ტერორიზმი

ლონდონის ხიდზე თავდამსხმელი ტერორისტი ციხიდან ახლად გამოშვებული იყო

ლონდონის ხიდზე ტერორისტული თავდასხმის განმახორციელებელი 28 წლის უსმან ხანი ციხიდან ახლად გამოშვებული იყო, რომელიც 2012 წლიდან ტერორიზმის ბრალდებით იჯდა ციხეში. 2018 წლის დეკემბერში ის ელექტრონული სამაჯურის ტარების პირობით გაათავისუფლეს.

ბრიტანეთის პოლიციამ ხანი ადგილზე მოკლა, რომელსაც ყალბი ე.წ. შაჰიდის ქამარი ეკეთა და ლონდონის ხიდთან სამი ადამიანი დაჭრა. დაიღუპა ქალი და მამაკაცი. პოლიციამ მომხდარს ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაცია მიანიჭა. 

თავდასხმისას რამდენიმე გამვლელმა ტერორისტის შეჩერება სცადა, ის მიწაზე დააგდეს და დანის წართმევა სცადეს. სწორედ ამ დროს ისროლა პოლიციამ. პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა მოქალაქეების გამბედაობა შეაქო და თქვა, რომ ბრიტანელების დაშინებას და დაყოფას ვერასოდეს მოახერხებენ.

დაშავებული 3 პირი ამჟამად საავადმყოფოშია. ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკული, თუმცა სტაბილურია, მეორე სტაბილურადაა, ხოლო მესამე მათგანს ნაკლები დაზიანებები აქვს.

დაღუპულთა ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია. 

მართალია, გამოძიება ჯერ საწყის ეტაპზეა, თუმცა სამართალდამცავები ხანთან ერთად თავდასხმასთან დაკავშირებულ სხვა პირს, ამჟამად, აქტიურად არ ეძებდნენ: 

"თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ სწრაფ გამოძიებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ თავდასხმაში სხვა არავინ იყო ჩართული და საზოგადოებას საფრთხე არ ემუქრება".

"ციხიდან ის 2018 წლის დეკემბერში ლიცენზიის საფუძველზე გამოუშვეს და ახლა ცხადია, რომ გამოძიებისთვის მთავარია გაიგოს, როგორ განახორციელა მან ეს თავდასხმა," - ვკითხულობთ პოლიციის განცხადებაში. 

ლონდონში თავდასხმა პარასკევს, ლონდონის დროით 13:58 საათზე, ლონდონის ხიდის ჩრდილოეთით თევზით მოვაჭრეთა სასახლეში დაიწყო, სადაც კემბრიჯის უნივერსიტეტის პატიმართა რეაბილიტაციის შესახებ კონფერენცია "ერთად სწავლა" იმართებოდა.

თავდამსხმელი სწორედ ამ კონფერენციას ესწრებოდა, სადაც ათეულობით ადამიანი, მათ შორის სტუდენტები და ყოფილი პატიმრები იმყოფებოდნენ.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა, სავარაუდოდ, შენობაში დაიწყო და შემდეგ ლონდონის ხიდამდე გაგრძელდა.

პოლიცია საზოგადოებას მოუწოდებს, რომ თავი აარიდონ თავდასხმის ადგილას გავლას. 

ამჟამინდელი ინფორმაციით, 2010 წელს ხანი და მასთან ერთად ტერორიზმში ბრალდებული 9 პირი ლონდონის საფონდო ბირჟაზე თავდასხმას გეგმავდა. ხელით დაწერილი სიიდან ვიგებთ, რომ მათი სამიზნე ასევე ბორის ჯონსონის ადრინდელი მისამართი, ლონდონში აშშ-ის საელჩოც იყო. ტერორიზმში ბრალდებულები ანტისემიტები და ჰიტლერისადმი კარგად განწყობილი პირები არიან. 

2011 წელს ხანი ტერორიზმში ბრალდებულ ნაზამ ჰუსეინთან და მუჰამედ შაჰჯაჰანთან ერთად გაერთიანებული სამეფოს დატოვებას და ქაშმირში ტერორისტული სასწავლო სკოლის ჩამოყალიბებას "ტერორისტული სამხედრო მომზადების ობიექტის" დაარსებას გეგმავდნენ. ისინი ტერორისტული დაჯგუფების ალ ქაიდას ინგლისურენოვანი ჟურნალებით სარგებლობდნენ. 

ხანი გათავისუფლებას თავიდან არ აპირებდნენ, თუმცა ეს გადაწყვეტილება შემდეგ შეიცვალა.

ლონდონის ხიდზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა 2017 წელსაც, როდესაც სამი პირი მანქანით ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, შემდეგ კი გამვლელებს თავს დაეხსა. მაშინ დაიღუპა 8 და დაშავდა 48 ადამიანი. მაშინ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, თუმცა ბრიტანეთმა მათი განცხადება ეჭვქვეშ დააყენა.

კომენტარები