პროპორციული საარჩევნო სისტემა

დავიბრუნოთ ქვეყანა - რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება

ტაბულა

მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ რუსთაველზე, რათა ქართული ოცნების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება გააპროტესტონ.

მათი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა, რომელიც ე.წ გერმანული მოდელით ჩატარდება და არ საჭიროებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. 


ფოტო: ტაბულა
აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა - პოლიციელებმა თავშეყრის ადგილს ორჯერ განარიდეს ერთი და იგივე ორი პროვოკატორი. მათი თქმით, მიუღებელია, რომ რუსთაველის გამზირი გადაკეტილია და აქციას "ნაციონალები ატარებენ".


ფოტო: ტაბულა

ფოტო: ტაბულა
ქართული ოცნების მიერ პროპორციული არჩევნების შესახებ კანონის ჩაგდებას მოქალაქეები მასშტაბურად ხვალ, 17 ნოემბერს გააპროტესტებენ აქციაზე სახელწოდებით "ყველა მინუს ერთი! ბიძინა უნდა წავიდეს!".

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია დაჯდა საერთო მოლაპარაკების მაგიდასთან და ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდა მატყუარა რეჟიმს. რეჟიმს - ანუ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქართველ ერს თავისუფლებისკენ მიმავალი ყველა გზა მოუჭრას.

პროპორციული არჩევნები ქართველი ხალხის ერთობლივი მონაპოვარია, რისთვისაც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

სწორედ ამიტომ, კვირას, 17 ნოემბერს, 15:00 საათზე გელოდებით პარლამენტის შენობის წინ, იქ სადაც ყოველთვის წყდებოდა საქართველოს ბედი და იწერებოდა ჩვენი ქვეყნის ისტორია
", - წერია აქციის აღწერაში.

საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც 14 ნოემბერს, ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონპროექტს ხმა მხოლოდ 101-მა დეპუტატმა მისცა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კონსტიტუციური გადასინჯვისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ანუ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო.

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების 3 ძირითადი მოთხოვნიდან ერთ-ერთი სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

აქციის მონაწილეები გავრილოვის ღამის გამო გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომასაც ითხოვდნენ, თუმცა, ივანიშვილმა ის პრემიერის პოსტზე დააწინაურა.

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.

კომენტარები