არჩევნები 2020

მდინარაძე რუსთავი 2-ის კვლევაზე: ყველაზე მიახლოებულია, სინამდვილეში 60%-მდე რეიტინგი გვაქვს

ტაბულა

პარლამენტის ვიცესპიკერის, მამუკა მდინარაძის თქმით, რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევა რეალობასთან ყველაზე მიახლოებულია. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის რეიტინგი გაზრდილია იმიტომ, რომ ხალხმა დაინახა რეალობა, რა გააკეთა სახელმწიფომ მათთვის, თუნდაც ბოლო თვეების განმავლობაში.

"სინამდვილეში 60%-მდე რეიტინგი გვაქვს, ეს არის რეალობა, თუმცა ამ სიფრთხილესაც შეიძლება გაგებით მოვეკიდოთ. ქართული ოცნებისთვის ეს არის მინიმუმზე მინიმუმი, რაც კი შეიძლება თეორიულად შეიძლება დღეს იყოს ცდომილების ფარგლებში". – ამბობს მამუკა მდინარაძე. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით კომპანიამ Survation-მა კვლევა ჩაატარა. კითხვაზე "საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას", გამოკითხულთა 52% ქართულ ოცნებას ასახელებს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას -19%, ევროპულ საქართველოს - 8 %, პატრიოტთა ალიანსსა და ლელოს ხმების 5-5% აქვთ, ახალ საქართველოს - 4%, სხვა - 7%.

აღსანიშნავია, რომ 12 აგვისტოს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც(IRI) გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, მომდევნო კვირას რომ არჩევნები იყოს, ქართულ ოცნებას მხარს 33% დაუჭერდა (მეორე არჩევანი - 2%), ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 16% (მეორე არჩევანი - 4%), ევროპულ საქართველოს/თავისუფალ დემოკრატებს - 5% (მეორე არჩევანი - 6%). 

რაც შეეხება Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებს, კითხვაზე "საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას" გამოკითხულთა 39% პასუხობს, რომ ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 16% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 5% - ევროპულ საქართველოს.

კომენტარები