არჩევნები 2020

სააკაშვილი: ვინც პარლამენტში არ შევიდა, უარი თქვეს ივანიშვილის 2 მილიონზე თითო კაცზე

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური პარტიებს იმ წევრებს მიმართავს, ვინც ხელი მოაწერა პარლამენტში არშესვლასა და მანდატების გაუქმებას. სააკაშვილი წერს, რომ ხელმომწერებმა უარი თქვეს ხელფასებსა და ივანიშვილის მიერ შემოთავაზებულ "2 მილიონზე თითო კაცზე".

"იმ ხალხმა, ვინც დღეს მოაწერა ხელი პარლამენტში არშესვლას და მანდატების გაუქმებას, თბილისის ქუჩაში ცივ ამინდში უარი თქვა თბილ შენობაში კომფორტულ სავარძლებზე და ყოველთვიურ ხელფასზე, ასევე ივანიშვილის შემოთავაზებულ ორ მილიონზე თითო ადამიანზე. თქვა უარი იმის გამო, რომ გრძნობს პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე – ეს არის ნამდვილი სამოქალაქო გმირობა!

ამიტომ ჩემგან, როგორც საქართველოს ერთ-ერთი შვილისგან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს.

შეიძლება ადრე ბევრ თქვენგანს არ ვეთანხმებოდი, ვაკრიტიკებდი, მაგრამ დღეს მართლა ქედს ვიხრი თქვენი სამოქალაქო გმირობის და გამბედაობის წინაშე! ეს არის ჩვენი საერთო გამარჯვების საწინდარი, რაც დღეს მოხდა!". – წერს მიხეილ სააკაშვილი.

დღეს, 11 დეკემბერს ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ცესკოდან საარჩევნო სიები უკვე გამოითხოვა. სიები გამოითხოვეს: ენმ – ძალაერთობაშიამ, ევროპულმა საქართველომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ლელომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. სიები არ გამოუთხოვიათ პარტია მოქალაქეებს, გირჩსა და პუტინისტურ პატრიოტთა ალიანსს. გირჩის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, პარტია საპარლამენტო მანდატებზე უარს იმ შემთხვევაში იტყვის, თუ ელჩებთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება.

11 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ქართული ოცნების გარდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრო.

კომენტარები