საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ბასილ კობახიძე: მეუფე პეტრეს ბრალდება პატრიარქის ჰომოსექსუალობის შესახებ ცილისწამებაა

ჩემი აზრით, მიტროპოლიტი პეტრე ცაავა არის ღირსეული და გულწრფელი ადამიანი, რომელმაც თავი ბოლომდე დადო სიმართლისათვის. ჩვენი რეალობაში ეპისკოპოსისაგან ასეთი თავგანწირვა და მოწამოებრივ გზაზე შედგომა ძალიან დასაფასებელია.

მეუფე პეტრე დასაჯეს უკანონოდ, ამ სასჯელს არა აქვს ძალა და კანონიკურად ის არის სინოდის წევრიც, ჭყონდიდის მიტროპოლიტიც და მღვდელმოქმედების უფლებაც აქვს, ხოლო ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია ჭყონდიდის კათედრის უზურპატორია. ვეთანხმები მეუფე პეტრეს კრიტიკას საპატრიარქოს მიმართ.

მე თვითონ მრავალი წლის წინ დავიწყე ამ პრობლემების დაყენება. პატრიარქის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არის მკვეთრად უარყოფითი, მას აქვს ბევრი ბოროტება ჩადენილი და დღესაც აგრძელებს. ამ პანდემიის დროს, მან მოახდინა საპატრიარქო ტახტის უზურპირება საბჭოთა ხელისუფლების დახმარებით, ასეთი პიროვნება საერთოდ არ უნდა [იყოს] პატრიარქი.

ასევე, სექსუალური სკანდალების შესახებ ვწერდი, მაგალითად, ჩემს უკანასკნელ ღია წერილში პატრიარქის მიმართ, 2007 წელს. პატრიარქი მალავს ამგვარ სკანდალებს და ხელს აფარებს მათ გამომწვევ პირებს.

ჩემი პოზიციაა, რომ მეუფე პეტრეს ბრალდება პირადად პატრიარქის ჰომოსექსუალობის შესახებ არის ცილისწამება. მე მრავალი წლის განმავლობაში ვიყავი პატრიარქის ახლო თანამშრომელი და საკუთარი თვალით ვხედავდი მის ყოველდღიურ ცხოვრებას, პატრიარქი არც ჰომოსექსუალია და არც ქალებთან ჰქონია ურთიერთობა, ის პატიოსნად ასრულებდა ბერობის ქალწულების აღთქმას.

სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ თუ მეუფე პეტრე ამ ბრალდებას საჯაროდ გამოთქვამს, მთელი რიგი ეპისკოპოსები და მღვდლები პირად საუბრებში ასეთ ცილს სწამებენ პატრიარქს, რაც ამხელს პატრიარქის კატასტროფულ საკადრო პოლიტიკას. მეუფე პეტრეს, როგორც მღვდელმთავარს, სრული კანონიკური უფლება აქვს, ბრალდებები წაუყენოს პატრიარქს და სინოდი ვალდებულია, ეს განიხილოს საეკლესიო სასამართლოზე. მაგრამ სინოდის წევრები უკანონოდ სრულ იგნორირებას უკეთებენ მეუფე პეტრეს მოთხოვნებს და უფრო მეტიც, მომავალ სინოდზე მის და მამა ანდრია სარიას განკვეთას აპირებენ. ეს იქნება კიდევ ერთი სკანდალური უსამართლობა, როდესაც საპატრიარქო ტანკივით გადაუვლის ადამიანებს საზოგადოების სრული ინდიფერენტულობის ფონზე.

წერს ყოფილი მღვდელი, პატრიარქის ყოფილი პრესმდივანი, ბასილ კობახიძე, Facebook-ზე. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ 31 ოქტომბერს თქვა, რომ მღვდელმთავრობიდან განაყენეს, ვინაიდან "ეკლესიაში პიდარასტულ ცოდვას ამხელდა".

კომენტარები