არჩევნები 2020

ეპისკოპოსი იაკობი: ნუ გვაბრალებენ რაღაცას, არჩევნებში თუ მინდა ჩარევა, გამოვალ, ვიტყვი

პალიტრა

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ამბობს, რომ ის არჩევნებში არ ერევა და თუ ვინმე პოლიტიკოსი მასთან მივა, ეს პროცესში ჩართვას არ ნიშნავს. ამის შესახებ მან ქადაგებისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული ყველა ტელევიზია პარტიულია და "ხელისუფლებიდან თუ მოვიდა ვინმე წირვაზე, პირკატა ეცემათ ხოლმე". 

"დაიწყებენ ხოლმე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლობა მივიდა ან დეპუტატობა და უკვე ეკლესია შეეკრა იმათ, ფულს სთხოვენ, რაღაცებს სთხოვენ და ეს სირცხვილია! მე კარგად მიცნობთ და არ მიჭირს ხოლმე, რაც არ მომწონს გამოვხატავ, ხელისუფლების მისამართით იქნება თუ არახელისუფლების... როდის ყოფილა, სად გინახიათ რომ მე პარტიულ იმაზე, სადმე ვესწრებოდი? არც გინახიათ და ვერც ნახავთ, იმიტომ რომ მე ღმერთი მაქვს არჩეული". – ამბობს ეპისკოპოსი. 

მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია სექტას დაემსგავსა. ეპისკოპოსი ამბობს, რომ თუ მოუნდება არჩევნებში ჩარევა, ამას იტყვის. 

"არჩევნებში თუ მინდა ჩარევა, სულ არ მჭირდება რაღაცა, გამოვალ ვიტყვი. თუ უნდათ, რომ ჩავერიო, ნახავენ, რომ ჩავერევი და არ მგონია მაგათთვის სასიკეთოდ დამთავრდეს და ამიტომ ჭკვიანად იყვნენ და ნუ გვაბრალებენ რაღაცას. ყველა ჩვენიანია, ოპოზიციაც და პოზიციაც, დამნაშავეა, არაა დამნაშავე. ყველა ჩვენი შვილია აბსოლუტურად". – თქვა მან. 

ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ არავის მოუწოდებს თუ ვის მისცეს ხმა თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ის ვის არ მისცემდა ხმას და არ აირჩევდა, "ყველამ კარად იცის". 

ქართული ოცნების წინასაარჩევნო ღონისძიებებზე ადგილობრივ ეპარქიათა მმართველი მღვდელმთავრები დადიან. ოპოზიციის წევრები ამბობენ რომ ხელისუფლება სასულიერო პირებს ხმების მოსაგროვებლად იყენებს. 

კომენტარები