არჩევნები 2020

სამადაშვილი: შეთანხმებისთვის მხარეებმა წითელი ხაზებიდან უნდა გაიწიონ, ჩვენ სივრცე მივეცით

ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, საბოლოო შეთანხმებისთვის მმართველი პარტია და ოპოზიცია საკუთარი "წითელი ხაზებიდან" სადღაც უნდა გაიწიონ. მისი თქმით, ოპოზიციამ ელჩებისთვის გადაცემული შეთანხმების საბოლოო პირობების დოკუმენტით ქართულ ოცნებას სწორედ ეს სივრცე შეუქმნა. 

"არსებობდა ორივე მხრიდან წითელი ხაზები, ჩვენი მხრიდან ეს წითელი ხაზი იყო პარლამენტში შესვლის საკითხი, ხელისუფლების მხრიდან წითელი ხაზი იყო ვადამდელი არჩევნების საკითხი. ფაქტია, რომ, საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ შეთანხმებაზე ვსაუბრობთ, ორივე მხარემ ამ წითელი ხაზებიდან სადღაც უნდა გაიწიოს. ამიტომ ჩვენ ჩვენი შეთავაზებით მივეცით სივრცე, რომ მოხდეს ამ წითელი ხაზიდან ცოტათი ჩაჩოჩება, უხეშად რომ ვთქვათ.

ჩვენ შევქმენით წითელი ხაზების გადახედვის შესაძლებლობები, თუ ქართული ოცნება იტყვის, რომ მას ეს შესაძლებლობა არ უნდა, პასუხისმგებლობა იქნება, ცხადია, ქართულ ოცნებაზე და არავინ სხვაზე". – თქვა სალომე სამადაშვილმა TV პირველის ეთერში.

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, მათ დღეს, 4 დეკემბერს, ელჩებს ოპოზიციის ხედვა ოფიციალური წერილობითი ფორმით გადასცეს. მისივე თქმით, ლიდერების თხოვნა იყო, ეს პოზიცია ოფიციალურად მიაწოდონ ქართულ ოცნებას და იმავეს ელიან მმართველი პარტიისგანაც.

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა კანდიდატებსაც მეორე ტურში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები