აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა The Times of Israel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელსა და სირიას შორის უსაფრთხოების ახალი შეთანხმების "99%" მზადაა და მისი გამოცხადება მომდევნო ორი კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი.
"ჩვენ გზის 99% გავლილი გვაქვს. ვფიქრობ, თუ კვირის ბოლოს არა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ოფიციალურად განვაცხადებთ დასრულების თაობაზე." - თქვა მაღალჩინოსანმა და დაამატა, რომ ძირითადად მოსაგვარებელი დარჩა განცხადების გაკეთების ზუსტი თარიღი და სირიის მხრიდან საკუთარ მოსახლეობასთან კომუნიკაცია.
მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, 21 სექტემბერს, საღამოს, მოიწვევს შეხვედრას, სადაც სირიასთან უსაფრთხოების შესაძლო შეთანხმების დასრულებაზე იმსჯელებენ. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დამასკო მოითხოვს ისრაელის მხრიდან საჰაერო შეტევების შეწყვეტასა და სამხრეთ სირიიდან ჯარების გაყვანას.
მანამდე, 17 სექტემბერს, ლონდონში ისრაელისა და სირიის წარმომადგენლებმა აშშ-ს შუამავლობით შეხვედრა გამართეს, რომელიც, Axios-ის ცნობით, ხუთ საათს გაგრძელდა.
Axios წერს, რომ მხარეებს შორის უსაფრთხოების შეთანხმების დანიშნულება იქნება, ჩაანაცვლოს ისრაელსა და სირიას შორის 1974 წელს დადებული შეთანხმება, რომელიც ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ისრაელმა "სირიაში წესრიგის აღდგენამდე" მნიშვნელობადაკარგულად გამოაცხადა, რასაც ისრაელის მიერ სირიული საზღვრის მხარეს არსებული ბუფერული ზონის ოკუპაცია მოჰყვა.
Axios-ის ინფორმაციით, შეთანხმების თავის ნაწილში ისრაელი სირიის მხარეს ბუფერული ზონის ორი კილომეტრით გაფართოებას ითხოვს. ამასთანავე, ისრაელის საზღვრის სიახლოვეს დაუშვებელი იქნება სამხედრო შეიარაღების განთავსება, თუმცა ეს არ შეეხება შიდა უსაფრთხოების ძალების განთავსებას.
ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით, ცნობილია, რომ შესაძლო შეთანხმება გულისხმობს დამასკოს სამხრეთ-დასავლეთით ისრაელის საზღვრამდე მთელ ტერიტორიაზე სირიული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვასაც. ამ შეზღუდვების სანაცვლოდ, შეთანხმების საფუძველზე, ისრაელი მზადაა, დატოვოს ყველა ის ტერიტორია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ოკუპაციის ქვეშ მოაქცია, გარდა ჰერმონის მთის მწვერვალზე არსებული პოსტისა, რომელიც სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს.
გამოცემასთან საუბრისას წყარომ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელისთვის მთავარ პრინციპს სირიის გავლით ირანამდე საჰაერო დერეფნის შენარჩუნება წარმოადგენს, რაც სამომავლოდ ისრაელს ირანზე იერიშის მიტანის საშუალებას მისცემს.





