ახალი კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: აჭარაში შემოღებული შეზღუდვები ეპიდემიის გავრცელების სტაბილიზაციას ახერხებს

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, დღეს აჭარაში აღრიცხული შემთხვევების მცირედით ზრდა იმის მანიშნებელია, რომ რეგიონში შემოღებული შეზღუდვები და სხვა პრევენციული ზომები, ეპიდემიის გავრცელების სტაბილიზაციას ახერხებს.

"მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, იმისთვის, რომ გაძლიერდეს რეანიმატოლოგების ჯგუფი, თბილისიდან ჩაერთვება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გუნდი, ასევე ინფექციური საავადმყოფოს გუნდი". – ამბობს გაბუნია.

24 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 22:00 საათიდან აჭარაში რესტორნები ვეღარ იმუშავებენ, ასევე, მთლიანად გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

გასულ დღე-ღამეში, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 241 აჭარაში დადასტურდა, 98 კი იმერეთში. სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 6 640 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3419 გამოჯანმრთელდა, 40 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები