არჩევნები 2020

ნათელაშვილი: გუშინ ეს არჩევნები არ იყო, ეს იყო ჩვენი ხალხის ფიცხელი ბრძოლა მჩაგვრელ რეჟიმთან

დარწმუნებული იყავით, ჩემო მეგობრებო, რომ თუ გაგრძელდა ეს მუხტი და უნდა გაგრძელდეს, აი, აქ მივიღებთ პატაკს იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება მიდის და ძალაუფლება გადადის ქართველი ხალხის ხელში. მთავარია, არ გავჩერდეთ და დამერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის თავზე ამობრწყინდება ის დაპირებული ცისკარი, რომელიც ისედაც მაინც მოემართება.

არჩევნები გაყალბდა უცხვად, უზნეოდ და დანაშაულებრივად. ოლიგარქიას არავითარი მხარდაჭერა ხალხის უმრავლესობის არ აქვს, თუ არ ჩავთვლით მათგან დაშინებულ თანამდებობის პირებს და აგრეთვე კარტოფილზე და ხახვზე გაყიდულებს და თუ არ ჩავთვლით კრიმინალებს და სპორტსმენ ზონდერებს, რომელიც არ წარმოადგენენ ხალხის უმრავლესობას და წარმოადგენენ ავადმყოფობას ერის ჯანმრთელ ორგანიზმზე, რომელიც ასევე უნდა მოვიცილოთ მათთან [ქართული ოცნება] ერთად.

გუშინ ეს არჩევნები არ იყო, ეს იყო ფიცხელი ბრძოლა ჩვენი ხალხის დანაშაულებრივ, მჩაგვრელ რეჟიმთან და ჩვენი ხალხი თუ იწყებს ბრძოლას, მას აუცილებლად გამარჯვებით ამთავრებს და ამ მოვლენის მოწმეები გავხდებით ძალიან მალე.

დღეს გაიმართა პოლიტიკური პარტიების მორიგი შეხვედრა, სადაც ერთსულოვნად შევთანხმდით, რომ მიმდინარე და ვითომ ჩატარებული არჩევნები უკანონო, ძალადობრივი და არალეგიტიმურია და რომ მის შედეგებს არავინ არასდროს აღიარებს.

ჩვენ, პარტიები, ვივლით იმ გზით, რომელიც გვაერთიანებს, ქვეყანას აგვაშენებინებს და უარვყოფთ იმ მეთოდებს და გზებს, რომლებიც ერთმანეთს დაგვაცილებს. ჩვენ ერთი მტერი გვყავს, საერთო მოწინააღმდეგე, ერთი ხილული და უხილავი ავის მოსურნე, ეს გახლავთ ივანიშვილის და მისი მცირერიცხოვანი ხროვა, რომლის დღეებიც, ოქმის მიუხედავად, დათვლილია.

ამბობს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი პარლამენტთან, ოპოზიციის წევრების მიერ გამართულ აქციაზე.

კომენტარები