არჩევნები 2020

სენატორი რიში: ველი, რომ პოლიტიკური მოტივით დაკავებულები მყისიერად გათავისუფლდებიან

Bloomberg.com

სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში და სენატორი, ჯინ შაჰინი, 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის დადებულ შეთანხმებას ეხმაურებიან.

ჯიმ რიში წერს, რომ ის ელის პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირების მყისიერად გათავისუფლებას.

"მე მივესალმები კვირას საერთო განცხადებაში ჩაწერილ დაპირებას, რომელიც მიემართება "ქმედებებს, რომლებიც აღიქმება საქართველოს სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზირებად" და ველი, რომ პოლიტიკური მოტივით დაკავებულები მყისიერად გათავისუფლდებიან", - წერს სენატორი რიში.

განცხადებაში სენატორი რიში ასევე წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ელოდება საქართელოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შემოდგომაზე. 

"მე მოხარული ვარ იმ შეთანხმებით, რომელსაც ქართული პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარემ მიაღწია და ველი მის სრულ აღსრულებას მომავალი კვირების და თვეების განმავლობაში. წლის დასაწყისში, მე და ჩემმა კოლეგა სენატორმა შაჰინმა პრემიერმინისტრ გახარიას მივწერეთ და გავუზიარეთ უკანასკნელი მოვლენებით გამოწვეული ჩვენი წუხილები და ვურჩიეთ, რომ საქართველოს მთავრობას ბოლო მოეღო დემოკრატიის უკუსვლისთვის.

სიამოვნებით ვამბობ, რომ ეს შეთანხმება არის წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის აღდგენისა და კარგი მმართველობისკენ საქართველოში. რადგან საქართველო ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის, აუცილებელია, რომ შეთანხმებული ცვლილებები სწრაფად განხორციელდეს და ყველა მხარისგან მიღებული იყოს", - წერს სენატორი რიში.

სენატორი შაჰინის თქმით, დადებული შეთანხმება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისთვის.

"მსურს ვნახო საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი საარჩევნო სისტემის შესახებ დადებული პირობის აღსრულებისკენ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიისთვის", - წერს სენატორი.

---

ქართულ ოცნებას და ოპოზიციას შორის შეთანხმება 8 მარტს, საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ასეთი პროპორციით უნდა ჩატარდეს: 120 მანდატი პროპორციული სიით უნდა შეივსოს, 30 მანდატი - მაჟორიტარულით. ბარიერი - 1%-იანი იქნება. პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებს მოიპოვებს, პარლამენტში უმრავლესობას ვერ შექმნის, შესაბამისად, ვერც მთავრობას დააკომპლექტებს.

ამასთან, მმართველი გუნდი ვალდებულია, გაათავისუფლოს 20 ივნისიდან ამ დრომდე პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები.

კომენტარები