ახლო აღმოსავლეთი

ღაზაში მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების სატვირთოს მძღოლმა ისრაელის ორი ჯარისკაცი მოკლა

18 სექტემბერს იორდანიისა და ღაზის დასავლეთი ნაწილის გზაჯვარედინზე, ჰუსეინ შაჰის ხიდზე, ღაზაში მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების სატვირთოს მძღოლმა ისრაელის ორი ჯარისკაცი მოკლა.

ისრაელის სასწრაფო სამსახურის განცხადებით, მსხვერპლები დაახლოებით 20 და 60 წლის მამაკაცები იყვნენ. თავდამსხმელმა ისინი ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაჭრა. მათი გარდაცვალების შესახებ ცნობა მოგვიანებით გავრცელდა.

მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. 

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პირველადი გამოძიების მიხედვით, თავდამსხმელი იორდანიიდან წამოსული ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სროლა დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც დამნაშავის იარაღი მწყობრიდან გამოვიდა, მან დანა ამოიღო და ორი ჯარისკაცი იმსხვერპლა.

თავდამსხმელს ისრაელის სასაზღვრო დაცვის წევრებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს და მისი განეიტრალება შეძლეს, ის ადგილზევე გარდაიცვალა.

ისრაელის უსაფრთხოების წარმომადგენელმა Kan news-თან ინტერვიუში თქვა, რომ თავდასხმას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მარშრუტზე გავლენა ექნება, რადგან გზაჯვარედინის ნაწილი გაურკვეველი დროით დაკეტილი იქნება. მან ასევე დაამატა, რომ ღაზაში ეგვიპტის გავლით დახმარება შევა.

ჰუსეინ შაჰის ხიდზე ეს პირველი ინციდენტი არ ყოფილა, მანამდე, 2024 წლის სექტემბერში, იორდანელმა შეიარაღებულმა პირმა სამი ებრაელი მოსაზღვრე მოკლა. მაშინ გზაჯვარედინი ორი დღით ჩაიკეტა. იმავე წლის ოქტომბერში მკვდარი ზღვის მახლობლად იორდანიიდან შეჭრილი ტერორისტების მხრიდან სროლას ორი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა.

კომენტარები