არჩევნები 2020

არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გვაქვს – ბოკერიას მოსაზრება ბოიკოტზე

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ოპოზიციური პარტიების მიერ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებას და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას საკუთარ Facebook გვერდზე ეხმიანება. ბოკერია წერს, რომ პარლამენტში არშესვლა პოლიტიკური ძალებისთვის ყოველთვის ცუდი არჩევანია, მაგრამ ახლა საზოგადოებას არჩევანი ცუდსა და უარესს შორის აქვს. 

"ბუნებრივია, პარლამენტში არშესვლა, ყოველთვის ცუდი არჩევანია, მაგრამ დღეს ეს არჩევანი, სამწუხაროდ, ცუდსა და უარესს შორის გვაქვს. საქართველოში ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი ჩამოყალიბდა და ეს რეჟიმი ძალადობის, პოლიტიკური დევნის, მოსყიდვის, დაშინების და არჩევნების დღეს მანიპულაციების საშუალებით ცდილობს აბსოლუტური ძალაუფლების შენარჩუნებას. ასეთ ფონზე პარლამენტში შესვლა არჩევნების და პოლიტიკური პროცესის მიმართ კიდევ უფრო მეტ ნიჰილიზმს შეუწყობს ხელს". – წერს გიგა ბოკერია.

ბოკერია ასევე ლაპარაკობს არჩევნების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი უკანონო ქმედებების შესახებ და აღნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები განსხვავებული საარჩევნო სისტემის გამო ბევრად სპეციფიკური იყო და აქ არათუ 10%-იანი, არამედ 5-6%-იანი მანიპულაციაც კი მმართველი გუნდის სასარგებლოდ, გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო.

"რატომ ახლა ბოიკოტი და არა, მაგალითად, წინა საპარლამენტო არჩევნებზე? – ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ეს არაა პირველი შემთხვევა როცა ხელისუფლება სხვადასხვა ტიპის უკანონო ქმედებებით არჩევნების შედეგზე გავლენას ახდენს, მაგრამ განსხვავება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან არსებითია. 2003 წლის მსგავსად (არ ვგულისხმობ რომ შემთხვევები იდენტურია), ხელისუფლების უკანონო მოქმედებების შედეგად შეიცვალა ის, თუ ვის დარჩება ხელისუფლება - ივანიშვილის მორჩილ უმრავლესობას თუ ჭრელ ოპოზიციურ კოალიციას. ის, რომ ერთ-ერთმა ეგზიტპოლმა 46% აჩვენა, არ გამოდგება არგუმენტად. ამ ეგზიტპოლს უარი პასუხზე 60%-ზე მეტმა უთხრა. ჩვენი მონაცემებით კი მანიპულაციების მასშტაბი ხარისხობრივად უფრო დიდი იყო ვიდრე 2016 წელს.

არსებულ საარჩევნო სისტემაში არათუ 10%-იანი, არამედ 5-6%-იანი მანიპულაციაც კი მმართველი გუნდის სასარგებლოდ, გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო. ამ მასშტაბის მანიპულაცია არსებითად განსაზღვრავს მეორე ტურში ხელისუფლების შეცვლის შანსს. ერთ მაგალითს მოვიყვან – 2016 წელს ცარიელი კონვერტების რაოდენობა 2 744 იყო, ამ საპარლამენტო არჩევნებზე კი 8 404-ია. ცარიელი კონვერტები პოტენციური „კარუსელის“ კონკრეტული ნიშანია. სწორედ ამ რიცხვებით შეგვიძლია გაყალბების მასშტაბებზე ვიმსჯელოთ. ხელისუფლების მთავარი ინსტრუმენტი ხმების ყიდვა და შემდეგ გაკონტროლების მექანიზმი იყო. თავი რომ დავანებოთ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტს – დაშინება და სისხლის სამართლის საქმეები. აქცენტს მხოლოდ იმაზე ვაკეთებ, არჩევნების დღეს უბნებზე რაც მოხდა". – აღნიშნავს გიგა ბოკერია.

ევროპული საქართველოს ლიდერი ასევე ეხმაურება 31 ოქტომბრის არჩევნებში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისა და საერთაშორისო მეგობრების ჩართულობას და ამბობს, რომ ეს ვითარება შეიძლება უკეთესიც აღმოჩნდეს მათი ყურადღების მისაპყრობად. 

"საქართველოს საერთაშორისო მეგობრები ვერ იქნებიან კმაყოფილი თუნდაც მცირე დროით საქართველოში ერთპარტიული პარლამენტის არსებობით. თუმცა ამ რეალური საფრთხის დროს, რაც საქართველოს დემოკრატიას ემუქრება, ეს ვითარება შეიძლება უკეთესი აღმოჩნდეს ჩვენი მეგობრების მეტი ყურადღების მოსაპყრობად. თუ მყისიერად არა, გარკვეული პერიოდის შემდეგ". – წერს ბოკერია.

გიგა ბოკერია ამბობს, რომ ასე ჩატარებულ არჩევნებზე მკვეთრი რეაქციის არ მიცემა მეტ უნდობლობას გააჩენს მომავალში არჩევნების მიმართ, რადგან თავისუფლების დათმობა ნელ-ნელა ხდება.

"ჩვენი საზოგადოების კრიტიკულ უმრავლესობას არ უნდა გავუჩინოთ უნდობლობა, სწორედ ამიტომაა საჭირო ახლა ასეთი ნაბიჯის გადადგმა და ბრძოლის გაგრძელება დემოკრატიული წარმატებისთვის". – აღნიშნავს ბოკერია. 

ველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ვრცლად გაყალბების რა მასშტაბზე საუბრობს ოპოზიცია – იხილეთ აქ.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობაზე საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ "31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა".

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით საარჩევნო უბნების 8%-ზე გამოვლინდა შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები". – წერს ორგანიზაცია.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები