არჩევნები 2020

თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, მაშინ ვიტყვით უარს მანდატებზე – წერია გირჩის გვერდზე

პარტია გირჩი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ პარტია საპარლამენტო მანდატებზე უარს იმ შემთხვევაში იტყვის, თუ ელჩებთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ვერ შედგა.

ვერ შედგა ორი მიზეზის გამო: ის იყო ერთპარტიული და დღეს იქ არ იყო კონსტიტუციის ცვლილებისთვის საჭირო პარლამენტართა მინიმუმიც კი – 113 ადამიანი.

ჩვენ, არჩევნების დასრულების დღიდან მოყოლებული, ვამბობთ, რომ პარლამენტში შესვლას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ის ნამდვილად იქნება პარლამენტი, რაც ნიშნავს იმასაც, რომ იქ არის განსხვავებული აზრი და შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

გირჩი უარს ამბობს არასრულფასოვან პარლამენტში შესვლაზე და იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოვიყენებთ ბოლო შანსს – ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების დახმარებას, და წარუმატებლად დავასრულებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, გირჩის ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე. თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, მაშინ ვიტყვით უარს". – წერია გირჩის გვერდზე.

საერთო მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, იმ ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები მიიღეს, უკვე ოფიციალურად დაიწყეს სიის გაუქმებასა და მანდატების შეწყვეტაზე მუშაობა.

პროცედურულად პარტიები ჯერ ცესკოს მიმართავენ, რათა პარტიული სია გააუქმონ, შემდეგ კი პარლამენტს ინდივიდუალურად მიმართავენ ის დეპუტატები, რომლებმაც უკვე მიიღეს მანდატები და უარს იტყვიან მათზე. დღეს ცესკოში განცხადებას შეიტანს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია, ევროპული საქართველო, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და ლეიბორისტული პარტია.

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ქართული ოცნების გარდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრო.

კომენტარები