ეკონომიკა

დანია მოქალაქეებს საშვებულებო საათებს აუნაზღაურებს, რაც პენსიაზე გასვლის დროს უნდა აეღოთ

World Happiness-ის 2013-2015 წლების კვლევის მიხედვით, ბედნიერების ინდექსით პირველ ადგილზე დანიაა
nyt.com

დანიის მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირების კომპლექსური გეგმა დაამტკიცა, რომელიც მოსახლეობისა და ბიზნესის პირდაპირ ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. 

ჯამურად, გეგმის მოცულობა 60 მილიარდ კრონას შეადგენს, რაც დაახლოებით 9 მილიარდი დოლარის ექვივალენტია. ინფორმაციას ამის შესახებ დანიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

ეკონომიკის სტიმულირების გარკვეული ნაწილი ერთგვარი საპენსიო ფონდიდან ანაზღაურდება – საუბარია დაგროვილ საშვებულებო საათების ანაზღაურებაზე, რომელიც მოქალაქეებს პენსიაზე გასვლის მომენტში უნდა მიეღოთ.

თითეული დასაქმებული დანიელი დაახლოებით 19 000 კრონას მიიღებს, რაც დაახლოებით 3 000 დოლარია, საგადასახადო ბეგარის შემდეგ, აღნიშნული თანხა კი 15 000 კრონას გაუტოლდება, რაც დაახლოებით, 2 300 დოლარის ექვივალენტია. 

დანიის ფინანსთა მინისტრის, ნიკოლა უემანის თქმით, თანხის ასახვა ინდივიდუალურ ანგარიშებზე ეტაპობრივად განხორციელდება და საბოლოოდ მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ანტიკრიზისული გეგმა სხვადასხვა და, მათ შორის, ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებით მომზადდა. 

ახალი გეგმა ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ეკონომიკის სტიმულირების მანამდე მიღებულ ზომებს. დანიამ ახალი კორონავირუსის პანდემიის საწინააღმდეგო ზომების მიღება მარტის პირველ რიცხვებში დაიწყო – დაიხურა სასწავლო დაწესებულებები, კვების ობიექტები და აიკრძალა დიდი შეკრებები. 

უკვე ერთი თვის შემდეგ დანიის მთავრობამ მიღებული ზომების შემსუბუქება დაიწყო – ამუშავდა კვების ობიექტებმი და სასწავლო დაწესებულებები. მასობრივ თავშეყრების აკრძალვა კი ივნისამდე გახანგრძლივდა. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დანიაში ახალი კორონავირუსი ინფექციის 12 417 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 598 პაციენტი.

კომენტარები