პროპორციული საარჩევნო სისტემა

ბურჯანაძე: ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა

ნინო ბურჯანაძის თქმით, პოლიტიკური პარტიების ამოცანაა, შეთანხმდნენ ისეთ სისტემაზე, რომელიც მაქსიმალურად იქნება მიახლოებული პროპორციულ სისტემასთან, რათა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს ხელისუფლების უზურპირების შესაძლებლობა

"ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა, მათ შორის იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც რაღაც იმედები გაუჩნდათ, რომ ოპოზიცია ერთიანი აღარ იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად კარგი დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ქვეყნისა და საერთო საქმისათვის. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ნებისმიერი სისტემა, რომელზეც შევთანხმდებით მაქსიმალურად მეტად იყოს მიახლოებული პროპორციულ სისტემასთან და გამოირიცხოს კრიზისების მექანიზმი.

არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მინიმალური მხარდაჭერის ან 30%-იანი მხარდაჭერის შემთხვევაში, შეძლოს ხელისუფლების უზურპირება. ვისაუბრებთ სხვადასხვა ვარიაციებზე და თუ ოდნავ მაინც უნდა ხელისუფლებას კომპრომისი, ეს მათთვის მისაღები იქნება. ხელისუფლება არც პირველი რაუნდის წინ აპირებდა რამენაირ დათმობაზე წასვლას, მაგრამ შემდეგ შემოგვთავაზა 100/50-ზე, ამიტომ თუ აკვიატებაა, რომ არ დათმოს, ეს მხოლოდ მათთვის იქნება ცუდი", - თქვა "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.

ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ლეიბორისტული პარტიის ოფისში 15:00 საათიდან მიმდინარეობს. ისინი უნდა შეჯერდნენ "კომპრომისულ" ვარიანტზე, რომელსაც მმართველ გუნდს შეხვედრის მე-5 რაუნდზე შესთავაზებენ. როგორც სხვა პარტიების ლიდერები ამბობენ, საუბარია მანდატების განაწილების შემდეგ წესზე - 130 პროპორციული წესით, 20 - მაჟორიტარულით, ან 135 პროპორციულით, 15 - მაჟორიტატრულით. მათივე განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებას ისეთ ვარიანტს არ შესთავაზებს, რომლითაც მანდატები მაჟორიტარული წესით 40 ადგილზე მეტს შეავსებს.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრების მე-4 რაუნდზე, 2019 წლის 20 დეკემბერს ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებას მანდატების 100/50-ზე განაწილების ვარიანტი შესთავაზა, ანუ, მათი ინიციატივით, პარლამენტის 100 მანდატი პროპორციული სიით უნდა შეივსოს, 50 კი - მაჟორიტარული სიით. არსებული სისტემით, 77 მანდატი პროპორციული სიით ივსება, 73 - კი მაჟორიტარული წესით.

ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანულ მოდელსაც სთავაზობს, თუმცა, ხელისუფლება მასზე არაკონსტიტუციურობის მოტივით უარს ამბობს.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების ინიციატივით და მონაწილეობით მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ დანაპირები არ შეასრულა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, რასაც მწვავე საპროტესტო აქციები მოჰყვა.

კომენტარები