პროპორციული საარჩევნო სისტემა

ოხანაშვილი: ოპოზიციას აქვს ვიწრო პარტიული ინტერესი, რაც არ უნდა შევთავაზოთ არ დათანხმდებიან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას გამოეხმაურა, "ოცნებამ" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლის მიზნით პარლამენტს მიმართოს. ოხანაშვილის თქმით, მათი შეთავაზება, 100/50 ფორმულა, მმართველი გუნდის მხრიდან "სწორი ნაბიჯია", ოპოზიცის მხრიდან მასზე არდათანხმება კი აჩვენებს, რომ "სხვა სცენარით ცდილობენ განავითარონ მოვლენები".

"ამ ადამიანებმა უნდა მიიღონ ეს შეთავაზება და დაეთანხმონ ამ პროცესს. ჩვენ 73 მაჟორიტარის ნაცვლად ვთავაზობთ 50 მაჟორიტარს. ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც ვფიქრობთ, სწორია ჩვენი მხრიდან. თუ ეს ადამიანები ამას არ იზიარებენ, გამოდის, რომ აქვთ ვიწრო პოლიტიკური პარტიული ინტერესი. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ მათ რაც არ უნდა შევთავაზოთ მაინც არ დაეთანხმებიან. სხვა სცენარით ცდილობენ განავითარონ მოვლენები",-თქვა ოხანაშვილმა. 

დღეს, 28 იანვარს, NGO-ებმა ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, გაიაზროს პასუხისმგებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაზე. NGO-ები მმართველ გუნდს მიმართავენ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლის მიზნით, კიდევ ერთხელ მიმართოს პარლამენტს შესაბამისი კონსტიტუციური ცვლილებების ინიციატივით. NGO-ების შეფასებით, საზოგადოებისთვის მიცემული პირობის შესრულება ამ სიტუაციაში გამოსავალი იქნება. განცხადებას ხელს 22 ორგანიზაცია აწერს. 

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში განახლდება. შეხვედრები სწორედ ევროკავშირის წარმომადგენლობის და სხვა დასავლელი პარტნიორების ინიციატივით ტარდება.

მოლაპარაკებების ჯერჯერობით ბოლო, მე-4 რაუნდი 20 დეკემბერს გაიმართა, როდესაც მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა, პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად აირჩიონ.

მანდატების მსგავსი გადანაწილება საკონსტიტუციო ცვლილებას საჭიროებს. თუმცა, ე.წ გერმანული მოდელის მიღებაზე უარს ხელისუფლება სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების რესურსის არარსებობის მიზეზით ამბობს.

მოქმედი საარჩევნო სისტემით 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 დეპუტატს კი მაჟორიტარული წესით

კომენტარები