ახალი კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის

თამარ გაბუნია

"ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარაა". – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

გაბუნიას განმარტებით, სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ტესტის პასუხი კორონავირუსზე, შესაძლოა, დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა ადამიანი მინიმალურია – "პრაქტიკულად არ არსებობს".

ასევე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, პირი, რომელსაც ტესტირების ჩატარებიდან მეთორმეტე დღეს სიმპტომები არ ექნება, გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსისგან 148 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. გარდაცვლილებიდან 2 აჭარაში მკურნალობდა, ერთი – თბილისში.

სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 2 054 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები