არჩევნები 2020

ნათელაშვილი: პარლამენტში არშესული დეპუტატებისგან სახალხო პარლამენტი შეიქმნას

ipress

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ინიციატივით გამოდის. ნათელაშვილის თქმით, ოპოზიციამ უნდა შეაჩეროს ყველა მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, პარლამენტის წევრები პოლიტიკურ და ფინანსურ სანქციებს უნდა დაექვემდებარონ, ხოლო პარლამენტში არშესული დეპუტატებისგან სახალხო პარლამენტი უნდა შეიქმნას. 

"მყარდება პუტინისტური დიქტატურა, ივანიშვილის ტირანული სპეციფიკით.

შეჩერდეს ყველა მოლაპარაკება არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, სანამ ამერიკის და ევროკავშირის ელჩები არ დაგმობენ დიქტატურის დამყარებას ქვეყანაში;

პოლიტიკურ და ფინანსურ სანქციებს დაექვემდებაროს არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ მისი არალეგიტიმური პარლამენტის ყველა წევრი, 21 მილიონერის ჩათვლით;

პარლამენტში არშესული დეპუტატებისგან შეიქმნას სახალხო პარლამენტი, როგორც საკონსულტაციო-მაკოორდინირებელი ორგანო, გარდამავალ პერიოდში". – წერს ნათელაშვილი.

დღეს, 17 დეკემბერს, გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საპარლამენტო მანდატზე ოფიციალურად თქვა უარი. 16 დეკემბერს, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მანდატებზე უარი ოფიციალურად თქვა. საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით მიმართა ენმ-ძალა ერთობაშიას, ევროპული საქართველოს, სტრატეგია აღმაშენებლისა და ლელოს ყველა წევრმა, რომელიც პარლამენტში შედიოდა. მანდატებზე ჯერჯერობით უარი არ უთქვამთ მოქალაქეებს, გირჩსა და პატრიოტთა ალიანსს. ოპოზიციური პარტიებიდან 60-დან უკვე 51-მა დეპუტატმა თქვა პარლამენტში შესვლაზე უარი.

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ქართული ოცნების გარდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრო.

კომენტარები