აქცია პარლამენტთან

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია 19:00-ზე განახლდება

ტაბულა

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია 19:00-ზე განახლდება. ოპოზიცია შს მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას, ასევე, ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს.

"აქ უკვე აღარც პოლიტიკური პარტიაა მნიშვნელოვანი, აღარც პოლიტიკოსები, ეს არის მოქალაქის დაპირისპირება ე.წ ხელისუფლებასთან, რომელიც რეჟიმად გაფორმდა, წაართვეს კონსტიტუციური უფლებები საქართველოს მოქალაქეებს, არაერთგზის გაუყალბეს არჩევნები და ახლა, ვიღაც ნაძირალა გავრილოვს გადააყოლეს სამოქალაქო სიმშვიდე და ადამიანის უფლებები" - ამბობს ენმ-ის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე.

20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან აქცია რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლის გამო დაიწყო. მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს და ბოთლები ესროლეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, რა დროსაც, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა, კვამლი და სუნი მეტრო თავისუფლების მოედნამდე იგრძნობოდა. სამართალდამცველებმა ისროლეს რეზინის ტყვიებიც, დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი, როგორც ცრემლსადენი გაზით, ისე რეზინის ტყვიებით, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები. გამოიყენეს წყლის ჭავლიც.

კომენტარები