არჩევნები 2020

ISFED: გამოვლინდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემთხვევა

მარნეულის მუნიციპალიტეტი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ცნობით, გამოვლინდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემთხვევა, კერძოდ, მარნეულში. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, 26 ივლისს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ხელს შეუშლის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანის – ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ დარგალის პარლამეტში შესვლას. მრევლისადმი მიმართვის სახით კი დაამატა, რომ, ვინც ზაურ დარგალს გვერდით დაუდგება, მათზე პასუხისმგებლობას იხსნის და ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა წინაპრების სულებისთვის. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ეკლესიის მაღალი იერარქია და მისი სიტყვები, მოსახლეობაში ეკლესიის პოზიციად აღიქმება.

"მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა 26 ივლისს მრევლს სიძულვილის ენის შემცველი ქადაგებით მიმართა. მისი განცხადებით, იგი ხელს შეუშლის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანის – ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის ზაურ დარგალის პარლამეტში შესვლას. მეუფის თქმით, დარგალმა "რეინკარნაცია მოახდინა საბჭოთა პირსისხლიანი კულტის, ჩვენი დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის დამამხობლისა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გამარღვეველის, ნარიმან ნარიმანოვისა". სამწყსოსადმი მიმართვის სახით კი დაამატა, რომ, ვინც ზაურ დარგალს გვერდით დაუდგება, მათზე პასუხისმგებლობას იხსნის და ყოველ მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა წინაპრების სულებისთვის.

საგულისხმოა, რომ ძეგლის აღების მოთხოვნით აქცია 16 ივლისს გაიმართა, სადაც მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსი სიტყვით გამოვიდა. შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზაცია "პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი" (ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე) და პარტია ქართული იდეის ლიდერი, ლევან ჩაჩუაც ესწრებოდნენ. პარტია ქართულმა იდეამ 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებისთვის ცესკოს რეგისტრაციისთვის მიმართა და ამჟამად რეგისტრაციის პროცესშია. მედიის ინფორმაციით, აქციას ანტიდასავლური განწყობებით გამორჩეული პარტია "ქართული მარშიც" ესწრებოდა, თუმცა პარტიის ლიდერები ინფორმაციას უარყოფენ". – ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის II შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა ჩატარებულია 2020 წლის 5 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით.

კომენტარები