პროპორციული საარჩევნო სისტემა

ჩუგოშვილი ოცნებას: გაფრთხილებდით, რომ პროპორციულის ჩაგდება ნდობას სრულად გაანადგურებდა

parliament.ge

დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა, რომელმაც ქართული ოცნების უმრავლესობა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გამო დატოვა, 10 დეკემბერს პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით ისაუბრა. 

ჩუგოშვილმა ქართულ ოცნებაში დარჩენილ ყოფილ თანაგუნდელებს მიმართა და მათ გაახსენა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც პირველად გაჩნდა იმის ნიშნები, რომ შეიძლებოდა, ეს კანონპროექტი ჩავარდნილიყო, ის და მასთან ერთად პარტიიდან წასული სხვა დეპუტატები, თანაგუნდელებს აფრთხილებდნენ. 

ჩუგოშვილის თქმით, ოცნებიდან გასული დეპუტატები ყოფილ თანაგუნდელებს აფრთხილებდნენ, რომ კანონპროექტის ჩაგდება კალაპოტში ჩამდგარი პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადასროლას და პროცესების უკიდურესად გამწვავებას გამოიწვევდა. 

"გეუბნებოდით, რომ უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება მმართველი გუნდისა და ხელისუფლების მიმართ ნდობის სრულ განადგურებას გამოიწვევდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე განსაკუთრებით ჩენს პარტნიორებთან,"- თქვა ჩუგოშვილმა.

დეპუტატმა ყოფილ თანაგუნდელებს შეახსენა, რომ პარტნიორების მხარდაჭერა და ნდობა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ხელწამოსაკრავი რამ არ არის. 

"თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ჩვენი მოსახლეობა იმ ყველაფერზე, რაც აქ მოხდა,"- თქვა ჩუგოშვილმა. 

დეპუტატის თქმით, შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს საქართველოშია, უსამართლოა. ჩუგოშვილის განმარტებით, ეს სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ მოსახლეობის ნახევარზე ნაკლების მხარდაჭერით პოლიტიკურმა ძალამ აბსოლუტური ძალაუფლება მიიღოს და, შესაბამისად, მისივე განმარტებით, ყველა გადაწყვეტილების უკან, რომელიც ქვეყანაში მიიღება, არ დგას ქვეყნის ნახევარზე მეტი. 

"სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ეს ცვლილება ყოფილიყო მიღებული,"- ამბობს ჩუგოშვილი. 

დეპუტატმა ყოფილ თანაგუნდელებს ისიც შეახსენა, თუ რას ამბობენ მიმდინარე მოვლენებზე ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები და რა იწერება საქართველოს შესახებ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან მედიებში. 

"ალბათ, ყველა ვხვდებით იმას, რომ ამას კითხულობენ ტურისტები, რომლებიც უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში. ამას კითხულობენ ინვესტორები, რომლებსაც თანხები უნდა ჩაედოთ ჩვენს ქვეყანაში და საბოლოო ჯამში, რას უშვრება ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ისედაც გაჭირვებაში ცხოვრობენ, მე მგონი, ძალიან უმძიმებს ცხოვრებას,"- თქვა თამარ ჩუგოშვილმა. 

კომენტარები