არჩევნები 2020

ამოქმედდეს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა - სამოქალაქო საზოგადოების წერილი ზაკერბერგს

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები სპეციალური წერილით მიმართავენ ფეისბუქის დამფუძნებელს და CEO-ს – მარკ ზაკერბერგს და გლობალურ საქმეთა და კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტს, ნიკ კლეგს. 

წერილში, რომელსაც ხელს 50-მდე ორგანიზაცია აწერს, სამოქალაქო საზოგადოება ფეისბუქის ადმინისტრაციას თხოვს, მაქსიმალური ყურადღებით მიუდგეს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების პერიოდს. 

წერილში მოყვანილია სოციალური ქსელის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმატებული თანამშრომლობის რამდენიმე მაგალითიც, როდესაც "2019 წლის დეკემბერსა და 2020 წლის აპრილში კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში მხილებული ანგარიშების წაშლამ ფეისბუქის მიერ მათი უმეტესობის მმართველ პარტიასთან კავშირი გამოავლინა".

ორგანიზაციების მიერ გაგზავნილი წერილის მთავარი მოთხოვნაა ფეისბუკზე ახალჩაშვებული სერვისის საქართველოში ამოქმედება, რომელიც მომხმარებელს პოლიტიკური რეკლამის შესახებ აწვდის ინფორმაციას.

"საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება. ფეისბუქს აქვს შანსი, მტკიცე ქმედებებითა და საინფორმაციო გარემოს დაცვის გზით პასუხისმგებლიანი როლი შეასრულოს ამ არჩევნებზე. ამისთვის, მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის  ფეისბუქის ხელთ არსებული მექანიზმები" – წერია მიმართვაში. 

ამის გარდა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ითხოვს სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას, მათ შორის:

  • რაც შეიძლება, მალე ხელმისაწვდომი გახდეს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა საქართველოში, ისევე, როგორც ეს მოხდა 2019 წელს უკრაინაში და ასევე ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნების წინ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყოს რეკლამის დამკვეთის/გადამხდელის ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია, თითოეული რეკლამისთვის დახარჯული თანხის ოდენობა და ვალუტა, რეკლამის განთავსების პერიოდი, ასევე, პოსტის გავრცელების გეოგრაფიული არეალი და დემოგრაფიული დიაპაზონი;
  • უნდა გაძლიერდეს ძალისხმევა საარჩევნო პერიოდში არაავთენტური კოორდინირებული ქცევის გამოსავლენად და მასში ჩართული ანგარიშების პლატფორმიდან დროულად წასაშლელად;
  • კოორდინირებული საეჭვო ქცევის გამოვლენისა და შესაბამისი ქსელების წაშლის შემდგომ ამ ანგარიშების მიმდევრებსა და მომწონებლებს ფეისბუქმა შეტყობინებით უნდა აცნობოს, რომ შესაბამისი ანგარიში წაიშალა კოორდინირებული საეჭვო ქცევის გამო;
  • ფეისბუქმა უნდა განავითაროს და გააღრმაოს თანამშრომლობა შესაბამისი რეპუტაციის მქონე მიუკერძოებელ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც სოციალური მედიის მონიტორინგსა და ფაქტების გადამოწმებაზე მეთოდოლოგიურად მუშაობენ და უზრუნველყოს მათ მიგნებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;
  • აიკრძალოს პოლიტიკური რეკლამების მიკროტარგეტირება მომხმარებლის ქცევის მიხედვით;
  • აიკრძალოს უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან პოლიტიკური რეკლამის განთავსება;
  • ფეისბუქმა უნდა აამაღლოს გვერდების გამჭვირვალობის სტანდარტი და გაასაჯაროოს ინფორმაცია გვერდების დადასტურებულ მფლობელთა შესახებ. ამასთან, კვლავ საჯარო უნდა იყოს ინფორმაცია ფეისბუქგვერდების ადმინისტრატორების რაოდენობისა და ლოკაციის, ასევე გვერდების სახელების ცვლილების შესახებ;
  • ფეისბუქმა უნდა შემოიღოს ფაქტების გადამოწმების უფრო მკაფიო მონიშვნის შესაძლებლობა და ამისთვის ითანამშრომლოს IFCN-ის მიერ აკრედიტირებულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებთან საქართველოში. 

კომენტარები