ახალი კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ერთი ჰოსპიტალური შემთხვევის მართვა, საშუალოდ, 2 000 ლარი ჯდება

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სისტემას ერთი კოვიდინფიცირებულის პოსპიტალური მართვა, დაახლოებით, 2 000 ლარი უჯდება. თუმცა, როგორც გაბუნია განმარტავს, რიგ შემთხვევებში ეს 2 000 ლარზე ნაკლებიც ან ბევრად მეტიც შეიძლება იყოს.

"ერთი შემთხვევის მართვა და ამაში ვგულისხმობ ჰოსპიტალურ მართვას და არა სხვა დანარჩენს, საშუალოდ 2 000 ლარია, მაგრამ ეს ძალიან უხეში გათვლაა, რადგან რიგ შემთხვევაში შეიძლება იყოს 10 000 ლარი და მეტიც და რიგ შემთხვევაში შეიძლება იყოს 500 ლარი, მაგრამ საშუალოდ ჩვენ ვიყენებთ 2 000-ლარიან შეფასების ნიშნულს ჰოსპიტალური შემთხვევის მართვისთვის. 

ეს, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებს იმ ინვესტიციას, რომელიც გაწეულ იქნა და კიდევ უნდა იქნას გაწეული მაგალითად, ჟანგბადის უზრუნველყოფისთვის, სუნთქვის აპარატების მობილიზებისთვის და პერსონალის ტრენინგისთვის, ანუ სისტემის მომზადების კიდევ საინვესტიციო ხარჯი კიდევ ცალკეა..." – ამბობს თამარ გაბუნია მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

3 დეკემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 147 636 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 124 568 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 387 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 1 027 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 390 ადამიანი მართვით სუნთქვაზეა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები