პროპორციული საარჩევნო სისტემა

თალაკვაძე: ჩავთვალეთ, რომ პროპორციული სისტემის შეთავაზებით სიტუაცია განიმუხტებოდა

facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ 24 ივნისს რამდენიმედღიანი მასშტაბური პროტესტის ფონზე პარტიამ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება იმიტომ გასცა, რომ პოლიტიკური კრიზისი იყო შექმნილი და დაპირება სწორედ ამ კრიზისის განსამუხტად გასცეს. 

თალაკვაძის თქმით, ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის "დესტრუქციული ქმედებებით" იყო გამოწვეული. 

"ჩვენ გავაანალიზეთ ეს სიტუაცია, ჩავთვალეთ, რომ სიტუაციის განმუხტვა იყო შესაძლებელი, თუ პროპორციულ სისტემაზე შეთავაზებას გავაკეთებდით და ეს გადაწყვეტილება მიიღო და გამოაცხადა პარტიის თავმჯდომარემ და ჩვენ კიდევ ბოლომდე ამ მომენტში მაინც გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, ეს გამხდარიყო სტაბილურობის, ნორმალური თანამშრომლობის გარანტორი,"- თქვა თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის ძალადობრივად დარბევას პარლამენტთან კიდევ უფრო მეტი ადამიანის მობილიზება მოჰყვა და რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი მასშტაბური აქციების გამო გადაიკეტა. 

აქციას სამი მთავარი მოთხოვნა ჰქონდა, რომელთაგან ერთერთი 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო. 

24 ივნისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ამ მოთხოვნის შესრულების პირობა დადო. მმართველი გუნდის წევრები რამდენიმე თვის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ეს მათი ინიციატივა იყო, 14 ნოემბერს კი "მათივე ინიციატივა" პარლამენტში კენჭისყრის დროს ჩააგდეს, რასაც რუსთაველის გამზირზე პროტესტის განახლება და ოპოზიციური სპექტრის საერთო მოთხოვნებზე შეთანხმება მოჰყვა. 

კომენტარები