არჩევნები 2020

ფასილიტატორები: ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა პარლამენტის შეკრებამდე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაცია მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების ფასილიტატორები ხაზს უსვამენ ფართო საარჩევნო რეფორმაზე ურთიერთგაგების მიღწევას და მწუხარებას გამოთქვამენ, რომ ფართო საარჩევნო შეთანხმების მიღწევა ახლად არჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე ვერ მოხერხდა. 

"ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, მხარეებმა უკვე მოახერხეს ფართო საარჩევნო რეფორმებზე ურთიერთგაგების მიღწევა, რაც მათი მიღების შემდგომ არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს მომავალ არჩევნებს. ჩვენ ვაფასებთ ყველა პარტიის ლიდერის კონსტრუქციულ მონაწილეობასა და ამ დროისთვის არსებულ მიღწევებს ამ რთულ მოლაპარაკებებში.

დიალოგი მოიცავდა რთულ და მნიშვნელოვან საკითხებს. ამ საკითხებს მხარეები მიუდგნენ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინაშე პასუხისმგებლობით. ასეთი ტიპის ღია და პატივისცემაზე დამყარებული დებატები უაღრესად მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც საქართველო მიიწევს წინ უფრო პლურალისტური პოლიტიკური ლანდშაფტისკენ, რომელშიც უფრო მრავალფეროვანი შეხედულებები და ინტერესებია წარმოდგენილი. ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ მხარეები შეძლებენ მკვეთრად განსხვავებული პოზიციების შეჯერებას". – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაცია მოუწოდებს მხარეებს, საგულდაგულოდ განიხილონ შეთანხმების ყველა შესაძლებლობა. ფასილიტატორები მხარეთა პოლიტიკური სურვილის არსებობის შემთხვევაში, მზად არიან, გააგრძელონ შეთანხმების მიღწევის ძალისხმევის მხარდაჭერა.

"ჩვენი, როგორც ფასილიტატორების როლი, უმთავრესად, პარტიებისთვის ნეიტრალური ფორუმის უზრუნველყოფას გულისხმობდა, რათა მათ ემსჯელათ განსხვავებულ პოზიციებსა და მათი გადაჭრის გზებზე საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის გასამყარებლად. ჩვენ ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლად არჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, მიუხედავად პარტიების ლიდერების ძალისხმევისა.

ახლა, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტს, შეასრულოს თავისი სრულყოფილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი საქართველოს დემოკრატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების დასაცავად და გასაძლიერებლად. პარტიების თხოვნის საფუძველზე და შეთანხმების მიღწევის ჭეშმარიტი პოლიტიკური სურვილის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ ძალისხმევის მხარდაჭერა". – ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს, 11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი იკრიბება, რადგან ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ფასილიტატორების მონაწილეობით, მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა, რის შემდეგაც ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარეშეც, რაც ოპოზიციის მთავარი და საერთო მოთხოვნა იყო, შეიძლება, განიხილოს პარლამენტში შესვლა.

კომენტარები