არჩევნები 2020

ქართულმა ოცნებამ ერთპარტიულ პარლამენტში თანამდებობები დაინაწილა

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ერთპარტიულ პარლამენტში საპარლამენტო თანამდებობზე წარდგენილი კანდიდატები დაასახელა. 

  • პარლამენტის თავმჯდომარე – არჩილ თალაკვაძე
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – გია ვოლსკი
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – კახაბერ კუჭავა
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – დავით სერგეენკო 
  • საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი – ირაკლი კობახიძე
  • ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე – მამუკა მდინარაძე
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ანრი ოხანაშვილი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ სარჯველაძე
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ბერაია
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ქადაგიშვილი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე – სოზარ სუბარი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი კოვზანაძე
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – დავით სონღულაშვილი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ნინო წილოსანი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – მაია ბითაძე
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ბექა ოდიშარია
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – დიმიტრი ხუნდაძე
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – თეა წულუკიანი
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ ყაველაშვილი

მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში რიგი თანამდებობები ვაკანტური დარჩება:

  • ნდობის ჯგუფი 5 წევრის ნაცვლად, 3 წევრით იქნება წარმოდგენილი, ვინაიდან ოპოზიციის კვოტას, რეგლამენტის თანახმად, უმრავლესობა ვერ შეავსებს. ეს იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სექტორის კონტროლი, რომელიც ტრადიციულად სუსტია, ფაქტობრივად ვერ განხორციელდება;
  • პარლამენტის თავმჯდომარეს 4 მოადგილის ნაცვლად, 2 მოადგილე ეყოლება, რადგან 2 მოადგილე ოპოზიციური ფრაქციებიდან უნდა იყოს არჩეული;
  • ვაკანტური დარჩება კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის თანამდებობაც, რადგან კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილიდან 1 ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს;
  • საპროკურორო საბჭოში პარლამენტს 2 წევრის ნაცვლად, 1 წევრი ეყოლება, ვინაიდან ერთი წევრი აუცილებლად საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საკონკურსო კომისიის შექმნის საჭიროების შემთხვევაში, მასში 9 წევრის ნაცვლად, 6 წევრი იქნება წარმოდგენილი, რადგან ოპოზიციის უფლებაა, 3 წევრი წარუდგინოს პარლამენტს;
  • საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შესარჩევ კომისიაში პარლამენტს 3-ის ნაცვლად, ორი წევრი ეყოლება, რადგან ოპოზიცია ვერ წარადგენს წევრს მისი შემადგენლობიდან.

როგორი იქნება პარლამენტი ოპოზიციის გარეშე? – სრულად იხილეთ აქ.

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება, რადგან ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ფასილიტატორების მონაწილეობით, მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა, რის შემდეგაც ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარეშეც, რაც ოპოზიციის მთავარი და საერთო მოთხოვნა იყო, შეიძლება, განიხილოს პარლამენტში შესვლა. 

კომენტარები