არჩევნები 2020

კობახიძე: სუს-ს მივაწოდე ინფორმაცია რევოლუციური სცენარის შესახებ

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა. როგორც თავად კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, სუს-იდან მას დაუკავშირდნენ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გაავრცელა და რომელიც ე.წ "რევოლუციურ სცენარს" უკავშირდებდა. კობახიძეს თანახმად ამ ინფორმაციით დაინტერესდა გამოძიება.

"დამიკავშირდნენ სუს-იდან ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მე გავავრცელე რამდენიმე დღის წინ. საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდება ე.წ რევოლუციური სცენარის ფარგლებში ნაცმოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს. მე მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. დავასახელე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე - ინფორმაციის შინაარსი. მათ შორის წარვადგინე იმ ადამიანების სიები, რომლებიც იყვნენ მომზადებული ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის. რა თქმა უნდა, ამით უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება და დღეს ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა." - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ასევე მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებულ "გარკვეულ გეგმებზე". კობახიძის თანახმად, მან ასევე დაასახელა ლიდერების ვინაობა, რომელებიც რევოლუციურ სცენარში იღებდნენ მონაწილეობას. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თქმით ინფორმაციის მიწოდება სუს-ისთვის პრევენციულ ზომებს ემსახურება.

"ჩვენ დავასახელეთ მათ შორის ლიდერების გვარები, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც არის შედგენილი მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც არის ლიდერი მთავარი კრიმინალური დესტრუქციული პოლიტიკური ძალის და, მასთან ერთად, ამ კუთხით მოქმედებდნენ ასევე რამდენიმე წარმომადგენელი ამ პარტიის, რომელთაგან კიდევ ერთხელ დავასახელებდი, მაგალითად დევი ჭანკვეტაძეს, მაგალითად დიმიტრი შაშკინს. იყვნენ სხვებიც ჩართული ამ სცენარის განხორციელაბში. ეს ყველაფერი იგეგმებოდა მათ მიერ. ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება პრევენციული ზომების მიღება და ამასაც ემსახურებოდა ჩემს მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია." - თქვა ირაკლი კობახიძემ.

30 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე ოპოზიციის პროვოკაციაზე ფაქტების შესწავლა დაიწყო.

მანამდე კი ირაკლი კობახიძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა ოპოზიციური კანდიდატების სიები, რომლებიც, მისი თქმით, არჩევნებზე პროვოკაციებს გეგმავენ.

კომენტარები