არჩევნები 2020

სამადაშვილი რესპუბლიკელების განცხადებაზე: ვერ ვხედავ ამაში რაიმე სახის პრობლემას

ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამდაშვილი რესპუბლიკური პარტიის განცხადებას ეხმაურება, რომელიც 2020 წლის არჩევნებში ბლოკის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას ფარგლებში იღებდა მონაწილეობას. სამადაშვილის თქმით, რესპუბლიკურმა პარტიამ გასაგებად თქვა, რომ არ აპირებს საპარლამენტო მანდატების გამოყენებას და ის პარტიის განცხადებაში პრობლემას ვერ ხედავს.

"გასაგებად თქვა რესპუბლიკურმა პარტიამ, რომ არ აპირებს ამ პარლამენტის მანდატების გამოყენებას, ანუ პარლამენტში შესვლას. ტაქტიკურად, თუ როდის მიმართავენ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, ვფიქრობ, მათ, როგორც ბლოკის წევრ დამოუკიდებელ პარტიას, შეუძლიათ ავტონომიურადაც მიიღონ.

ვერ ვხედავ ამაში რაიმე სახის პრობლემას. არაა საჭირო ბნელ ოთახში კატის ძებნა, რომელიც იქ არაა. ამ რთული და საინტერესო ისტორიის პარტიას, საკუთარი ნიშა უჭირავს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც არ იზომება მხოლოდ მათი მხარდამჭერების რაოდენობით და ვფიქრობ, ენმ-ის ღირებული პარტნიორია. ოპოზიციის ერთიანობა ივანიშვილმაც ვერ დაშალა. იმედია, ოპოზიციას ჭკუა ეყოფა, განხეთქილების კერები თავად არ შექმნას". – წერს სამადაშვილი. 

რესპუბლიკურმა პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკთან ერთად აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და არ შედის პარლამენტში, მანდატებზე უარს მას შემდეგ იტყვიან, რაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები ფასილიტატორების მონაწილეობით ოფიციალურად დასრულდება. რესპუბლიკურ პარტიას ბლოკის ფარგლებში ორი მანდატი აქვს. მანდატები მიიღეს ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ.

განცხადებას გამოეხმაურა ენმ – ძალა ერთობაშიას​ ლიდერი, ნიკა მელია. მელიას თქმით, რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში ნათლად ჩანს, რომ ისინი არ აპირებენ პარლამენტში შესვლას, მაგრამ ამგვარი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს პარტნიორებს შორის ნდობის გამყარებას. ენმ-ის წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, რესპუბლიკურმა პარტიამ მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის გზა აირჩია.

საქართველოს ისტორიაში პირველად, 11 დეკემბერს პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა. სხდომის გამართვის პარალელურად ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

კომენტარები