბილური კარიერისა და შემოსავალს მიღების საშუალებას აძლევდა. 1960-იან წლებში ირანის ეკონომიკა ე.წ. აზიურ ვეფხვების მსგავსი სისწრაფით იზრდებოდა, შაჰის ამბიციური გეგმის თანახმად, 80-იანი წლების მიწურულს ირანი მსოფლიოს სიდიდით მეხუთე ეკონომიკა უნდა გამხდარიყო, მას სურდა ირანი ახლო აღმოსავლეთის იაპონიად ექცია. ეკონომიკური ზრდის ფონზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქის მოსახლეობაც, მაგალითად, 1930 წელს თეირანის მოსახლეობა 300 000-ს შეადგენდა, ხოლო 1979 წელს უკვე 5 მილიონს უტოლდებოდა.

მზარდი ეკონომიკის ფონზე მოსალოდნელად გაიზარდა უთანასწორობაც. სხვადასხვა პრობლემის მიუხედავად, მოდერნიზაციის შედეგად, ირანში პრაქტიკულად დასრულდა ფეოდალიზმი, შეიქმნა ურბანული, ვესტერნიზებული და მრავალრიცხოვანი საშუალო კლასი, რაც ქვეყნისთვის უდიდესი გარღვევა იყო. 

ირანის შაჰი მოქალაქეებს მიწის საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტებს გადაცემს 

შაჰის ენთუზიამზს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით ბევრი ირანელი არ იზიარებდა. მათ შორის, პირველ რიგში აიათოლა რუჰოლა ხომეინი, რომელიც სამღვდელეობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. თეთრი რევოლუციის შესახებ ხომეინი ამბობდა - "ერთადერთი თეთრი რამ ამ ამბავში მხოლოდ თეთრი სახლის გავლენაა." ხომეინი, სხვა სასულიერო პირების მსგავსად, უკმაყოფილო იყო  ქვეყნის ვესტერნიზაციით და ხალხის ცხოვრებაში ისლამის როლის შემცირებით. ხომეინის პათოსს ულამაში ბევრი იზიარებდა, თუმცა ის იყო პირველი, ვინც შაჰს საჯაროდ დაუპირისპირდა.

შესაძლოა, ხომეინის შაჰის მიმართ წინააღმდეგობის სხვა მიზეზიც ჰქონოდა, საქმე ის არის, რომ ხომეინის მამა შაჰის პოლიციამ მაშინ მოკლა, როდესაც ის ჯერ კიდევ 6 წლის იყო. როგორც ხომეინის ბიოგრაფი აღნიშნავს, მამის გარდაცვალებამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა და მომხდარში იგი შაჰს ადანაშაულებდა. 

შაჰის მმართველობით უკმაყოფილო იყო საზოგადოების სხვა ფენებიც და მათ ამის საფუძველიც ჰქონდათ. როგორც ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, ირანშიც სანავთობო შემოსავლებმა დემოკრატიის ვამპირის ფუნქცია შეასრულა. ნავთობით მდიდარ ავტოკრატულ სახელმწიფოებს როგორც წესი არ სჭირდებათ ის, რასაც დასავლეთში სოციალურ კონტრაქტს ეძახიან - გარიგება თამაშის წესებზე ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის.

ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავალი მმართველს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფი და ქვეყანა საკუთარი პრეფერენციებით მართოს. ვესტერნიზაციის მიუხედავად, ირანში არ არსებობდა დემოკრატიისთვის ისეთი ფუნდამენტური ინსტიტუტი, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება. ფეჰლევის მმართველობის წლებში ირანში მკაცრი ცენზურა მოქმედებდა 

მნიშვნელოვნად იზღუდებოდა პოლიტიკური საქმიანობა. ცხადია, არსებობდნენ ოპოზიციური პარტიები თუ ჯგუფები, თუმცა ისინი მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიეღოთ რეალურ პოლიტიკურ პროცესში. ამის კეთება მათ იატაკქვეშეთში, სავაქის გამუდმებული რესპრესიების ქვეშ უწევდათ. განსაკუთრებული ძალისხმევით იდევნებოდნენ კომუნისტური და მემარცხენე პარტიები, შაჰი მთავარ საფრთხეს სწორედ მათგან ხედავდა.

ირანის ინტელექტუალურ წრეებში განსაკუთრებით აქტუალური იყო ანტიკოლონიალური სენტიმენტები. ამ ნაწილში მემარცხენე ჯგუფებისა და შიიტი სამღვდელობის უკმაყოფილების მიზეზი იდენტური იყო. ისინი უკმაყოფილეობი იყვნენ აშშ-ს დომინაციიით, ამერიკელი მოქალაქეებიის პრივილეგირებული მდგომარეობით. მიიჩნეოდა, რომ შაჰის რეპრესიების უკან სწორედ აშშ იდგა. ამან კი კიდევ უფრო გააღვივა ანტიამერიკული განწყობები ორივე ჯგუფში.

ანტიკოლონიალურმა განწყობებმა ირანში განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა კუბის რევოლუციის, ალჟირის დამოუკიდებლობის ომისა და ეგვიპტის მიერ სუეცის არხის ნაციონალიზაციის შემდეგ. ირანში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ალი შარიათი, რომელიც, თავის მხრივ, ფრანგი ინტელექტუალების, განსაკუთრებით ფრანც ფანონის გავლენის ქვეშ იყო. შარიათიმ სპარსულად თარგმნა ფანონის "ჩაგრული დედამიწა", რომელიც მესამე მსოფლიოს ქვეყნების ანტიკოლინიალურ ბრძოლის სტრატეგიას ეხებოდა. შარიათიმ ფანონის ნაშრომებზე დაყრდნობით შეიმუშავე კონცეფცია, რომელშიც შიიტები ჩაგრულ, სამართლიანობისთვის მებრძოლ კლასად წარმოაჩინა.

შარიათიმ რელიგიის სრულიად ახლებური ინტერპრეტაცია ჩამოაყალიბა, რომელშიც შიიზმი რევოლუციურ იდეოლოგიად იყო წარმოჩენილი. შარიათის კონცეფციაში, ისლამი შეიქმნა, როგორც დინამიური, რევოლუციური იდეოლოგია, რომლის საბოლოო დანიშნულების წერტილი უკლასო უტოპია იყო. შარიათის სქემაში ისლამური ცნებები, როგორიცაა ტავჰიდი [მონოთეიზმი] და ჯიჰადი [საღვთო ომი] სოციალურ სოლიდარობად და გათავისუფლებისთვის ბრძოლის ცნებებში გადაიზარდა. იმამი ალი და ჰუსეინი რელიგიური გმირებიდან რევოლუციურ გმირებად გადაიქცნენ, ერთგვარ ანტიკუ ჩე გევარაბად. ამ კონცეფციაში ქარბალას ბრძოლა რევოლუციური ბრძოლის მეტაფორა გახდა.

დემონსტრანტები ალი შარიათისა და მოჰამედ მოსადეყის გამოსახულებიანი ტრანპარანტებით

ალი შარიათის ნაშრომები მალევე გავრცელდა უნივერსტიტების კამპუსებში. სტუდენტისთვის მისაღები აღმოჩნდა შარიათის მიერ შემუშავებული შეიარაღებული ბრძოლის კონცეფცია. ამის საფუძველზე წარმოიშვა სხვადასხვა ექსტრემისტული ორგანიზაციები, მათ შორის ირანელი ხალხის მოჯაჰედთა ორგანიზაცია, რომელმაც 1979 წლის რევოლუციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. საერთო წერტილების მიუხედავად, სამღვდელოებასა და მემარცხენე ინტელექტუალებს შორის იყო წინააღმდეგობებიც, თუმცა 1960-იანი წლების შუაში რევოლუციური იდეები სამღვდელოებაშიც გაჩნდა. შაჰის მიერ ინიცირებულ სოციალურ რეფორმებს ულამა მკაცრი კრიტიკით შეხვდა. ანტისამთავრობო კამპანიას სათავეში აიათოლა ხომეინი ჩაუგდა. 

სასულიერო პირების პროტესტს შაჰმა ირანის რელიგიურ ცენტრში, ქალაქ ყომში მდებარე მთავარი თეოლოგიური კოლეჯის დარბევით უპასუხა. შეტაკებები პოლიციასთან რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა. ამავე დროს აიათოლა ხომეინიმ რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ბრალს სდებდა ფეჰლევის ისლამის განადგურების მცდელობაში. აშურას დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას, ხომეინიმ შაჰი ომაელებს შეადარა, რომლებმაც პირველი შიიტი იმამებს დახოცეს. ხომეინი ამბობდა, რომ შაჰის რეჟიმი შეუთავსებელი იყო რელიგიურ კლასთან, მან ასევე გააჟღერა ანტიიმპერიალისტური განწყობები. აიათოლა ხომეინი მოჰამედ ფეჰლევის მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე გახდა. 

სიტუაციის სირთულის მიუხედავად, შაჰმა შეძლო პროტესტის შეჩერება და პროცესი ხომეინის გაძევებით დასრულდა. თავდაპირველად, აიათოლა ხომეინი თურქეთში გადავიდა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, შიიტებისთვის წმინდა ქალაქ ნაჯაფში დაიდო ბინა. ერაყში ყოფნის დროს ხომეინიმ მიიღო მოქმედებისა და ქადაგების თავისუფლება, რესპრესიის გარეშე. ნაჯაფში ყოფნის წლებში მან შეძლო დაესრულებინა თავისი ნაშრომი "ისლამური სახელმწიფო". ხომეინიმ შეიმუშავა კონცეფცია - სახელმწიფო მოწყობის ახალი პრინციპი, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც ვილაიეთ ალ-ფაქიხ, ანუ ისლამის იურისტების ძალაუფლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხომეინიმ ხელისუფლება სასულიერო პირებს. საღვთო კანონის ექსპერტებს დაუქვემდებარა.

აიათოლა ხომეინი ნაჯაფში 1960-იანი წლები

ხომეინის გაძევების შემდეგ ირანში ვითარება შედარებით დასტაბილურდა. შეიქმნა სტაბილური მთავრობა, ნავთობისგან მიღებული შემოსავლები შაჰს აძლევდა საშუალებას, გაეძლიერებინა არმია და შეეძინა უახლესი შეიარაღება, წამოეწყო მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. სავაქი აგრძელებდა რეჟიმის ოპონენტების დევნასა და წამებას. დასავლეთის მხარდაჭერით შაჰმა ქვეყანა კიდევ უფრო ხისტი ავტოკრატიისკენ წაიყვანა.

შაჰისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი იყო 1973 წელს ახლო აღმოსავლეთში მომხდარი იომ-ქიფურის ომი, რის შემდეგაც არაბულმა სახელმწიფოებმა დასავლეთს სანავთობო ბლოკადა გამოუცხადეს. შედეგად, ნავთობის საერთაშორისო ფასი ერთი წლის შუალედში ოთხჯერ გაიზარდა, დასავლეთში დაიწყო ეკონომიკური კრიზისი. მისი ამერიკელი მოკავშირეების თხოვნის მიუხედავად, შაჰმა უარი თქვა, შეემცირებინა ნავთობის ფასი. 

გაზრდილი შემოსავლებისა და პოლიტიკური სტაბილურობის კვალდაკვალ შაჰის რეჟიმი სულ უფრო მეტად ემსგავსებოდა სულთანისტურ რეჟიმს, ანუ რეჟიმს, რომლის მთავარი საფუძველი და მიზანი მმართველისა და  მისი გარემოცვის კეთილდღეობაა. ღარიბ ქვეყანაში მონარქის მიერ ხშირად გამოვლენილმა აღვირახსნილმა ფუფუნებამ კიდევ უფრო გაამძაფრა რეჟიმის მიუღებლობა და შეასუსტა ფეჰლევის პოზიციები.

ამის ყველაზე კარგი მაგალითი სპარსეთის იმპერიის 2 500 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გრანდიოზული ზეიმია, რომელზეც, დაახლოებით, $30 მილიონი დაიხარჯა. ზეიმი თავის დროის ყველაზე ძვირადღირებული წვეულებად იქცა. ამავე ღონისძიებაზე დამსწრეთა შორის, შაჰის ოჯახის წევრებისა და მოსამსახურე პერსონალის გარდა, ირანელი არავინ ყოფილა. 

ამ ფაქტორების ერთობლიობამ შაჰს თავდაჯერებულობა შემატა და 1975 წელს ირანი ერთპარტიულ მონარქიად გამოაცხადა, ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობა უბრალოდ აიკრძალა. თითქოს შაჰის რეჟიმისთვის არანაირი საფრთხე არ არსებობდა, თუმცა ვითარება მალევე რადიკალურად შეიცვალა. შეიცვალა არამხოლოდ პოლიტიკური მდგომარეობა, არამედ შაჰის ცხოვრებაც, 1974 წელს მას პანკრეასის კიბო აღმოუჩინეს. ყველაფერთან ერთად 1976 წლიდან ნავთობის ფასის მკვეთრი კლება დაიწყო.

ირანი - 79 

"არეულობა ირანში" ჟურნალ TIME-ის 1978 წლის სექტემბრის ნომერი

პოლიტიკის მკვლევარები გამოყოფენ კონრეტულ გარემოებებსა და პირობებს, როდის ხდება შესაძლებელი რევოლუცია. არსებობს რამდენიმე ძირითადი მიზეზი, ესენია:

  • პოლიტიკური - რევოლუცია შესაძლებელი ხდება მაშინ, როდესაც მანამდე ხისტი რეპრესიული რეჟიმი საგრძნობლად მსუბუქი ხდება, როდესაც შესაძლებელი ხდება ფართო ოპოზიური მასების მობილიზება;
  • ეკონომიკური - რევოლუცია შესაძლებელი ხდება მაშინ, როდესაც მძიმდება ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, განსაკუთრებით განგრძობითი აღმავლობის შემდეგ;
  • კულტურული - რევოლუცია შესაძლებელი ხდება მაშინ, როდესაც არსებობს რეჟიმის კულტურული მიუღებლობა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, არსებობს იდეოლოგია, ნორმები ან წეს-ჩვეულებები, რომელსაც ეყრდნობა პროტესტი და იღებს ორგანიზებულ ხასიათს;
  • რეპრესიული აპარატი - რევოლუცია შესაძლებელი ხდება მაშინ, როდესაც მანამდე ეფექტური და ხისტი რეპრესიული სუსტდება და სხვადასხვა მიზეზით თავის ფუნქციას ვერ ასრულებს ან მმართველს არ აქვს ნება მის გამოსაყენებლად;

როგორც 1978-79 წლებში ირანში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, ქვეყანაში არსებობდა ყველა ჩამოთვლილი გარემოება, რაც რეჟიმის დასამხობად იყო აუცილებელი. 

საპროტესტო მოძრაობის გაღვივებას ხელი შეუწყო ნავთობზე ფასების ვარდნამ. წინა წლების განმავლობაში ნავთობის ფასი რეკორდულად გაიზარდა, თუმცა 1977 წლიდან ფასები მკვეთრად შემცირდა. ირანში ეკონომიკური რეცესია დაიწყო. მთავრობა ვეღარ ახერხებდა სოციალური ვალდებულებების შესრულებას, გაჩერდა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, გაიზარდა უმუშევრობა.1977 წელს ინფლაციამ 30%-ს გადააჭარბა, გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტები.

კრიზისი განსაკუთრებით მძიმედ აისახა სოფლის მოსახლეობაზე, რომელსაც მანამდე არსებული ეკონომიკური პროგრესი დიდწილად არც შეხებია. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ახლადურბანიზებული კლასიც. კრიზისის პირობებში ამ ადამიანების სოციალური უკმაყოფილება საპროტესტო განწყობაში გადაიზარდა, ასეთი კი ირანში მილიონობით ადამიანი იყო. შესაძლოა, ირანის იმდროინდელი ეკონომიკური კრიზისი არ იყო კატასტროფული, თუმცა ვითარებას კატასტროფული ეკონომიკური უთანასწორობა ამწვავებდა.

სანავთობო ბუმის წლებში უთანასწორობამ ირანში არნახულ მასშტაბებს მიაღწია. ეკონომიკური პროგრესით უმთავრესად მმართველმა ელიტამ, მათთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა და ურბანული მოსახლეობის ნაწილმა ისარგებლა. მაშინ, როდესაც პროვინციების მოსახლეობის დიდი ნაწილი გაუსაძლის სიღარიბეში ცხოვრობდა, შაჰისა და მისი გარემოცვის არამიწიერი ფუფუნების ფონზე, შედარებით მსუბუქმა ეკონომიკურმა სირთულემაც სერიოზული წონა შეიძინა. ამ პროცესმა რევოლუციისთვის საჭირო ეკონომიკური ნიადაგი შექმნა. 

მაღალი ალბათობით, რეჟიმი  სოციალურ პროტესტთან გამკლავებას მოახერხებდა, თუმცა, მალევე შაჰმა სტრატეგიული შეცდომები დაუშვა. 1978 წლის დასაწყისში, შაჰის დავალებით, ირანის მთავარ გაზეთში აიათოლა ხომეინის მადისკრედიტირებელი სტატია დაიბეჭდა. სტატიაში ხომეინის ბრიტანეთის აგენტად მოიხსენიებდნენ. “თუ ხომეინი წვერს გაიპარსავს, აღმოაჩენთ წარწერას - დამზადებულია ბრიტანეთში” - ეწერა სტატიაში. მეორე დღესვე ყომში, სადაც ხომეინი უპირობო ავტორიტეტით სარგებლობდა, საპროტესტო აქციები დაიწყო. გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, მოკლეს 7 დემონსტრანტი.

ამით საფუძველი დაედო ე.წ. 40 დღის ტრადიციას, შიიტური წესის მიხედვით, 40 დღის შემდეგ ხალხი იკრიბებოდა შაჰიდის [წამებულის, ამ შემთხვევაში რეჟიმის მსხვერპლის] მოსახსენიებლად, ყოველი ასეთი შეკრება კი რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციით მთავრდებოდა. ეს შიიტური ტრადიცია რევოლუციური მოძრაობის ფილტვი გახდა, რამაც პროტესტს ორგანიზებული, რუტინული ხასიათი მისცა. მალევე გამოსვლები დაიწყო სხვა ქალაქებშიც. 

მოქალაქე შაჰის საწინააღმდეგო მიტინგებზე მოკლული დემონსტრანტების სურათებით

რეჟიმისთვის დამატებით პრობლემას ქმნიდა ისიც, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისგან იგი სრულიად გაუცხოებული იყო. ამ გაუცხოებაზე კარგად მეტყველებს 1977 წლის საახალწლო ცერემონია. 1978 წლის დადგომას შაჰი თეირანში, თავის სასახლეში, აშშ-ს პრეზიდენტ ჯიმი კარტერთან ერთად შეხვდა. მიღებაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა შაჰმა კარტერთან ერთად შამპანური დალია. ეს ყოვლად წარმოუდგენელი და დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო, მუსლიმური ქვეყნის ლიდერისგან. “ მახსოვს, როდესაც ეს კადრები ვნახე, ვიფიქრე, შეუძლებელია, ამდენად არ იცნობდე საკუთარ ხალხს”. - იხსენებს აშშ-ს საელჩოს თანამშრომელი მაიკლ მეტრინკო. 

არსებობდა რეჟიმის კულტურული მიუღებლობაც. მოსახლეობის დიდ ნაწილში შაჰი აშშ-ს მარიონეტად აღიქმებოდა, ეს განწყობები განსაკუთრებით გამძაფრთა აშშ-ს მიერ ორკესტრირებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ. ამერიკელების ხელით მოსადეყის დამხობამ შაჰს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში ლეგიტიმაცია წაართვა. ამ ფაქტორების ერთობლიობამ შექმნა კულტურულ გარემო, რომელშიც რევოლუცია შესაძლებელი გახდა. 

უკვე ზაფხულში გამოსვლები დიდი ქალაქების გარდა პროვინციებშიც მიმდინარეობდა. მათ შორის ქვეყნის ნავთობმომპოვებელ რეგიონებში. აბადანში, ერთ-ერთი საპროტესტო გამოსვლის შემდეგ 400-მდე სტუდენტი კინოთეატრ რექსში იკრიბება, მალევე შენობაში ხანძარი ჩნდება. კინოთეატრის ყველა კარი გარედანაა ჩაკეტილი და გამოსვლას ვერავინ ახერხებს. შენობაში მყოფი ყველა ადამიანი იხოცება. მომხდარში ხელისუფლება სამღვდელოებასა და ოპოზიციას ადანაშაულებს, ხოლო რეჟიმის მოწინააღმდეგეები შაჰის საიდუმლო პოლიციას, სავაქს. ტრაგედიიდან 2 კვირის შემდეგ, 8 სექტემბერს შაჰი მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობას აცხადებს. ქუჩაში სამხედროები გამოდიან.

კინოთეატრ რექსის შენობა გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ

ამის მიუხედავად, მომდევნო დღეებში ირანის 11 ქალაქში მრავალათასიანი მშვიდობიანი მარში იმართება. თეირანში გამართული აქცია, ჟალეს მოედანზე, დემონსტრაციის დახვრეტით სრულდება. ოფიციალური მონაცემებით, იღუპება 121 დემონსტრანტი, თუმცა რეალურად გარდაცვლილთა რიცხვი ბევრად მეტია. ქვეყანა პოლიტიკური ციებ-ცხელების ფაზაში შედის.

ოქტომბერში იწყება მასობრივი გაფიცვები, მათ შორის სანავთობო სექტორშიც. ქვეყანა პრაქტიკულად წყვეტს ნავთობის მოპოვებას. “ოქტომბერში, თეირანში შაჰს თავის სასახლეში შევხვდი, სასახლის ეზო და დიდი ნაწილი სანთლებით იყო განათებული, რადგანაც მუშების გაფიცვის გამო შენობას ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა”. - ასე იხსენებს მოჰამედ ფეჰლევისთან გამართულ შეხვედრას საუდის არაბეთის დაზვერვის სამსახურის უფროსი პრინცი, თურქი ალ-ფაისალი. 

ამ დროისთვის პროტესტის მთავარი ორგანიზატორი და სიმბოლო აიათოლა ხომეინია. ეს არის მომენტი, რომელსაც ხომეინი 14 წელი ელოდა. მღელვარების დაწყების მომენტში, რევოლუციისთვის ყველაზე კარგად მომზადებული სწორედ სამღვდელოებაა. წლების განმავლობაში მეჩეთებში ხომეინის გამოსვლები ვიდეოკასეტებით ვრცელდებოდა, მეჩეთი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო. წინა წლებში სავაქმა გაანეიტრალა ათობით გასამხედროებული დაჯგუფება, რეჟიმი აქტიურად დევნიდა მემარცხენე ჯგუფებებსა და ინტელექტუალებს, თუმცა სიფრთხილით ეკიდებოდა სამღვდელოებას.  

მღვდლებს რეჟიმის შიგნით გაცილებით უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდათ. მაშინ, როდესაც რეჟიმი პოლიტიკური ჯგუფების დევნით იყო დაკავებული, ხომეინის მეთაურებით სამღვდელოება მთელ ქვეყანაში კარგად ორგანიზებულ, იერარქიულ და ეფექტურ ქსელს ქმნიდა. მღვდლებს ჰყავდათ მოკავშირეები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების სახით, ისინი ალიანსში იყვნენ თავიანთ ტრადიციულ პარტნიორებთან, ბაზრის ვაჭრებთან, რომლებიც აფინანსებდნენ მათ საპროტესტო აქტივობებს. რევოლუციის დაწყების მომენტში სამღვდელოება სტრუქტურულად უკვე ძალიან გავდა მთავრობას, ჯგუფს მთავრობისთვის დამახასიათებელი და საჭირო ყველა უნარი, რესურსი ჰქონდა. ეს იყო მთავრობა, რომელიც თავის ჯერს ელოდა. 

სასულიერო პირები ერთ-ერთი მიტინგის ორგანიზების პროცესში

ოქტომბრისთვის უკვე ნათელია, რომ შაჰი ვითარებას ვეღარ აკონტროლებს, იგი კატასტროფული სისწრაფით კარგავს პოლიტიკურ წონას. გარემოცვის წევრები ცდილობენ, დაარწმუნონ ფეჰლევი, რომ რეჟიმისთვის მთავარი საფრთხე ხომეინია. შაჰი შეუვალია, იგი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ამხელა პროტესტის უკან 78 წლის მღვდელი იდგეს. ფეჰლევი ეჭვობს, რომ პროტესტის უკან დასავლეთი დგას. შაჰის დასარწმუნებლად მისი ერთ-ერთი მინისტრს ისრაელის ყოფილ თავდაცვის მინისტრი, მოშე დაიანი ირანში ჩაჰყავს. თეირანში დაიანისა და ფეჰლევის საიდუმლო შეხვედრა იმართება. ცოტა ხანში, შაჰის თხოვნით აიათოლა ხომეინის ერაყიდან აძევებენ, საიდანაც ხომეინი პარიზისკენ მიემართება. 

დღეს ნათელია, რომ ეს შაჰის მრავალ შეცდომას შორის, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. პარიზის მახლობლად დასახლებული ხომეინი მთელი დასავლური მედიის ყურადღების ეპიცენტრში ექცევა, მასთან შესახვედრად მოდიან პოლიტიკოსები, ინტელექტუალები. ხომეინი რევოლუციის მთავარი სახე ხდება არამხოლოდ ირანელებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. როგორც ბრწყინვალე სტრატეგოსი, ხომეინი შესანიშნავად გრძნობს მომენტს და თავის ანტიდასავლურ რიტორიკას არბილებს.

მის საუბრებში წინა პლანზე იწევს ანტიკომუნისტური რიტორიკა, იგი საუბრობს ისლამურ მთავრობაზე, რომელიც ღრმად დემოკრატიული იქნება. ხომეინის ანტიკომუნისტური პოზიციები სიმშვიდის საფუძველს აძლევს აშშ-სა და დასავლეთს, რომლებისთვისაც მთავარია რევოლუციის შემდეგ ირანი საბჭოთა ბანაკში არ აღმოჩნდეს. ამ გარემოებამ მნიშვნელოვნად განაპირობა დასავლეთის უმოქმედობა რევოლუციის დასკვნით ეტაპზე, მათ პრაქტიკულად არაფერი გაუკეთეს შაჰს გადასარჩენად.

უკვე ნოემბერში, შაჰი კიდევ ერთ პრემიერმინისტრს ათავისუფლებს და სამხედრო მთავრობას ნიშნავს. ეს ბოლო 5 თვის განმავლობაში მეოთხე მთავრობაა. რაც უფრო მნიშვნელოვანია, შაჰი თავის სატელევიზიო გამოსვლაში ამბობს, რომ "იგი აღარ დაუშვებს ძველ შეცდომებს და ბოლოს მოუღებს უკანონობას, სისასტიკესა და კორუფციას." განცხადების შემდეგ, შაჰის ბრძანებით, აპატიმრებენ ძველ მინისტრებს, სხვადასხვა თანამდებობის პირებს, მათ შორის აბას ხუვეიდას, რომელიც 13 წლის განმავლობაში იკავებდა პრემიერის პოსტს და ფეჰლევის უერთგულეს პოლიტიკოსად მიიჩნეოდა.

ეს შაჰის აშკარა სისუსტედ აღიქმება ოპოზიციაში, ხოლო შაჰის გარემოცვისთვის ეს ცალსახა ღალატია. პარალელურად, შაჰი ათავისუფლებს 600-მდე პოლიტპატიმარს, რაც რეჟიმის სისუსტის უტყუარი ნიშანია, როგორც მისი მომხრეებისთვის, ასევე, ოპონენტებისთვისაც. შაჰის ნაბიჯებს ბზარი შეაქვს მის გარემოცვაში და უსაფრთხოების აპარატში, რაც კიდევ უფრო ამოკლებს მის პოლიტიკურ სიცოცხლეს.

მნიშვნელოვანია, ისიც, რომ ჟალეს მოედანზე მომხდარის შემდეგ, პოლიციაში არავის აქვს სურვილი იგივე გაიმეროს და დემონსტრანტები დახვრიტოს, აღარ არსებობს ამის პოლიტიკური ნებაც. საპროტესტო აქციაზე  გასვლა შედარებით უსაფრთხო ხდება, ეს კი ნიშნავს, რომ დემონსტრაციაზე უფრო მეტი ადამიანი გადის.

25 ნოემბერს ხომეინი ირანელებს მოუწოდებს, დაამხონ “უკანონო” მთავრობა. უკვე 10 დეკემბერს, აშურას დღესასწაულზე, თეირანში მრავალმილიონიანი დემონსტრაცია იწყება, რომელიც რამდენიმე წუთში ხომეინისტურ მიტინგად გადაიქცა. შაჰის მდგომარეობა ყოვლად უიმედოა, ბოლო გამოსავლის ძებნაში, 29 დეკემბერს შაჰი დროებითი მთავრობის პრემიერად ოპოზიციონერ შაფურ ბახტიარს ნიშნავს. ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ, 1979 წლის პირველ იანვარს შაჰი პირველად ჩნდება პრესასთან, ის ამბობს, რომ "სიამოვნებით გავიდოდა შვებულებაში, თუ კი ვითარება ამის საშუალებას მისცემდა." 

აითოლა ხომეინის პლაკატი, შაჰის საწინააღმდეგო ერთ-ერთ შეკრებაზე

4-7 იანვარს კუნძულ გვადელუპეზე იმართება არაფორმალური კონფერენცია ირანის საკითხის შესახებ. შეხვედრას ესწრებიან აშშ-ს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და დასავლეთ გერმანიის ლიდერები. მხარეები თანხმდებიან, რომ შაჰმა ქვეყანა უნდა დატოვოს. ეს  გზავნილი  აიათოლა ხომეინისთან საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა მიტერანს ჩააქვს. 16 იანვარს შაჰი ოჯახთან ერთად მიფრინავს ქვეყნიდან და თან მიაქვს მამის ცხედარი. ეს დასასრულია.

სხვა  სტრატეგიულ თუ ტაქტიკურ შეცდომებთან ერთად, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელმაც, შესაძლოა, ამგვარი დასასრული ახსნას. გარემოცვის წევრები შაჰს აკრიტიკებდნენ ყოყმანისა და არამყარი პოზიციის გამო, თუმცა მათ არ იცოდნენ, ის, რაც იცოდა შაჰმა და მისმა ექიმმა. ამ დროისთვის შაჰის კიბო მძიმე ფორმებში გადაიზარდა, იგი კვდებოდა. მას არათუ პოლიტიკური კარიერის, არამედ ცხოვრების გაგრძელების იმედიც არ ჰქონდა. 

რეზა და მისი ცოლი ფარა-დიბა ფეჰლევი, 1979 წლის 1 იანვარი, თეირანი

კაცს, რომელიც თავს ღმერთის ჩრდილად მოიხსენიებდა, აღარ ჰქონდა საკმარისი ნებისყოფა და სიმტკიცე, რომ ძალაუფლებისთვის ებრძოლა. უფრო ძლიერი ნებისყოფა და სიმტკიცე აღმოაჩნდა, მის მტერს, 78 წლის მოხუცს, რომელიც თავს ღმერთის კაცს უწოდებდა. 

ისლამური უტოპია

შაჰის გაქცევის შემდეგ ირანს შაფურ ბახტიარის დროებითი მთავრობა მართავდა, თუმცა ქვეყნის რეალური მმართველი ჯერ კიდევ პარიზში იმყოფებოდა. ბახტიარის მთავრობამ მალევე დაშალა სავაქი და დააანონსა რეფერენდუმი, რომელზეც ირანელებს მონარქიის ბედი უნდა გადაეწყვიტათ. ბახტიარი გამოცდილი პოლიტიკოსი, თუმცა დასახული გეგმების განსახორციელებლად მას არ ჰქონდა საკმარისი მხარდაჭერა.

ნათელი იყო, რომ ხომეინის გარეშე ვერანაირი მყარი კონსესუსი ვერ შედგებოდა. ხომეინიმ სამშობლოში დაბრუნება პირველ თებერვალს გადაწყვიტა.14-წლიანი გადასახლების შემდეგ სამშობლოში რევოლუციის მთავარი შემოქმედი და ირანის მომავალი უმაღლესი ლიდერი ბრუნდებოდა. ხომეინი ბრუნდება ირანის განახლების, ახალი წესრიგისა და ახალი სახელმწიფოს იდეით, რომლის მსგავსიც მსოფლიოს მანამდე არ ენახა. Air France-ის ჩარტერულ რეისს, რომელზეც ხომეინის გარდა სასულიერო პირები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ, თეირანის აეროპორტში მილიონობით ადამიანი ელოდა. 

იმამი ხომეინი თეირანის აეროპორტში 1979 წლის პირველი თებერვალი

“წარმოუდგენელია, როგორ იწვევს ერთი ადამიანი ამხელა მასის აღელვებას, როგორ შეიძლება ამდენ ადამიანს სჯეროდეს, რომ ამ მოხუც კაცს ძალუძს ირანის ყველა პრობლემის გადაჭრა, თუმცა როგორც თვითონ დემონსტანტები ამბობენ, ის რაც ამ წუთებში თეირანში ხდება, უკვე საკმარისი მტკიცებულებაა, იმისა, რომ ამ კაცს მართლაც აქვს პასუხი ყველა კითხვაზე”.- ასე აშუქებდა BBC-ის ჟურნალისტი აიათოლა ხომეინის დაბრუნებას ირანში. ეს იყო საუკეთესო მომენტი ტრიუმფალური დაბრუნებისთვის, ხალხი, რომელიც თითქმის ერთი წლის განმავლობაში მთავრობის გარეშე ცხოვრობდა, ხელისუფლებას ითხოვდა. 

და ეს ხელისუფლება უკვე ხომეინის ეკუთვნოდა. ჩამოსვლისთანავე, ხომეინი თეირანის ყველაზე დიდ სასაფლაოზე მივიდა, რომელზეც წინა თვეებში შაჰის რეჟიმის მსხვერპლებს კრძალავდნენ. გამოსვლისას მან განაცხადა, რომ არანაირ თანამდებობას არ დაიკავებდა და "მისი როლი ხალხის წინამძღოლობით და მიმართულების მიცემით შემოფაირგლებოდა”. ხომეინი თავიდანვე დაუპირისპირდა ბახტიარს და მასთან მუშაობაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ ბახტიარის მთავრობა კრახისთვის იყო განწირული. ხომეინის ჩამოსვლის შემდეგ ბახტიარმა რამდენჯერმე მიმართა თხოვნით ისრაელის დაზვერვას, მოსადს, “რამე მოეხერხებინათ ხომეინისთვის," თუმცა ეს მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.

გადამწყვეტი მომენტი 9 თებერვალს დადგა, როდესაც ხომეინის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ბახტიარის გადადგომა მოითხოვეს. ბახტიარის მთავრობა ვერ წყვეტდა, როგორ ემოქმედა. მთავრობას პროცესზე ზემოქმედების ერთადერთი ბერკეტი ჰქონდა, თუმცა, ამ დროისთვის უკვე არმიაშიც დაიწყო რყევები. ხომეინის მხარდამჭერებმა  იარაღის ქარხანას, პოლიციის შენობებს შეუტიეს, მათ ხელში დიდი შეიარაღება ჩაუვარდათ. ამ დროს ბახტიარი არმიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას უშედეგოდ ელოდა. 11 თებერვლის დილას არმიის მეთაურმა, აბას ყარაბაგიმ ბახტიარს სატელეფონო ზარით აცნობა, რომ არმიამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. ეს ბახტიარის მთავრობის დასასრულს ნიშნავდა, პრემიერმა თეირანი, იმავე დღეს, ვერტმფრენით დატოვა. 

1980 წელს ჟურნალმა Time-სმა აიათოლა ხომეინი წლის პერსონად დაასახელა

ახალი მთავრობის დაკომპლექტებას, ცხადია, ხომეინის თანხმობა სჭირდებოდა. პრემიერის თანამდებობაზე ხომენიმ მეჰდი ბაზარგანი დანიშნა, რომელიც, ასევე, მემარცხენე შეხედულებების პოლიტიკოსი იყო, თუმცა კარგი ურთიერთობა ჰქონდა სამღვდელოებასთანაც. ბაზარგანისა და ხომეინის ალიანსი ძალიან მყიფე იყო, მათ შორის არსებობდა ზოგადი თანხმობა, თუმცა ქვეყნის მომავალი მათ განსხვავებულად წარმოედგინათ. ძალოვან სტრუქტურებზე კონტროლი ხომეინიმ დაამყარა, ხოლო ბაზარგანის გუნდი ძირითადად ტექნიკურ და სამოქალაქო საკითხებზე მომუშავე სამინისტროებს აკონტროლებდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებდა ე.წ. რევოლუციური კომიტეტები, სწორედ ისინი ფლობდნენ ძალაუფლებას ადგილზე. 

ბაზარგანისა და ხომეინის პოზიციები მომდევნო თვეების განმავლობაში ერთმანეთს დაშორდა და საბოლოოდ გადაულახავ პრობლემად იქცა. ბაზარგანის მოშორების საშუალება ხომეინის მალევე მიეცა. ცნობილი გახდა, რომ მეჰდი ბაზარგანი ქაიროში აშშ-ს პრეზიდენტს მრჩეველს, ზბიგნევ ბჟეჟინსკის შეხვდა. საიდუმლო შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ბომბის აფეთქებას ჰგავდა. ხომეინის ჩაწოდებით ბაზარგანს ბრალს სდებდნენ აშშ-ს ჯაშუშობაში, ამბობდნენ, რომ ის ამზადებდა ნიადაგს შაჰის დასაბრუნებლად. უკმაყოფილების ტალღა მთელ ქვეყანს მოედო, პროცესს, რასაკვირველია, ხომეინი მართავდა. რამდენიმე დღეში აღტკინებული ირანელი სტუდენტების ჯგუფმა აშშ-ს საელჩოს შტურმით აიღო . 

სტუდენტებმა ტყვედ აიყვანეს აშშ-ს საელჩოს 52 თანამშრომელი, მათი მოქმედებები საჯაროდ დაგმო მეჰდი ბაზარგანმა და ტყვეების გათავისუფლება მოითხოვა, მაგრამ ეს არ იყო მნიშვნელოვანი. ახალგაზრდების მოქმედებები ხომეინიმ აკურთხა, ასე დაიწყო ტყვეების კრიზისი, რომელიც 444 დღე გაგრძელდა. რამდენიმე დღეში ბაზარგანმა თანამდებობა დატოვა, მისი მთავრობა დაიშალა და ხომეინიმ სრულად დაიქვემდებარა ხელისუფლების ყველა შტო. 

შეიარაღებული სტუდენტები აშშ-ს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე

სწორედ  ეს მომენტი უნდა მივიჩნიოთ ხომეინის ფანტასმაგორიული ბრძოლის დასაწყისად “დიდ სატანასთან”, როგორც ის მოიხსენიებდა აშშ-ს. ამ რიტორიკის ქვეშ ხომეინის პრაგმატული გათვლები იმალებოდა. ამ პერიოდში მართლაც არსებობდა საშიშროება, რომ აშშ ირანში აქტიურ მოქმედებაზე გადავიდოდა. ტყვეების აყვანით ხომეინიმ აშშ-ზე ზემოქმედებისა და მისი შეკავების ბერკეტი მოიპოვა. ეს ისლამური რეჟიმის უსაფრთხოების ბალიში იყო. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ხომეინიმ ყველაფერი სწორად გათვალა. ამავე  წელს ირანში ჩატარდა რეფერენდუმი ქვეყნის ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადების შესახებ. მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა იდეას მხარი დაუჭირა.

ის, რაც ირანში ტყვეების კრიზისის დროს მოხდა, ეს არის სამღვდელოების მიერ ორგანიზებული რელიგიური გადატრიალება, რომლის მეშვეობითაც ხომეინიმ დაასრულა ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესი.  ქვეყნის სათავეში მოვიდა ადამიანი, რომლისთვისაც მსოფლიო ისტორიის ბოლო 1 000 წელი არაფერს ნიშნავდა. ეს იყო მეორე რევოლუცია, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა პირველისგან. 

შაჰის წინააღმდეგ გამოსვლებში სამღვდელოებას მნიშვნელოვანი როლი ეკავა, თუმცა, მათ გარდა, შაჰს დანარჩენი სოციალური ფენებიც დაუპირსპირდა. ირანის  რევოლუცია გამოირჩეოდა მისი პოპულარობით, სხვადასხვა მონაცემებით, მასში მოსახლეობის, დაახლოებით, 10-11% მონაწილეობდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის სხვა რევოლუციებში მოსახლეობის მაქსიმუმ 5% მონაწილეობდა.

ხალხი, რომელიც შაჰის წინააღმდეგ გამოდიოდა, არ ითხოვდა თეოკრატიას, მათი დიდი ნაწილი, სამოქალაქო უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას, სოციალურ რეფორმებს, ეფექტიან დემოკრატიას ითხოვდა, მათ უკეთესი ცხოვრება სურდათ. ამ ხალხმა დაამარცხა შაჰი, თუმცა ისინი თავად დამარცხდნენ პოსტრევოლუციურ ირანში. რევოლუციის ამგვარი დასასრული წარმოუდგენელი იყო არამხოლოდ ამ ჯგუფებისთვის, არამედ თავად სამღვდელოებისთვისაც.

“1979 წელს ევინის ციხეში, ისლამური რესპუბლიკის მომავალ ლიდერთან, ალი ხამინეისთან ვისხედით და ირანის მომავალზე ვსაუბრობდით. ვერავინ, ვერავინ დაარწმუნებდა მაშინ, ვერც ხამინეის და ვერც იქ მსხდომ სხვა სასულიერო პირებს, რომ ერთ წელიწადში ისინი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველები გახდებოდნენ”. - ასე იხსენებს ირანის მომავალ ლიდერებთან ერთად შაჰის ციხეში გატარებულ დროს ოპოზიციონერი აბას მილანი.

საქმე ის არის, რომ რევოლუციაში ძალიან განსხვავებული ჯგუფები მონაწილეობდნენ და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ აერთინებდათ იყო ის, რომ მათ მიიღეს ხომეინის რელიგიური ლიდერობა. ამან დიდი უპირატესობა მისცა სამღვდელოებას, უკვე პოსტრევოლუციურ პროცესებში, ისინი გაცილებით უფრო ჭკვიანები, ორგანიზებულები და დეტერმინირებულები აღმოჩნდნენ, ვიდრე სამოქალაქო ჯგუფები.

მარტივად რომ ვთქვათ, ძველმა საშუალო კლასმა, სამღვდელოების სახით, დაამარცხა ახალი საშუალო კლასი, სამოქალაქო ჯგუფების სახით. მწარე ცინიზმი და ირონიაა იმაში, რომ ახალი რეჟიმის პირველ მსხვერპლი სწორედ ის ხალხი იქნება, ვინც მათთან ერთად ებრძოდა შაჰს.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - სახელმწიფო სახელმწიფოში

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სამხედრო აღლუმზე

პოსტრევოლუციურ ქაოსში პოზიციების გასამყარებლად ხომეინის მისი ერთგული ძალოვანი სტრუქტურა სჭირდებოდა. ამისთვის არ გამოდგებოდა არმია, რომლის ლოიალობაშიც მას ეჭვი ეპარებოდა. გარდა ამისა, რევოლუციის შემდეგ არმია უბრალოდ იშლებოდა. ამ მიზნით, 1979 წლის მაისში, ხომეინის თანხმობით დაარსდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი.

ორგანიზაცია გარდამავალი მთავრობის უწყებას წარმოადგენდა. ეს იყო გასამხედროებული ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანდნენ სასულიერო პირებთან დაახლოებული ახალგაზრდები. ბევრი მათგანი რევოლუციამდე სხვადასხა პარტიზანული ორგანიზაციების წევრები იყვნენ. კორპუსს ჯერ კიდევ არ ჰქონდა სახელმწიფო ჯარის სტატუსი, თუმცა ჰქონდა მისია - აიათოლა ხომეინისა და ისლამური რევოლუციის უპირობო ერთგულება და დაცვა. 

გუშაგთა კორპუსი ისლამური რეჟიმის ძირითადი დასაყრდენი და მთავარი რეპრესიული აპარატი გახდა.  რაღაც გაგებით ეს წარმოადგენდა რელიგიურ კაგებეს. გუშაგთა კორპუსი გაცილებით უფრო სასტიკი აღმოჩნდა, ვიდრე შაჰის სავაქი. მხოლოდ რევოლუციის პირველ წლებში ახალ რეჟიმს, დაახლოებით, ორჯერ მეტი ადამიანი შეეწირა, ვიდრე შაჰის რეპრესიებს. როგორც წესი ისინი ყოფილი რევოლუციონერები იყვნენ. კორპუსის წევრები მოქმედებდნენ უკვე არსებულ რევოლუციურ კომიტეტებთან, მათ ჰქონდათ იარაღის ტარების უფლება და ოფიციალური სტატუტის არქონის მიუხედავად, ჰქონდათ დაპატიმრებისა და  დაკითხვის უფლებაც.

გუშაგთა კორპუსი გახდა იძულების მექანიზმი ხომეინის ხელში. უშუალოდ ორგანიზაციის დაფუძნების იდეა მდგომარეობდა მის უპირობო ერთგულებაში ერთი ადამიანის მიმართ. კორპუსი ჩაფიქრებული იყო, როგორც პირადი კომეტატუსის თანამედროვე ანალოგია. კომეტატუსი წარმოადგენდა მეფის პირად ამალას, უპირობო მორჩილების გარდა, ამ ხალხის სიცოცხლე პირდაპირი მნიშვნელობით მეფეს ეკუთვნოდა - მეფის გარდაცვალებასთან ერთად მისი კომეტატუსის ყველა წევრი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებდა, რათა ლიდერი მიღმიერ სამყაროშიც დაეცვათ. ეს ფენომენი ძირითადად აზიაში იყო გავრცელებული.  სწორედ ამ კომეტატუსის მოდიფიცირებულ, ირანულ ვერსიას წარმოადგენდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი.  

იდეური მოწინააღმდეგეებისა და კონკურენტების ჩამოსაცილებლად ხომეინიმ საკუთარ ინსტრუმენტად სწორედ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აქცია. კორპუსი გახდა პარალელური სტრუქტურა, რომელიც აბალანსებდა არმიასა და პოლიციას, ახორცილებდა ხომეინისთან დაპირისპირებული სახელმწიფო უწყებების საბოტაჟს და დევნიდა ოპოზიციას. გუშაგების  ძირითადი საქმე, საწყის ეტაპზე, სწორედ დაპირისპირებული მემარცხენე ბანაკის დევნა იყო. ისლამური რევოლუციისს გუშაგთა კორპუსმა ძალიან მრავალფეროვანი და განსხვავებული 1979 წლის სამოქალაქო რევოლუცია წმინდად ხომეინისტურ მოვლენად გარდაქმნა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისადმი მიძღვნილი გრაფიტი

იმ დროს, როდესაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ირანის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში მკვიდრდებოდა, ერაყის დიქტატორმა, სადამ ჰუსეინმა ირანში შექმნილი მდგომარეობით სარგებლობა გადაწყვიტა და ირანში შეიჭრა. 1980 წელს ირან-ერაყის ომი დაიწყო. ერაყის არმიის ცენტრალური შტაბის გეგმით, ერაყი მალევე დაამყარებდა კონტროლს მდინარე შატლ ალ-არაბის სადავო მონაკვეთზე და ჰუზესტანის ნავთობით მდიდარ ტერიტორიაზე, და ომი 2-3 კვირაში მორჩებოდა. 

ჰუსეინის მოლოდინების საპირისპიროდ, ომი 8 წლის განმავლობაში გაგრძელდა და მილიონამდე ადამიანი შეიწირა. ეს იყო ყველაზე  მასშტაბური ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ირანი ამ დროისთვის უკვე საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, ქვეყნის არმია პრაქტიკულად დაშლილი იყო და მათ არ ჰქონდათ საკმარისი შეიარაღება. ერაყის არმია უპირატესობას ფლობდა, როგორც ცოცხალ ძალაში, ასევე, მათ გააჩნდათ უახლესი დასავლური და საბჭოთა შეიარაღება. ირანისთვის ამ ვითარებაში ისლამური რევოლუციის გუშაგების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. 

ამ მოცემულობაში, უმწვავესი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი ფონზე, ბევრი ფიქრობდა, რომ ირანის რეჟიმი წნეხს ვერ გაუძლებდა და დაემხობოდა, თუმცა ყველაფერი დიამეტრალურად საპირისპიროდ განვითარდა. დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ერაყის თავდასხმამ ხომეინის მასების ეგზალტირებისა და შთაგონების ახალი რესურსი მისცა. ერააყის შეტევა მან კიდევ ერთხელ წარმოაჩინა როგორც ქარბალას ბრძოლა, ბრძოლა ჩაგრულებისა მჩაგვრელების წინააღმდეგ. ერაყთან ომი ახალ ქარბალად გადაიქცა, რომელშიც მონაწილეობა ყველა შიიტისთვი პატივის საკითხი გახდა. ხომეინიმ სექტარიანული ჯინი ბოთლიდან გამოუშვა და ირანელებს ისტორიული მარცხისა და დამცირების გამოსწორების ილუზია შეუქმნა.

ცხადია, გუშაგთა კორპუსი თავიდანვე აქტიურად ჩაერთო საომარ მოქმედებებში და რადგან, სწორედ ეს სტრუქტურა იყო უმაღლესი ლიდერის ნდობით აღჭურვილი, ყველაზე მნიშვნელოვან ოპერაციებს სწორედ ისინი ხელმძღვანელობდნენ. ომის პირველ წელს ჰუსეინის არმიამ მოახერხა ირანში გარკვეული ტერიტორიიის დაკავება, თუმცა ირანში ახალი პატრიოტული კამპანიის გაღვივების ფონზე, ამ უპირატესობის შენარჩუნება შეუძლებელი გახდა.

ხომეინიმ მოწინააღმდეგის ტექნიკური უპირატესობა ცოცხალი ძალის სიჭარბით დააბალანსა, მან საომარ მოქმედებებში ე.წ. ბასიჯები, 12-დან 16 წლამდე მოზარდები ჩართო - გულზე მიმაგრებული ხომეინის სურათით და წარწერით, “მე იმამმა სამოთხეში შესვლის ნებართვა მომცა”. ეს ბავშვები შიშველი ხელებით დანაღმული ველების გასანაღმად მიდიოდნენ. ხომეინის ამ ტაქტიკურ ინოვაციას ირანში ცოცხალ ტალღებს უწოდებდნენ. მართლაც, ეს იყო ბავშვების ტალღა, რომელიც არ წყდებოდა, ისინი ფეთქდებოდნენ ნაღმებზე, მათ ჰაერიდან ესროდნენ ვერტმფრენები, მაგრამ ეს ტალღა არ ჩერდებოდა. ეს შემზარავი სანახაობა გამანადგურებლად მოქმედებდა არამხოლოდ ნეიტრალურ მაყურებელზე, არამედ მოწინააღმდეგეებზეც.

ირანელი მოზარდი იმამ ხომეინის სურათით ირან-ერაყის ომი

“ეს იყო ომი, რომელშიც უფრო მეტი ადამიანი ეყარა მიწაზე, ვიდრე ტყვია”. - ასე იხსენებს ირან-ერაყის ომს AP-ის ჟურნალისტი, რომელიც კონფლიქტს წლების განმავლობაში აშუქებდა.

რვაწლიანი უსასტიკესი დაპირისპირების განმავლობაში სადამ ხუსეინმა რამდენჯერმე გამოიყენა ქიმიური იარაღიც. ირანის მხრიდან საომარ მოქმედებებს პრაქტიკულად რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ხელმძღვანელობდა. მათ შორის იყო ყასემ სოლეიმანი, რომელმაც ომის წლებში რიგითიდან ბრიგადის გენერლობამდე მიაღწია. მსგავსი ბიოგრაფია აქვს სოლეიმანის შემცვლელ ესმაილ ქაანის, რომელიც ომის წლებში დივიზიის გენერალი გახდა. ომის შემდეგ გუშაგთა კორპუსის გავლენა და ავტორიტეტი ირანში არნახულად გაიზარდა, ისინი ომის გმირები იყვნენ. 

ასიმიტრიული ცოცხალი ძალისა და ე.წ. ადამიანური ტალღების შეტევების შედეგად, ომის ბოლო წლებში ირანელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს. ირანელები გადავიდნენ შეტევაზე და მათი მთავარი მიზანი ამჯერად სადამის რეჟიმის დამხობა, ხოლო შემდეგ იერუსალიმის სიონიტებისგან გათავისუფლება გახდა. იშვიათ მიმართვებში ხომეინი ირანელებს ბრძოლის ბოლომდე მიყვანისკენ და ბაღდადის აღებისკენ მოუწოდებდა, თუმცა გეგმის განხორციელება ქვეყანაში შემქნილმა უკიდურესად მძიმე სოციალური ფონმა შეაფერხა. საბოლოოდ, იმამის ახლო გარემოცვის წევრებმა მისი გადარწმუნება და ომის შეწყვეტაზე დათანხმება შეძლეს.

ომის შეწყვეტის შესახებ მიმართვაში ხომეინიმ განაცხადა, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება უფრო რთული მისაღები იყო, “ვიდრე საწამლავის დალევა”. ეს ხომეინის ბოლო საჯარო მიმართვა იყო. ისლამური რევოლუციის ლიდერი 1989 წელს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ხომეინის გარდაცვალების შემდეგ უმაღლესი ლიდერის პოზიციაზე ექსპერტთა საბჭომ ალი ხამინეი აირჩია, რომელიც 1981-1989 წლებში პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ხომეინისგან განსხვავებით, ხამინეის ლეგიტიმაცია საზოგადოებაში გაცილებით დაბალი იყო. არჩევის მომენტში მას არ ჰქონდა დიდი აიათოლას სტატუსი და ეს ტექნიკურად კონსტიტუციის დარღვევა იყო. ხომეინის მასების მობილიზებისთვის მხოლოდ მიკროფონი ჭირდებოდა, ხამინეის მსგავსი ფუფუნება არასდროს ჰქონია. ხამეინის ფიზიკურად ვერ ექნებოდა ხოემინის მსგავსი ლეგიტიმაცია და ამიტომაც, უმაღლესი ლიდერის თანამდებობის დასაკავებლად ხამინეის ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრების ინტერესების გათვალისწინება, დაბალანსება დასჭირდა. 

ერთ-ერთი პირველი, ვისი ინტერესებიც ხამინეიმ მხედველობაში მიიღო, რევოლუციის გუშაგთა კორპუსი იყო. მხარეებს შორის გარიგებით გუშაგთა კორპუსმა მხარი დაუჭირა ხამინეის კანდიდატურას, ხოლო სანაცვლოდ ქვეყნის შიგნით უფრო მეტი ბერკეტი და თავისუფლება მიიღო. ამ დღიდან გუშაგთა კორპუსის გავლენა ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაზე განუხრელად იზრდებოდა.

ალი ხამიენი ევინის ციხეში, თეირანი 1979 წელი

ამ პროცესს ხელი შეუწყო ირანის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჰაშემი რავსანჯანიმ, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა და მხარს უჭერდა გუშაგთა კორპუსს, მისი მიზანი იყო, მოეხდინა კორპუსის ჩართვა ინსტიტუციონალურ პროცესში. 1988 წლიდან, მომდევნო ათწლეულში გუშაგთა კორპუსი პრაქტიკულად ქვეყნის ყველაზე მძალვრ, მდიდარ და ავტონომიურ პოლიტიკურ სტრუქტურად გადაიქცა. გუშაგთა კორპუსის გაზრდილი გავლენა და ავტორიტეტი ნათლად გამოიხატა 1999 წლის საპროტესტო გამოსვლების დროს. 

შიდა გაძლიერების პარალელურად რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ფეხს იკიდებდა რეგიონშიც, ირანის სახით ახალი, დინამიური და რევოლუციური მოთამაშის გაჩენამ თავისი გავლენა იქონია რეგიონზე. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ირანმა თავიდანვე სცადა ამ რევოლუციის ექსპორტი. პირველი ქვეყანა, სადაც გუშაგებმა ფეხი მოიკიდეს, ლიბანი იყო. შიიტებით დასახლებულ სამხრეთ ლიბანში 1982 წელს რევოლუციის 1 500-მდე გუშაგი ჩავიდა. სწორედ ისლამური რევოლუციის გუშაგთა წევრებმა გაწვრთნეს, შეაიარაღეს და შექმნეს ჰეზბოლა, როგორც ერთიანი სტრუქტურა. ორგანიზაციის სახელი კი თავად აიათოლა ხომეინიმ შეარჩია.

ჰეზბოლა ირანელი გუშაგების პირველი და ჯერჯერობით ყველაზე წარმატებული პროექტია. სწორედ ჰეზბოლამ გამოიყენა პირველად თვითმკვლელი ტერორისტები 1983 წელს ლიბანში ამერიკული და ფრანგული სამხედრო ბაზებზე შეტევის დროს. გუშაგთა კორპუსი ირანის რეგიონული ინტერესებისა და მისწრაფებების განხორციელების, ძალის პროეცირების მედიუმი გახდა, ამ დროიდან მოყოლებული გუშაგთა გავლენა ახლო აღმოსავლეთში განუხრელად იზრდება.

უკვე 1997 წელს ირანის პრეზიდენტად რეფორმისტი, მოჰამად ჰათამი აირჩიეს. ჰათამი სამღვდელოებისა და სამხედროების გავლენის შემცირებას შეეცადა. დროებით გაუქმდა ცენზურა და დაშვებულ იქნა დამოუკიდებელი გაზეთებისა და გამოცემების საქმიანობა. ჰათამი ასევე ცდილობდა ქვეყნის ეკონომიკის ლიბერალიზაციას. პრეზიდენტს მხარს უმთავრესად ახალგაზრდები და დიდი ქალაქების მოსახლეობა უჭერდა. 1999 წელს, ლიბერალიზაციის მოთხოვნით, ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. 

ცოტა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ღია წერილით მიმართა ქვეყნის პრეზიდენტს. გზავნილში გენერლები აფრთხილებდნენ ჰათამის, რომ მისი რეფორმები ძალიან შორს წავიდა  და თუკი ის შესაბამის ზომებს არ მიიღებდა, ვითარებაზე კონტროლს თავად დაამყარებდნენ. ეს იყო გაფრთხილება სახელმწიფო გადატრიალების შესახებ. მოვლენები სწორედ ამ სცენარით განვითარდა. გუშაგთა კორპუსმა საპროტესტო აქციები დაარბია, დაიხურა კრიტიკული გაზეთები, პატიმრობაში აღმოჩნდა ათასობით სტუდენტი. ეს ნათლად აჩვენებდა გუშაგთა კორპუსის გავლენას ირანზე, ორგანიზაცია ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ სახელმწიფოში.

გუშაგთა კორპუსის გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა მაჰმუდ აჰმადინეჯადის გაპრეზიდენტების შემდეგ, რომელიც პრეზიდენტობამდე სწორედ გუშაგთა კორპუსის წევრი იყო. ჰათამისგან განსხვავებით, აჰმადენიჯადი კონსერვატული წრეების მხარდაჭერით სარგებლობდა. 2009 წელს ირანის საპრეზიდენტო არჩევნებზე კონსტიტუციის მცველთა საბჭომ რამდენიმე ოპოზიციურ კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მისცა. უშუალოდ არჩევნები კი მასობრივი გაყალბებისა და ძალადობის ფონზე ჩატარდა. საარჩევნო კომისიამ არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებულად აჰმადინეჯადი გამოაცხადა. 

ამის შემდეგ ქვეყანაში მწვანე მოძრაობის სახელით ცნობილი საპროტესტო მოძრაობა დაიწყო. როგორც წინა შემთხვევაში, აქაც ვითარებაზე კონტროლი რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა დაამყარა. აქციების დარბევის დროს, სხვადასხვა მონაცემებით, 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

არაბული გაზაფხულის პარალელურად ახლო აღმოსავლეთში ძალაუფლების ვაკუუმი გაჩნდა, ეს კი გუშაგთა კორპუსს საკუთარი გავლენის გაფართოების საშუალებას აძლევდა. გუშაგთა კორპუსი პირდაპირ ჩაერთო სირიასა და იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომში. ირანის გავლენა ერაყში მანამდეც მძლავრი იყო, თუმცა არაბული გაზაფხულის პარალელურად ეს გავლენა არნახულად გაიზარდა. 

ამ დროისთვის, რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ახლო აღმოსავლეთში მოქმედ ათობით გასამხედროებულ დაჯგუფებას აკონტროლებს, მათ შორისაა ყველაზე წარმატებული ირანული პროექტი - ჰეზბოლა. ალაჰის პარტია 1980-იან წლებში ლიბანში მიმდინარე სამოქალო ომის დროს დაარსდა.

მოგვიანებით ჰეზბოლა პოლიტიკურ პარტიად ტრანსფორმირდა, თუმცა მის სამხედრო ფლანგს მოქმედება არცერთი წამით არ შეუწყვეტია. მეტიც, სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, მიღწეული შეთანხმების საწინააღმდეგოდ ჰეზოლამ უარი თქვა განიარაღებაზე. ამ დროისთვის, ჰეზბოლა მუდმივ, კარგად ორგანიზებულ, გაწვრთნილ არმიას ფლობს, რომელიც ლიბანის სახელმწიფოზე არმიაზე ბრძოლისუნარიანია. 

ჰეზბოლას გარდა, ირანი და უშუალოდ რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აკონტროლებს ჰუსიტების დაჯგუფებას იემენში, ბადრის ბრიგადებსა და კიდევ ათობით სამხედრო დაჯგუფებას ერაყში, ჰამასსა და ისლამურ ჯიჰადს ღაზას სექტორში. კორპუსის საგარეო ოპერაციებს ყუდსის ბრიგადა წარმართავს. ამ დანაყოფის არსებობა ირანმა ოფიციალურად 2011 წელს, სირიის კონფლიქტის მიმდინარეობისას აღიარა. 

უმაღლესი ლიდერის მხარდაჭერით რევოლუციის გუშაგთა კორპუსი დღეს ირანის ყველაზე ძლევამოსილი, სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაა. 190-ათასიანი პერსონალით უწყებას გააჩნია საკუთარი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალები. სწორედ, გუშაგთა კორპუსი აკონტროლებს ირანის ყველაზე მნიშვნელოვან სარაკეტო კომპლექსს. გუშაგთა კორპუსი ხელმძღვანელობს ირანის ბირთვულ პროგრამასაც. 

უწყებაში 8 დანაყოფია, სამხედრო-სადაზვერვო ფუნქციების მქონე დანაყოფების გარდა, კორპუსის შემადგენლობაში შედის ნახევრად გასამხედროებული მოხალისეობრივი დაჯგუფება ბასიჯი. დაჯგუფებაში 100 ათასზე მეტი მოხალისეა გაერთიანებული. ორგანიზაციის წევრების ზნეობის პოლიციის ფუნქციებს ასრულებენ, მათ შორის უშუალოდ ბასიჯის მეშვეობით ხდება საპროტესტო აქციების დარბევა. 

მაშინ, როდესაც ირანის ძირითადი არმიის ფუნქცია ქვეყნის საზღვრების დაცვაა. გუშაგთა კორპუსის ახალ წევრებს საცერემონიო ფიცით, არა ქვეყნის, არამედ ისლამური სისტემის დაცვა ევალებათ. იმის მიუხედავად, რომ გუშაგთა კორპუსის პირადი შემადგენლობა არმიისას 230 ათასით ჩამოუვარდება, ისინი გაცილებით უფრო გავლენიანები არიან. ამასთანავე, უწყების ხელმძღვანელები მხოლოდ უმაღლესი ლიდერის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი. 

რევოლუციის გუშაგთა აქტიურობა მსოფლიოს 5 კონტინენტზე შეიმჩნევა. უწყების სახელს უკავშირდება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ოპოზიციურად განწყობილი ირანელების მკვლელობა და გახმაურებული ტერორისტული აქტები. რევოლუციის გუშაგთა კორპუსს უკავშირდება 1994 წელს ბუენოს აირესში ებრაული ცენტრის აფეთქება, რომელსაც 85 ადამიანი შეეწირა. გუშაგთა კორპუსის წევრები მონაწილეობდნენ ინდოეთში ისრაელის ელჩის მკვლელობაში. დიდი ალბათობით, ისინი ჩართულნი იყვნენ 2005 წელს ლიბანის პრემიერის რაფიკ ხარირის მკვლელობაში, რომელიც თავის ავტომობილში ააფეთქეს. 

2011 წელს აშშ-ში გამოაშკარავეს გუშაგთა კორპუსის რამდენიმე წევრი, რომლებიც აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობას ამზადებდნენ. მსგავსი აქტივობების ფონზე, 2019 წელს აშშ-მა რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორიტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რომელიმე სახელმწიფოს ოფიციალური სტრუქტურა მსგავს სიაში აღმოჩნდა. 

ქვეყნის პარლამენტში მანდატების დაახლოებით მესამედს, სწორედ, კორპუსის წევრები აკონტროლებენ. ისინი იკავებენ ყველაზე მაღალ სახელმწიფო თანამდებობებს. მათ შორის კორპუსის წევრია ქვეყნის პარლამენტის სპიკერი ლარიჯანი და ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე მოჰსენ რეზაი. ისინი ფართოდ არიან წარმოდგენილი კონსტიტუციის გუშაგებისა და ექსპერტთა საბჭოში. 

პოლიტიკური და სამხედრო გავლენების გარდა, გუშაგთა კორპუსი, სხვადასხვა მონაცემებით, ირანის ეკონომიკის მესამედს აკონტროლებს. უწყების მიერ შექმნილი კომპანიები, მილიარდობით დოლარის სახელმწიფო შეკვეთებს ასრულებენ. ისინი აკონტროლებენ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას. კოპსუსის დაქვემდებარაშია დიდი სამშენებლო ჰოლდინგი, რომელიც გორბის სახელით არის ცნობილი. ორგანიზაცია ირანული ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორშია წარმოდგენილი, მშენებლობიდან განათლებამდე და კულტურულ აქტივობამდე. ცხადია გუშაგთა კორპუსს აქვს თავისი ტელევიზიები და მედია საშუალებები ეს ორგანიზაცია, ამავდროულად, ირანში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. 

რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები, საჭიროების შემთხვევაში, არ ერიდებიან დაპირისპირებას მთავრობასთან და პრეზიდენტთან. გუშაგთა კორპუსი წინა წლებში აქტიურად აკრიტიკებდა ჰასან როუჰანის მოლაპარაკებებს ირანის პროგრამასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხშირად აკრიტიკებენ გუშაგთა კორპუსს. 2015 წელს როუჰანიმ განაცხადა, რომ გუშაგთა კორპუსი ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

გუშაგთა კორპუსის ყუდსის ბრიგადის მეთაური ყასემ სოლეინამი იმამ ჰუსეინთან. ნახატი ირანში ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ გავრცელდა

განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ იმამმა ხომეინიმ გუშაგთა კორპუსი იმამ ჰუსინის დაბადების დღეზე დაარსა, მათი უნიფორმა კი მწვანე ფერისაა, რაც იმამის საყვარელ ფერთან რეფერირებს. სიმბოლურად გუშაგები იმამ ჰუსეინის და ქარბალას მეომრები არიან. ორგანიზაცია მყარად შეეზერდა შიიტური ისტორიის გმირების პანთეონს და მისი განუყოფელი ნაწილი გახდა.

ვინ მართავს ირანს?

ირანის კონტიტუციის მეხუთე მუხლის მიხედვით, "მეთორმეტე იმამის არ არ ყოფნაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმამათის, ირანული უმის საქმეებს, სამართლიანი და ღვთივმოსილი, ფართო თვალსაწიერისა და ორგანიზატორული თვისებების მქონე ფაკიხი [საღვთო კანონის მცოდნე] წარმართავს". - სწორედ ის არის ქვეყნის მთავარსარდალი და მას შეუძლია საომარი მდგომარეობის შემოღება და გაუქმება. უმაღლეს ლიდერს ექსპერტთა საბჭო ირჩევს. საბჭო პერიოდულად იკრიბება, თუმცა რაჰბარი [უმაღლესი ლიდერი] არავის მიმართ არ არის ანგარიშვალდებული. კონსტიტუცია უმაღლეს ლიდერს დიდ ძალაუფლებას აძლევს, თუმცა თავად კონსტიტუცია რაჰბარზე არანაირ ძალაუფლებას არ ფლობს. 

ირანში მოქმედებს ისლამური თეოკრატია დემოკრატიის ელემენტებით. უმაღლეს ლიდერს ექსპერტთა საბჭო ირჩევს, თუმცა პრეზიდენტს და პარლამენტს მოსახლეობა. საქმე ის არის, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის ძალაუფლება გაცილებით უფრო მოკრძალებულია, ვიდრე დანიშნული თანამდებობის პირების. პრეზიდენტი თვისობრივად მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელია, ის ვერ აკონტროლებს სასამართლოებს, ვერ ნიშნავს სამხედროებს, მას არ აქვს ძალუფლება პარლამენტზე. ეს ყველაფერი უმაღლესი ლიდერის პრეროგატივაა. 

მარტივად რომ ვთქვათ, თუ მატარებლები იგვიანებენ, ვერ ხერდება გადასახადების აკრეფა, ეს პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა. ოფიციალურად რაჰბარი არ ერევა ეკონომიკური პოლიტიკის წარმოებაში, თუმცა იგი სრულად განაგებს მორწმუნეების შემოწირულობებს, რომლებიც თავისუფალია საგადასახადო ტვირთისგან. არჩევითი თანამდებობების არსებობის მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციურად განწყობილი კანდიდატებისთვის ძალიან რთულია. 

ირანში არჩევნებში გამარჯვებაზე უფრო რთული, არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებაა. კანდიდატებს კონსტიტუციის გუშაგთა საბჭოს თანხმობა სჭირდებათ. ამ უკანასკნელს კი ხამინეის ნდობით აღჭურვილი პირები მართავენ. ამგვარად, რეჟიმისთვის არასასურველი კანდიდატები პროცესს საწყის ეტაპზე ეთიშებიან.

ირანის რთული და უნიკალური პოლიტიკური სტრუქტურა რეჟიმს დიდ უპირატესობას აძლევს. მაშინ, როდესაც რეგიონის სხვა ქვეყნებში მასობრივი სამოქალაქო მღელვარება რეჟიმისთვის სასიკვდილოდ საშიშია, ირანის მმართველებს მარტივად შეუძლიათ მთავრობის ან პრეზიდენტის გადაყენება. ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკურ სისტემას სიმყარის გაცილებით დიდი მარაგი აქვს.

ირანი რეგიონის პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პრეზიდენტები საარჩევნო ციკლის მიხედვით იცვლებიან, თუმცა მდგომარეობა ქვეყანაში არ იცვლება. უმაღლესი ლიდერის მთავარი ფუნქცია სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების ძალაუფლების ლოკალური ცენტრების ინტერესების დაბალანსებაა. ირანის პოლიტიკური რეჟიმი ფლოტილიას ჰგავს, რომელშიც ყველა ფრეგატი თავისი მიმართულებით მიდის, თუმცა საბოლოოდ ფლაგმანის მიმართულებას მიყვება. 

ბოლო წლებში სულ უფრო აქტიურად ისმის კითხვა, ვინ მართავს ირანს. რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გავლენა რეალურ გადაწყვეტილებებზე სულ უფრო მზარდია. ქვეყნის შიგნით კორპუსის გავლენა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული სასულიერო პირებს. ამავე უწყების გავლენა პრაქტიკულად გადამწყვეტია ირანის საგარეო პოლიტიკაში, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლესი ლიდერი ირანის ტერიტორიას არასდროს ტოვებს. 

"როცა იბრძვიან სპილოები ნადგურდება ბალახი"

ამ გამოთქმას ახლო აღმოსავლეთის მკვლევარები ხშირად იყენებენ რეგიონში მიმდინარე ცენტრალური კონფლიქტის, ირანისა და საუდის არაბეთის დაპირისპირების აღსაწერად. ბოლო წლებში ამ ორ სახელმწიფოს შორის არსებული კონფლიქტს სულ უფრო ხშირად განიხილავენ ე.წ. თუკიდიდეს ჩიხის პრიზმაში. ტერმინი "თუკიდიდეს ჩიხი" ამერიკელ პოლიტოლოგ გრემ ელისონს უკავშირდება. 2017 წელს გამოცემულ წიგნში, სახელწოდებით - "ომისთვის განწირულნი" - ჰარვარდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერების ცენტრის დირექტორი აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობებს აანალიზებს.

თუკიდიდეს ჩიხი არის სახიფათო დინამიკა, რომელშიც განვითარებადი, ახალი ძალა საფრთხეს უქმნის არსებულ ჰეგემონს და ცდილობს ლიდერის ჩანაცვლებას. თუ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას ამ პრიზმიდან შევხედავთ მსგავსება აშკარაა, განსაკუთრებით ისლამური რევოლუციის შემდეგ. 1979 წლიდან ირანმა დაიწყო არსებული წესრიგის რღვევა, სწრაფვა რეგიონული ჰეგემონიისკენ და არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ეს გარკვეული წარმატებითაც მოახერხა. საუდის არაბეთის და ირანის კონფლიქტი არ არის მხოლოდ ბრძოლა მუსლიმური სამყაროს ლიდერობისთვის, ეს არის რელიგიური და გეოპილიტიკური დაპირისპირება. 

მიუხედავად იმისა, რომ თეირანსა და იერუსალიმს ათასობით კილომეტრი აშორებს, ირანმა შექმნ ე.წ. შიიტური წინააღმდეგობის რკალი, რომელიც ბოლო წლებში უშუალოდ ისრაელის საზღვარს მიუახლოვდა. რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებში ირანი 100-ზე მეტ შიიტურ მარიონეტულ დაჯგუფებას აკონტროლებს. ირანის წინააღმდეგობის ქსელი მოქმედებს რეგიონის 6 ქვეყანაში, ამან ფუნდამენტურად შეცვალა რეგიონის სტრატეგიული ბალანსი. არ არსებობს სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ირანისა და მისი ე.წ. პროქსი ძალების წინააღმდეგ მაღალი რისკის გარეშე მოქმედება.

ირანისა და მის მიერ კონტროლირებადი ძალების წინააღმდეგ მიმართული ქმედება ნებისმიერი ქვეყნისთვის, სხვადასხა სახის სამხედრო საფრთხესთან ერთად, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განადგურების და რეგიონის სხვადასხვა სახელმწიფოში დესტაბილიზაციის მაღალს რისკს შეიცავს. ეს გენერალური პრინციპი მიემართება აშშ-საც, ატომური იარაღით აღჭურვილ ისრაელსა და საუდის არაბეთსაც, რომლის თავდაცვის ხარჯები ირანისას ხუთჯერ აღემატება. 

ირანს მის წინააღმდეგ მიმართული საომარი ქმედებისთვის პასუხის გაცემა რეგიონის თითქმის ყველა სახელმწიფოში შეუძლია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს წარმატებული გამოცდილებაც. 1983 წელს ბეირუთში ირანის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტების შედაგად 241 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, რაც საბოლოოდ ქვეყნიდან ამერიკელი და ფრანგი სამშვიდობო ძალების გაყვანით დასრულდა. 

სე გამოიყურებოდა აშშ-ს საზღვაო ქვეითების ბაზა დამანგრეველი აფეთქების შემდეგ

ირანის ყველაზე ძველი, დახვეწილი და საუკეთესოდ შეიარაღებული პროქსი ძალა ლიბანური ჰეზბოლაა. ირანული პროქსი ძალების ყველაზე დიდ კოლექციას ამ დროისთვის ერაყი ფლობს, აქ 60-ზე მეტი დაჯგუფება მოქმედებს, რამდენიმე მათგანს 20-30 წლიანი ისტორია აქვს, რამდენიმე მათგანი ახალშექმნილია. ბოლო წლებში სირია ირანის მიერ ორკესტრირებული დაჯგუფებებისა და შეიარაღებული ბანდების მზარდ ქსელს მასპინძლობს.

ირანი, ასევე, აკონტროლებს და აიარაღებს ჰუსიტების დაჯგუფებას იემენში, რომლებმაც დაამხეს მთავრობა და აკონტროლებენ ქვეყნის დედაქალაქს. ირანის მიერ ახლადმობილიზებული პროექტებს განეკუთვნება ავღანური ზეინაბიუნის და პაკისტანური ფატიმაიუნის დაჯგუფებები. ირანი აკონტროლებს და აიარაღებს პალესტინურ ორგანიზაცია ჰამასს, რომელიც ღაზას სექტორს მართავს. მიუხედავად, იმისა, რომ ჰამასი და "ისლამური ჯიჰადი" სუნიტური ორგანიზაციებია, ისინი სრულად ექვემდებარებიან ირანს. 

ირანს სურს ჰეგემონობა არა სპარსეთის იმპერიის აღდგენით და ტერიტორების დაპყრობით, არამედ რეგიონის ქვეყნებში სატელიტური ძალების გამოყენებით. ახლო აღმოსავლეთში ირანი უპირისპირდება მეზობლებს და ამტკიცებს საკუთარ გავლენას სახელმწიფო ტერორიზმის, პროქსი ძალების მზარდი ქსელისა და შორეული წვდომის სარაკეტო პროგრამით. გასულ წლებში დასავლეთისა და ისრაელის მიერ ისლამური რეჟიმის ნეიტრალიზაციისკენ მიმართული სტრატეგია ჯერჯერობით უშედეგოა. შეზღდული ეფექტი ჰქონდა, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვებას და ისრაელის მიერ პერიოდულ საჰაერო დარტყემებს ირანულ ობიექტებზე რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში. 

ჰეზბოლას დემონსტრაცია ბეირუთში

ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აშშ-ს ინტერვენცია ერაყში 2003 წელს. მაშინ სადამის რეჟიმის ელვისებური დამხობის პარალელურად რეგიონის სხვა ლიდერებს ჰქონდათ განცდა, რომ შემდეგი რიგში სწორედ ისინი იქნებოდნენ. გამონაკლისი არ ყოფილა ირანიც - მაშინ ირანმა უპრეცედენტო დათმობებისთვის მზაობა გამოხატა, რაც ირანში შვეიცარიის ელჩისთვის გაგზავნილ ფაქსში დაფიქსირდა. ირანის მაშინდელი პრეზიდენტის, მოჰამად ჰათამისა და ხომეინის მიერ ხელმოწერილი ტექსტის მიხედვით, ირანი აშშ-სგან თავდასხმეულობის აქტის გაფორმებას და ე.წ. ბოროტების ღერძის შემადგენელი სახელმწიფოთა სიიდან ამოღებას ითხოვდა.  

სანაცვლოდ ირანი მზად იყო: სრული წვდომა მიეცა დასავლეთისთვის საკუთარ ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის პროგრამებზე, გადაეცა აშშ-სთვის ირანში დაპატიმრებული ალ-ქაიდას წევრები, მოეხდინა მის მიერ კონტროლირებადი ერაყული დაჯგუფებების რეპატრიაცია და ხელი შეეწყო ერაყში ახალი სეკულარული რეჟიმისთვის, შეეწყვიტა პალესტინური დაჯგუფებების ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა, დაეშალა ჰეზბოლას სამხედრო ფრთა და მხარი დაეჭირა საუდის არაბეთის ინიციატივისთვის, რომელიც პალესტინურ-ებრაეული კონფლიქტის გადაწყვეტას ეხებოდა. 

ირანის შეთავაზებაზე პოზიციები ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში ორად გაიყო - ე.წ. ქორების ფლანგი დიკ ჩეინისა და ჯონ ბოლტონის სახით მიიჩნევდა, რომ ეს იყო სუსტი შეთავაზება ქვეყნის მხრიდან, რომელიც აშკარად შეშინებული იყო აშშ-ს მოქმედებებით რეგიონში. მათთვის ირანის შეთავაზება ძალის პოზიციიდან მოქმედების ეფექტურობას ადასტურებდა. ადმინისტრაციაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ირანის წინადადებას ღირებულად მიიჩნევდნენ, რიჩარდ ჰაასმა და კოლინ პაუელმა საკითხზე მუშაობა დიპლომატიური არხების გამოყენებით გააგრძელეს.

ყველაფერს წერტილი საუდის არაბეთში 2003 წლის 12 მაისს, ამერიკულ საცხოვრებელ კომპლექსში ალ-ქაიდას მიერ ორგანიზებულმა ტერაქტებმა დაუსვა. ამერიკელებმა მიიჩნეს, რომ ირანელებმა წინასწარ იცოდნენ საფრთხის შესახებ, თუმცა მის ასარიდებლად არაფერი გააკეთეს. პროცესი რასაც შესაძლოა ფუნდამენტურად გარდაექმნა აშშ-სა და ირანის ურთიერთობები ჩანასახშივე მოკვდა. 

სამაგიეროდ ირანი იყო პირველი ვინც ყველაზე მეტად იხეირა აშშ-ს ინტერვენციით ერაყში და მათი შეცდომებით. 2003 წლის შემდეგ, ირანმა გააძლიერა თავისი წარმომადგენლობა ერაყში და საბოლოოდ საკვანძო პოლიტიკურ ძალადაც ჩამოყალიბდა. ისლამური რეჟიმის დასუსტების სხვადასხვა მცდელობები და ირანის ეკონომიკური პრობლემები ჯერჯერობით არ თარგმნილა მის შემცირებულ რეგიონულ აქტივობაში. ბოლო წლებში საპირისპირო ტენდენცია გამოიკვეთა - სულ უფრო იზრდება ისლამური რევოლუციის გუშაგთა მიერ შექმნილი დაჯგუფებების ზომაც და შესაძლებლობებიც. 

რაც შეიცვალა ბოლო წლებში ეს არის ირანის შესაძლებლობა მოახდინოს მისი პროქსი ძალების სწრაფი და ეფექტური მობილიზება რეგიონის სხვადასხვა წერტილში. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქუდსის დანაყოფმა გასულ წლებში მის მიერ ერაყში, ლიბანში, პაკისტანსა და ავღანეთში კონტროლირებადი ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი სირიაში საბრძოლველად გადაისროლა. 2014 წელს ეს დაჯგუფებები კორპუსმა ერაყის შიიტური რეგიონებიდან ქვეყნის სამხრეთ სუნიტურ რეგიონებში ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად გადაიყვანა. მნიშვნელოვანია, რომ ირანს უკვე შეუძლია მის მიერ კონტროლირებადი ყველა წერტილის ერთმანეთთან დაკავშირება - ერაყიდან, სირიის გავლით ლიბანში, უშუალოდ ისრაელის საზღვრამდე. 

ამასთანავე, ირანის მიერ კონტროლირებადი ძალები ბოლო წლებში სულ უფრო აქტიურად იკიდებენ ფეხს პოლიტიკაში, ხდება ამ დაჯფუბების ტრანსფორმაცია გავლენიან პოლიტიკურ მოთამაშეებად. ეს დაჯგუფებები კი რეგიონის პოლიტიკურ სტატუს-კვოს ცვლიან, ამის ყველაზე კარგი მაგალითი ლიბანური ჰეზბოლაა, რომელიც 1992 წლის შემდეგ იატაკქვეშეთიდან ამოვიდა და პოლიტიკური პარტია დაარსა. დღეს ჰეზბოლა რეგიონის ყველაზე ვესტერნიზებულ სახელწმიფოში მნიშვნელოვან საპარლამენტო წარმომადგენლობას ფლობს. მეტიც, ლიბანის ამჟამინდელი პრეზიდენტი, მიშელ აუნი წორედ მათი თანხმობით შეირჩა. 

ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი, ალი ხამენეი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა

2014 წლისთვის ირანის მიერ კონტროლირებადი დაჯგუფებების ქსელი ე.წ. პოპულაური მობიზალიზაციის მოძრაობაში გადაიზარდა. სწორედ ეს ჯგუფები დაუპირისპირდნენ ისლამურ სახელმწიფოს ერაყის სამთავრობო არმიის სრული კოლაფსის შემდეგ. ისინი იღებენ სახელმწიფო ხელფასებს, 2016 წელს ერაყის პარლამენტმა დაჯგუფება ერაყის არმიის დამოუკიდებელ ფრთად გამოაცხადა. 2018 წელს ამ დაჯგუფებების ლიდერები უკვე პოლიტიკოსები გახდნენ და პარლამენტშიც შევიდნენ. ამ დროისთვის ისინი ერაყში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ბლოკს წარმოადგენენ, რომელთა თანხმობის გარეშე მთავრობის დაკომპლექტება ძალიან რთულია. 

იემენში მოქმედი ჰუსიტების დაჯგუფებამ, რომლებიც თავს ღმერთის მხარდამჭერებს უწოდებენ დაამხეს მთავრობა და 2015 წელს დაიკავეს დედაქალაქი სანაა. ჰუსიტების ირანელების პატრონაჟის ქვეშ მოქმედებენ. დედაქალაქის გარდა, ისინი თითქმის სრულად აკონტროლებენ ჩრდილოეთ იემენს. ირანის მხრიდან ჰუსიტების მხარდაჭერა განსკუთრებით გაიზარდა საუდის არაბეთის მიერ ორგანიზებული ანტი-ჰუსიტური საჰაერო კამპანიის შემდეგ. 4 წლის განმავლობაში საუდის არაბეთი თავის მოკავშირეებთან ერთად ჰაერიდან უტევს ჰუსიტების პოზიციებს, თუმცა ჯერჯერობით ამას არავითარი შედეგი არ აქვს. ირანული დრონები და შეიარაღება სულ უფრო ხშირად გამოიყენება საუდის არაბეთის ობიექტებზე თავდასხსმითვის. ირანის პატრონაჟით ჰეზბოლამ იემენში თავისი ფილიალიც დაარსა. 

ამ აგრესიული ექსპანსიის მიუხედავად, ირანული პრიზმიდან ეს ყველაფერი უფრო თავდაცვითი ხასიათის მოქმედებებია, ვიდრე პირიქით. ირანი თავს სტრატეგიულ მარტობააში გრძნობს და ნებისმიერი მისი მოქმედება - შიიტური უმცირესობის გაძლიერება რეგიონში, მათი შეიარაღება და თუ პოლიტიკური ტრანსფორმაცია, ირანისთვის თავდაცვისა და მოწინააღმდეგის შეკავების ხაზს წარმოადგენს. გარკვეული აზრით ირანმა მოახერხა ისრაელის დაჯაბვნაც, ამის კარგი მაგალითია 2006 წლის ომი ლიბანში. ჰეზბოლასა და ისრაელის დაპირისპირება, ებრაელებისთვის ბოლო ათწლეულებში წარმოებული სამხედრო კამპანიებიდან ყველაზე რთული აღმოჩნდა. დაპირისპირება სტრატეგიული ყაიმით დასრულდა. ირანი არაპირდაპირი, პროქსი ომის ოსტატია, ისრაელს ამგვარი გამოცდილება არ აქვს. 

რეგიონში პოზიციების არსებითი გაძლიერების მიუხედავად, ცხადია, რომ ირანში პოტენციურ სამხედრო კონფლიქტში აშშ-სთან ან ისრაელთან გამარჯვების შანსი მიზერულია, თუ ესეთი შანსი საერთოდ არსებობს. ამას ყველაზე კარგად ირანის დღევანდელი ლიდერები ხვდებიან. ირანის მოქმედებები არ არის მიმართული იმდენად საკუთარი გამარჯვებისკენ, არამედ იმისკენ, რომ შეუძლებელი გახდეს მოწინააღმდეგის დამაჯერებელი გამარჯვება. მარტივად, რომ ვთქვათ, ირანი ცდილობს გაზარდოს მასთან დაპირისპირებაში გამარჯვების ფასი იმდენად, რომ ამ ფასის გადახდა ვერავინ შეძლოს. 

შესაძლო სრულმასშტაბიან სამხედრო დაპირისპირების რისკებს ამცირებს, ირანის მმართველი კლასის ბუნებამაც. ხშირად ირანის მმართველები წარმოუდგენიათ რელიგიურ ფანატიკოსებად, რომლებიც მზად არიან გაწირონ ყველაფერი თავისი მიზნების მისაღწევად, ეს ფუნდამენტურად მცდარი შეხედულებაა. თანამედროვე ირანის ლიდერები უკიდურესად პრაგმატული ხალხია, ფანატიკური, ხშირად კაცთმოძულე და მუქარებით აღსავსე რიტორიკის მიღმა, ისინი ყოველთვის პრაგმატული პოზიციებიდან მოქმედებენ.

ფანატიკური და აგრესიული რიტორიკა უფრო შიდა მოხმარების პროდუქტია, ვიდრე ქვეყნის რეალური პოლიტიკა. უკლებლივ ყველა შემთხვევაში, როდესაც ისლამური რეჟიმი ეგზისტენციური საფრთხის მოახლოებას გრძნობდა, მათი მოქმედებები გაცილებით უფრო რბილი და კალიბრირებული ხდებოდა, ვიდრე მათი რიტორიკა. რეჟიმის ამოსავალი წერტილი თავის გადარჩენაა, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია, მათ შორის არც რევოლუციის მიზნები. 

მიუხედავად, ამისა ცხადია, რომ რეგიონში ვითარება მკვეთრად იცვლება, დღეს პრაქტიკულად მთელი არაბული სამყარო ირანის წინააღმდეგ გაერთიანდა. მიმდინარეობს პროცესი, რომელსაც 40 წლის წინ ძალიან რთულად წარმოსადგენი იყო - ირანის აღზევებით შეშინებული არაბული სახელმწიფოები ბოლო წლებში ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციას იწყებენ. მზარდი წინააღმდეგობის ფონზე მთავარი კითხვაა, თუ რამდენი ხანი შენარჩუნდება მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში. 

ამ ფონზე კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ირანის შიდა პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობს და ამ კუთხით ისლამურ რეჟიმს შესაძლოა უფრო დიდი პრობლემები ჰქონდეს, ვიდრე რეგიონში. რევოლუციის ლიდერი, აიათოლა ხომეინი ამბობდა, რომ რევოლუციის მთავარი მიზანი არა საყოველთაო კეთილდღეობა, არამედ ჭეშმარიტად ისლამური საზოგადოების ჩამოყალიბება იყო. ამ კუთხით, საინტერესოა, რამდენად ახლოსაა ირანის დღევანდელი საზოგადოება ხომეინის იდეალური მოდელისგან. 

ამ მიმართულებით ისლამური რეჟიმი რამდენიმე მწვავე პრობლემის წინაშე დგას. საქმე ის არის, რომ ირანი დემოგრაფიულად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოა, ეს კი ზრდის სპონტანური პროტესტების და სოციალური უკმაყოფილებს რისკს. ირანის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა შორის 60% ქალია, ინტერნეტზე წვდომა აქვს 40 მილიონ მოქალაქეს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში აკრძალულია Facebook-ი სოციალურ ქსელს ირანში 5 მილიონი მომხმარებელი ყავს, ირანში აკრძალულია თანამედროვე მუსიკა და ხელოვნების გარკვეული დარგები და ამის მიუხედავად, ირანში ძალიან ცოცხალი და საინტერესო კულტურული პროცესები მიმდინარეობს. 

ამ გაგებით, ირანული საზოგადოებაა დაშორებულია ხომეინის იდეალური მოდელისგან, რამდენადაც ეს შესაძლებელია თეოკრატიაში. ამ დროისთვის ირანი თავისი პარადოქსული ისტორიის ბოლო ეტაპზე იმყოფება, ყოველთვის, როდესაც ვისმენთ რომელიმე აიათოლას გამოსვლას, ასევე, უნდა ვხედავთ ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი ისტორიისა და კულტურის აჩრდილს, რომელსაც ჰქონდა წარმატებები და ჩავარდნები, რომლის კონტრიბუციის გარეშეც, ზოგად საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობა ძალიან ბევრს დაკარგავდა.

სტატიის მომზადებისას გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი: 

რევაზ გაჩეჩილაძე - ახლო აღმოსავლეთი - სივრცე, ხალხი და პოლიტიკა

Afshon P. Ostovar - Guardians of the Islamic Revolution Ideology, Politics, and the Development of Military Power in Iran (1979–2009)

Seth G. Jones - War by Proxy: Iran’s Growing Footprint in the Middle East

Phillip Smyth - The Shia Militia Mapping Project

Robin Wright - Iran Entrenches Its “Axis of Resistance” Across the Middle East

Afshon P. Ostovar - Soldiers of the Revolution a brief history of IRGC

The Iranian way of war

Frederick W. Kagan - Get real on Iran

 Laura Secor - From Shah to Supreme Leader 

Afshon P. Ostovar and Ariane M. Tabatai - Iran, the Unitary State

Alex Vatanka, Sanam Vakil, and Hossein Rassam - How Deep Is Iran’s State

Sanam Vakil and Hossein Rassam - Iran’s Next Supreme Leader

Akbar Ganji - Revolutionary Pragmatists

Payam Mohseni and Hussein Kalout - Iran's Axis of Resistance Rises

Maryam Alemzadeh - Ordinary Brother, Exceptional General

 Ali Reza Eshraghi and Amir Hossein Mahdavi - The Revolutionary Guards Are Poised to Take Over Iran

The New York Times [1984.02.12] - IRAN: FIVE YEARS OF FANATICISM 

Narges Bajoghli - Iran’s Other Generation Gap, 40 Years On

Giorgi Khatiashvili - Confrontation between Saudi Arabia and Iran: The New “Peloponnesian War”

გიგა ზედანია - ირანი 79

კომენტარები