არასამთავრობო ორგანიზაციები

14 არასამთავრობო: ომბუდსმენზე თავდასხმები დაუსაბუთებელია, მიზნად ისახავს დისკრედიტაციას

ირაკლი კობახიძე / ნინო ლომჯარია

14 არასამთავრობო ორგანიზაცია "უკიდურეს შეშფოთებას" გამოთქვამს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიაზე მორიგი თავდასხმის გამო. 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სამწუხაროდ, როგორც მმართველი გუნდის წევრების, ისე საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სახალხო დამცველის შესახებ "დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებები უკვე ჩვევად იქცა". ორგანიზაციების შეფასებით, ამ განცხადებების ერთადერთია მიზანი "უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის" დისკრედიტაცია, ადამიანის უფლებების სფეროში არსებული რეალური პრობლემებისა და გამოწვევებისგან ყურადღების გადატანაა. 

"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციური ორგანოა, რომელსაც კანონმდებლობით ევალება, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი და ზედამხედველობა. შესაბამისად, წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი, ისევე, როგორც გამოვლენილი დარღვევების თაობაზე საზოგადოებისა თუ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება, სახალხო დამცველის პირდაპირი და დღესდღეისობით – ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა". – წერია განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სახალხო დამცველი, მსგავსად წინა წლებისა, თავისი მანდატის ფარგლებში აკვირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამისად, ორგანიზაციების განცხადებით, ისეთი მძიმე დარღვევები, როგორებიცაა დაშინება, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გასაჯაროების მუქარა და ძალისმიერი მეთოდებით პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორება, ის საკითხებია, რასაც სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირება არასდროს მოჰყოლია. 

"დღემდე არ გამოძიებულა ან გამოძიება არ დასრულებულა ბევრ ძალადობრივ ქმედებაზე, რომელიც გასულ წლებში, წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არაჯანსაღ და ძალადობრივ წინასაარჩევნო გარემოზე, განმეორებით მიუთითებენ როგორც საერთაშორისო მისიები, ასევე, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები. შესაბამისად, მმართველი გუნდის წარმომადგენლების აშკარა და პირდაპირი თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველზე დაუსაბუთებელია და მიზნად ისახავს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის დისკრედიტაციას". – წერია განცხადებაში. 

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სახალხო დამცველის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან პირდაპირი, თუ ირიბი გზებით და შეწყვიტონ ამ ინსტიტუტის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობები. 

განცხადებას ხელს აწერენ: ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), უფლებები საქართველო (Rights Georgia), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), საქართველოს მედია-კლუბი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), საფარი და მწვანე ალტერნატივა.

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 25 სექტემბერს თქვა, რომ სახალხო დამცველი "მანდატით სხვაა, მაგრამ არსებითად იგივეა, რაც NGO". ირაკლი კობახიძემ ომბუდსმენის განცხადებებს "სამარცხვინო ფაქტიც" უწოდა. 

"ეს სამარცხვინოა. სახალხო დამცველი არის ინსტიტუტი და ელჩი ამ შემთხვევაში პატივს სცემს ინსტიტუტს, მაგრამ ამ ინსტიტუტის უკან რომ იგივე სამარცხვინო რამე დგას, ამას ხომ ვერ გაუწევს ანგარიშს". – თქვა კობახიძემ. 

დეპუტატის ეს განცხადება ნინო ლომჯარიას ერთი დღით ადრე ნათქვამს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, წინასაარჩევნოდ აღირიცხა ძალისმიერი ანგარიშსწორების, პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინებისა და შანტაჟის შემთხვევები. 

"სამწუხაროდ, უკვე დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების და შანტაჟის თაობაზე, ამ საკითხებშიც ჩართულები ვართ. შესაბამის უწყებებს მივმართავთ და მოვიძიებთ ინფორმაციებს, რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება". – თქვა ნინო ლომჯარიამ. 

კომენტარები