ახალი კორონავირუსი საქართველოში

როდის შეიძლება გახდეს საქართველო ნარინჯისფერი ან წითელი ზონა – გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, იმისთვის, რომ საქართველოს მწვანე ზონის სტატუსი შეეცვალოს, ინციდენტობის კუთხით, ბევრი ახალი შემთხვევება უნდა აღირიცხოს. კონკრეტულად კი, გაბუნიას თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდე უნდა გაიზარდოს. ამ შემთხვევაში, საქართველო "ნარინჯისფერ და წითელ ზონად" გამოცხადდება.

"ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან დიდი სივრცე გვაქვს და იმედია, ამ ნიშნულამდე არასდროს მივალთ, რადგან ძალიან ბევრი პრევენციული საშუალება ტარდება იმისთვის, რომ ეს მომენტი არ დადგეს". – ამბობს თამარ გაბუნია.

მისივე თქმით, ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს.

მინისტრის მოადგილის ცნობით, ინციდენტობის საშულო გლობალური მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით 19-ია. გაბუნიას ცნობით, 19-ის ქვემოთ ქვეყნები ითვლება დაბალი რისკის ქვეყნებად, ხოლო 19-ის ზემოთ უკვე მაღალი რისკის ქვეყნებია.

"ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით, 14-დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი არის - 5.5, რაც პირობითად ფასდება როგორც მუქი მწვანე ზონა (10ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე)".

26 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა კიდევ 60 ადამიანი. სულ საქართველოში კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 819 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები