არჩევნები 2020

მოვუწოდებთ ოპოზიციას, პატივი სცენ ამომრჩევლებს, დარჩნენ შეთანხმების ერთგულნი – მანიფესტი

ტაბულა

სამოქალაქო საზოგადოება ოპოზიციურ სპექტრს მანიფესტით მიმართავს. მანიფესტის მიხედვით, ხელმომწერები ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას, დარჩნენ არსებული შეთანხმების ერთგულნი, არ მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში და ხელი არ შეუწყონ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას.

"3 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. არჩევნების შედეგებს ოპოზიციური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდობლობას უცხადებს. ცნობილია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. გვსურს, მადლიერება გამოვხატოთ თითოეული ოპოზიციური პარტიის და მათი წარმომადგენლის მიმართ, რომლებმაც გამოავლინეს უპრეცედენტო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და, მიუხედავად განსხვავებულობისა, საერთო პოზიციაზე შეთანხმდნენ. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ შეთანხმების შენარჩუნების პირობებში არის შესაძლებელი შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და დემოკრატიის კონსოლიდაცია.

პარლამენტის პირველი სხდომის თარიღის მოახლოება კიდევ უფრო მეტ აქტუალობას სძენს შეთანხმების შესრულების აუცილებლობას და გაცხადებული პოზიციის განუხრელ დაცვას. მიმართვის ხელმომწერები მოვუწოდებთ ოპოზიციას, პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას, დარჩნენ არსებული შეთანხმების ერთგულნი, არ მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში და ხელი არ შეუწყონ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას". – ნათქვამია მანიფესტის პირობაში.

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა კანდიდატებსაც მეორე ტურში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები