არჩევნები 2020

EU-ის წარმომადგენლობა: მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიყენონ მინიჭებული მანდატები

Emerging Europe

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის აკრედიტებული ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარს აქვეყნებს. წარმომადგენლობა მოუწოდებს პარლამენტის წევრებს გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რომ განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები.

წარმომადგენლობა ასევე წუხილს გამოთქვამს იმ უნდობლობასთან დაკავშირებით, რომელმაც საარჩევნო პროცესზე ზეგავლენა მოახდინა, ასევე, იმის გამო, რომ მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებმა საპარლამენტო ადგილებისთვის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღეს.

"ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიულ პროცესებს და სამართლებრივი ჩარჩოების დაცვას. საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის, სადაც – ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ჩვენი საერთო ვალდებულებების შესაბამისად – ყველა პარტია რეფორმების გასატარებლად ერთად იმუშავებს.

ამიტომ, იმედი გვაქვს და მოველით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს. მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რომ განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და შექმნან უკეთესი საფუძველი მომავალი არჩევნებისთვის, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გზით. პარლამენტმა, ასევე, სრულად უნდა შეასრულოს თავისი როლი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში არსებული საგანგებო გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშე ქვეყანა პანდემიის გამო აღმოჩნდა". – ნათქვამია განცხადებაში.

EU-ის წარმომადგენლობა საქართველოში ასევე ხაზს უსვამს უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საერთო ენის გამონახვის აუცილებლობას.

"დღეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გამონახონ საერთო ენა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს ეფექტიანად გააგრძელოს დემოკრატიული გზით სვლა და ევროპული დღის წესრიგის განხორციელება საქართველოს, მისი მოქალაქეების ინტერესებისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გათვალისწინებით. ევროკავშირი კვლავ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ ძალისხმევაში". – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში ევროკავშირის წარმომადგენლობა ასევე საუბრობს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებაზე და გმობს ძალადობის ფაქტებსა და მის შემცველ მუქარას.

"სრულად ვუჭერთ მხარს თითოეული მოქალაქის მიერ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების მშვიდობიანი გზით გამოყენების უფლებას და ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფაქტს თუ ძალადობის შემცველ მუქარას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისაგან, ხოლო ხელისუფლებას – დაიცვას კანონის უზენაესობა, მათ შორის ნებისმიერი ბრალდების სანდო და სწრაფი გამოძიების გზით, რასაც გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესები მოჰყვება". – აღნიშნულია კომენტარში.

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლის კანდიდატსაც მეორე ტურებში უნდა მიეღო მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგების გასაჩვრება სცადეს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოში. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არცერთი სარჩელი არ დაუკმაყოფილა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს, ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები