აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ ამერიკულმა და სირიულმა ძალებმა სამხრეთ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 15-მდე ობიექტი გაანადგურეს, სადაც ტერორისტული ორგანიზაციის იარაღის საწყობები იყო განთავსებული.
განცხადების მიხედვით, ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ აშშ-მ და სირიამ იერიშები 24-27 ნოემბერს მიიტანეს.
"ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში განადგურდა 130 ნაღმმტყორცნი და რაკეტა, მრავალი შაშხანა, ტყვიამფრქვევი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად განკუთვნილი მასალები. ძალებმა ასევე აღმოაჩინეს და გაანადგურეს აკრძალული ნარკოტიკებიც." - წერია აშშ-ს ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
სარდლობის მეთაურის, ადმირალი ბრედ კუპერის მიხედვით, აღნიშნული ოპერაცია უზრუნველყოფს, რომ ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიღწეული შედეგები ხანგრძლივი იყოს და დაჯგუფებამ ვერ შეძლოს აღდგენა ან აშშ-ს მიწასა და მსოფლიოში ტერორისტული იერიშების მოწყობა.





